რას აქვს უნივერსალურად სასიამოვნო სუნი? — ახალი კვლევა ამ კითხვაზე პასუხს გვცემს
მეცნიერთა საერთაშორისო გუნდის მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს ერთნაირი სუნი მიაჩნიათ "სასიამოვნოდ" და "უსიამოვნოდ", მიუხედავად იმისა, თუ რომელ კულტურას მიეკუთვნებიან.
სპეციალისტთა ექსპერიმენტში მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მცხოვრები 235 ცდისპირი ჩაერთო. მათ შორის ისეთი ადამიანებიც, რომლებისთვისაც, გარემო პირობების გათვალისწინებით, სხვა კულტურებისთვის დამახასიათებელი სუნის მრავალფეროვნება არ იყო ცნობილი.
"გვსურდა, დაგვედგინა, რამდენად აქვს ხალხს გლობალურად სუნის ერთნაირი აღქმა და რამდენად მოსწონთ ერთი და იგივე არომატი, თუ ეს კულტურაზეა დამოკიდებული," — აცხადებენ ავტორები.
კვლევაში მონაწილეებს ესა თუ ის სუნი უნდა შეეფასებინათ, ნაცნობიც და უცნობიც, ანუ ისეთი, რომელიც მათი გამოცდილების მიღმა იყო. აღმოჩნდა, რომ უნივერსალურად სასიამოვნო სუნი ვანილს აქვს, რომელსაც სანელებლების დედოფლადაც კი მოიხსენიებენ. ყველაზე ცუდი არომატის მქონედ კი იზოვალერიანის მჟავა დასახელდა, რომელიც ფეხის ოფლის სუნთან ასოცირდება.
მეცნიერები ამბობენ, რომ თითოეულ კულტურულ ჯგუფში აზრთა სხვაობა, რა თქმა უნდა, არსებობს. ეს 41 პროცენტით ნივთიერებათა მოლეკულური სტრუქტურითაა განპირობებული, 54 პროცენტით კი ინდივიდუალური "გემოვნებით", რასაც შესაძლოა, გენეტიკური საფუძვლებიც ჰქონდეს.
გამოცემაში Current Biology გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები მომდევნო ეტაპზე გეგმავენ შეისწავლონ, თუ რა გავლენა აქვს სუნს ტვინზე.
კომენტარები