რა არის ჟამევუ? — დეჟავუს "ბოროტი ტყუპისცალი"
დეჟავუს შესახებ, ალბათ ყველას გვსმენია და ცხოვრებაში ერთხელ მაინც განგვიცდია. ეს გახლავთ უჩვეულო მდგომარეობა, როცა გგონიათ, რომ კონკრეტულ სიტუაციაში ადრეც ყოფილხართ. თავად სიტყვა ფრანგულად უკვე ნანახს ნიშნავს და მის მნიშვნელობას საკმაოდ ცხადად წარმოაჩენს.
ბევრმა არ იცის, რომ არსებობს დეჟავუს საპირისპირო ფენომენიც, რომელსაც ჟამევუს უწოდებენ. ის არასდროს ნანახს ნიშნავს. ამ დროს ადამიანს ბევრჯერ განცდილი ან ნანახი სრულიად ახლად და უცნობად ეჩვენება.
ჩვეულებრივ, ჩვენ გარესამყაროს ობიექტურ და სუბიექტურ დონეზე ერთნაირად აღვიქვამთ, თუმცა ზოგჯერ ისინი ერთმანეთს არ ემთხვევა. მაგალითად, როცა დადებით სუბიექტურ აღქმას უარყოფითი ობიექტური აღქმა უპირისპირდება, დეჟავუ გვემართება, ანუ ვგრძნობთ იმას, რაც რეალურად არ მომხდარა.
ჟამევუს შემთხვევაში, ყველაფერი პირიქითაა — უარყოფითი სუბიექტური აღქმა დადებით ობიექტურ აღქმასთან მოდის დისონანსში. ამ დროს შესაძლოა, საკუთარ სახლში შეაბიჯოთ, სადაც მრავალი წელი გაქვთ გატარებული და გარემო ვერ იცნოთ, თითქოს იქ პირველად ხართ. იგივე შეიძლება დაგემართოთ ისეთ ადამიანებთან შეხვედრისასაც, რომლებთანაც ხანგრძლივი მეგობრობა გაკავშირებთ.
საინტერესოა, რომ ჟამევუს მდგომარეობის გამოწვევა ხელოვნურადაც მარტივია. მაგალითად, გაიმეორეთ ან დაწერეთ კონკრეტული სიტყვა ბევრჯერ, იქამდე, სანამ ის მნიშვნელობას არ დაკარგავს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დროებითი გაურკვევლობის შეგრძნებაა და მალე გაივლის.
მეცნიერებს ამ ფენომენის შესასწავლად კვლევაც აქვთ ჩატარებული, რომლის ფარგლებშიც ცდისპირებს ჟამევუ ერთი და იმავე სიტყვის დაახლოებით 30-ჯერ, ანუ 1 წუთის განმავლობაში გამეორების შემდეგ დაემართათ. სპეციალისტებმა დაადგინეს ისიც, რომ ამის დიდი შანსი აქვთ ადამიანებს, რომლებმაც დეჟავუ ცოტა ხნით ადრე განიცადეს.
კომენტარები