Twitter ადასტურებს, რომ რედაქტირების ღილაკის გამოცდას გეგმავს
Twitter-ის მიერ საკუთარ პლატფორმაზე გავრცელებული განცხადების თანახმად, ის რედაქტირების ფუნქციის გამოცდას გეგმავს, რაზეც უკვე 1 წელია, მუშაობს. კომპანიას დეტალები არ გაუსაჯაროებია, თუმცა საზოგადოებას აჩვენა, დაახლოებით როგორი იქნება შესწორების ღილაკი.
Twitter ახლახან გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ სატესტო ვერსია მომდევნო თვეებში ჩაეშვება და მისით სარგებლობას პირველ ეტაპზე მხოლოდ Twitter Blue-ს გამომწერები შეძლებენ.
კომპანია აღნიშნავს იმასაც, რომ ეს იდეა ილონ მასკის მიერ Twitter-ზე რედაქტირების ღილაკის დამატების შესახებ წამოწყებული გამოკითხვიდან არ აუღია. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში უმდიდრესმა ადამიანმა ცოტა ხნის წინ Twitter-ის 9.2 პროცენტი შეიძინა.
მნიშვნელოვანია, რომ ამ სერვისის მომხმარებლები ზემოხსენებულ ფუნქციას უკვე დიდი ხანია, ითხოვენ. ამის მიუხედავად, პლატფორმის წარმომადგენლებს მის საბოლოო დანერგვამდე სურთ დარწმუნდნენ, რომ არასწორი გამოყენების საფრთხის რისკი არ იარსებებს. მათი თქმით, ეს Twitter-ზე ერთგვარი საჯარო დიალოგის, როგორც ოფიციალური და სანდო "არქივის", ავთენტურობის შენარჩუნებას ემსახურება.
კომენტარები