შეიმუშავეს ახალი სისტემა, რომელსაც მზის ენერგიის შენახვა 18 წლის განმავლობაში შეუძლია
შვედეთის ჩალმერსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეიმუშავეს ახალი სისტემა, რომელიც ინახავს მზის ენერგიას თხევადი სახით 18 წლის განმავლობაში.
გუნდმა გამოსცადა თავისი მოწყობილობა, სახელწოდებით მოლეკულური მზის თერმული სისტემა (MOST), თერმოელექტრული გენერატორთან მიერთებით. ამით აჩვენეს, რომ სისტემა აწარმოებს ელექტროენერგიას.
მკვლევრები ამ ტექნოლოგიაზე უკვე ათ წელზე მეტია რაც მუშაობენ. ახლა კი მიაჩნიათ, რომ მათი ნამუშევარი შეიძლება გამოიყენონ დაბალი სიმძლავრის ელექტრო მოწყობილობებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ელექტროენერგიას.
სისტემა შეიქმნა ნახშირბადის, წყალბადის და აზოტის სპეციალურად შემუშავებული მოლეკულების გამოყენებით. როდესაც მათ მზის სხივები ეცემა, მოლეკულაში ატომები გადანაწილდება, რაც ენერგიით მდიდარ იზომერად აქცევს. ეს კი ინახება თხევადი სახით. შთამბეჭდავია, რომ სისტემა ენერგიას ამ სახით 18 წლის განმავლობაში ინახავს.
დახურული სისტემა, რომელიც არ გამოყოფს ნახშირბადს
ჩალმერსის მკვლევრები თანამშრომლობენ ჩინეთის შანხაი ჯიაო ტონგის უნივერსიტეტის მეცნიერებთან, რომლებმაც გამოიყენეს თერმოელექტრული გენერატორი სითბოს ელექტროენერგიად გადაქცევისთვის.
"გენერატორი არის ულტრა თხელი ჩიპი, რომელიც შეიძლება ინტეგრირებული იყოს ელექტრონიკაში, როგორიცაა ყურსასმენები, ჭკვიანი საათები და ტელეფონები. ჯერჯერობით, ჩვენ მხოლოდ მცირე რაოდენობით ელექტროენერგია გამოვიმუშავეთ, მაგრამ ახალი შედეგები აჩვენებს, რომ კონცეფცია ნამდვილად მუშაობს. ეს ძალიან პერსპექტიულად გამოიყურება", — თქვა მკვლევარმა ჟიჰანგ ვანგმა ჩალმერსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან.
კვლევის ლიდერის, ჩალმერსის ქიმიისა და ქიმიური ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორის, კასპერ მოთ-პულსენის თქმით, MOST სისტემა "ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მზის ენერგია ელექტროენერგიის წარმოებისთვის ამინდის, დროის, სეზონის ან გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად. ეს არის დახურული სისტემა, რომელსაც შეუძლია იმუშაოს ნახშირორჟანგის გამოყოფის გარეშე".
კომენტარები