Google-მა რუსეთის პარლამენტის YouTube არხი დაბლოკა
Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Google-მა YouTube-ზე რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, დუმის კუთვნილი ტელეარხი დაბლოკა. კომპანიის განცხადებით, ამის მიზეზი პლატფორმის წესების დარღვევა იყო.
"თუ ვხედავთ, რომ ანგარიში მომსახურების პირობებს არღვევს, შესაბამის ზომებს დაუყოვნებლივ ვიღებთ. ჩვენი გუნდები ნებისმიერ სიახლესა და ცვლილებას მუდმივად აკვირდებიან", — ამბობს Google-ის წარმომადგენელი.
კომპანიაში იმასაც აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებულ სანქციებს ემხრობიან.
დუმის ტელეარხის დაბლოკვამ რუსეთში ოფიციალური პირების უკმაყოფილება გამოიწვია. მაგალითად, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ამ ნაბიჯით YouTube-მა საკუთარ თავს განაჩენი თავადვე გამოუტანა.
რუსეთის მასმედიისა და ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ Google-ს დუმის ანგარიშზე წვდომის აღდგენა მოსთხოვა.
"ამერიკული IT კომპანია ინფორმაციული ომის ფარგლებში დასავლეთის მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებულ, მკვეთრად გამოხატულ ანტირუსულ პოზიციას უერთდება", — აცხადებენ სააგენტოში.
შეგახსენებთ, რომ Google ამგვარი გადაწყვეტილებით სხვა ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების კვალს მიჰყვება, რომლებმაც რუსეთს შეზღუდვები დაუწესეს. მათ შორისაა Twitter, Facebook, Instagram და სხვა.
კომენტარები