Apple Pay რუსეთს სერვისის გამოყენების ბოლო შანსსაც უკლავს — MIR-ით გადახდები ჩერდება
Apple Pay რუსეთის მოსახლეობას სერვისის გამოყენების საბოლოო შანსსაც მოუკლავს. Apple-მა Apple Pay-ს მუშაობის შეყვეტის გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთანავე მიიღო, თუმცა სისტემაში დარჩა ერთი ხვრელი. რუსებს Apple Pay-ს გამოყენება სამამულო MIR-ის საგადახდო ბარათებით მაინც შეეძლოთ.
"Apple-მა NSPK-ს (რუსეთის საგადახდო ბარათების ნაციონალური სისტემა) შეატყობინა, რომ MIR-ის ბარათებს Apple Pay-ში მხარდაჭერა შეუწყდება. 24 მარტიდან Apple Pay-ში MIR-ის ახალი ბარათების დამატება შეუძლებელი იქნება, ხოლო იმ ბარათებით სარგებლობა, რომლებიც სისტემაში აქამდე დაემატა, რამდენიმე დღეში შეიზღუდება", — ვკითხულობთ MIR-ის ოფიციალურ საიტზე.
ცნობისთვის, Apple Pay-იმ MIR-ის ბარათების მხარდაჭერა რუსეთში შარშან გააქტიურა.
MIR ოფიციალურად რუსეთის ცენტრალურ ბანკს ეკუთვნის. სისტემის შემუშავება ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, სწორედ მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში პირველად შეიჭრა და ყირიმი მიითვისა. რუსეთს სანქციები მაშინაც დაუწესდა და ქვეყანამ მათზე თავის ასარიდებლად თადარიგის დაჭერა დაიწყო. რუსეთის ცენტრალური ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში გაცემული ახალი ბარათების 32 პროცენტს MIR-ის ბარათები შადგენს.
Wall Street Journal აღნიშნავს, რომ MIR-ის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას Google-იც გეგმავს. გუგლმა გასული წლის ოქტომბერში რუსეთში საპილოტე პროგრამა გაუშვა, რომელიც მომხმრებლებს საშუალებას აძლევდა, გამოეყენებინათ MIR-ის საკრედიტო ბარათები Google Pay-ს გავლით.
შეგახსენებთ, რომ რუსეთს სანქციები უკრაინაში სრულმაშტაბიანი ომის დაწყების გამო დაუწესდა. სანქციები დაედო რუსეთის უმსხვილეს ბანკებს — VTB Group-ს, Sovcombank-ს, Novikombank-ს, Promsvyazbank-სა და Otkritie FC Bank-ს. რუსეთში მუშაობა შეწყვიტეს Visa-მ და MasterCard-მაც, შესაბამისად მათი ბარათების გამოყენება ქვეყანაში შეუძლებელი გახდა.
ასევე ნახეთ — ტექნოლოგიური გიგანტების სანქციები რუსეთს — ყველა, ვინც პუტინის რეჟიმს განუდგა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები