ტექნოლოგიური გიგანტების სანქციები რუსეთს — ყველა, ვინც პუტინის რეჟიმს განუდგა
ამ სტატიაში გავაერთიანეთ ყველა ის დიდი ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ გარკვეული ნაბიჯები გადადგა. მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და დღემდე აქტიურად აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას. ამ ყველაფერს განვითარებული სამყარო განუდგა და ვლადიმერ პუტინის დასასჯელად, სახელმწიფოებს, რომლებმაც რუსეთს სანქციები დაუწესეს, გიგანტური ტექნოლოგიური კომპანიებიც შეუერთდნენ. რუსეთის აგრესიას სილიკონ ველისა და მთლიანად დედამიწის ათობით კომპანია დაუპირისპირდა. მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
რუსეთი ნელ-ნელა ემშვიდობება სმარტფონების, ავტომობილების, სხვა ციფრული პროდუქტებისა და თუ სერვისების გამოყენების შესაძლებლობას. ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის უდიდესი დარტყმაა, რასაც გაბრაზებული და თითქმის ყველა გლობალურ პროდუქტს მოწყვეტილი მოსახლეობაც ემატება.
ტექნიკის, ჩიპებისა თუ ციფრული სერვისების გარეშე
- Apple — ეფლმა რუსეთში ყველა სახის ტექნიკის გაყიდვა შეწყვიტა. კომპანიამ ეს გადწყვეტილება 1-ელ მარტს მიიღო. მანამდე ტექნოლოგიურმა გიგანტმა რუსეთს Apple Pay-ს გამოყენება შეუზღუდა და App Store-დან რუსული სახელმწიფო მედიები RT და Sputnik-ის აპლიკაციები ამოიღო. ასევე, უკრაინელების უსაფრთხოებისთვის Apple-მა Apple Maps-ში გზების გადატვირთვის ლაივ რეჟიმში ჩვენება შეწყვიტა;
- Google — Google-მა რუსეთს ფაქტობრივად რეკლამის განთავსების ადგილი აღარ დაუტოვა. კომპანიამ მონეტიზაცია შეუწყვიტა ყველა რუსულ მედიას, რომელიც სახელმწიფოს ზეგავლენის ქვეშ მუშაობს. რუსულ მედია საშუალებებს სრულად შეეზღუდათ გუგლის სერვისებში, მაგალითად Gmail-ზე რეკლამების შესყიდვისა და განთავსების უფლებაც. ასევე Google-მა სანქცირებული ბანკების კლიენტებს Google Pay-იც გაუთიშა. მეტიც, Google უკრაინის მთავრობასთან აქტიურად თანამშრომლობს, რათა ნებისმიერმა უკრაინაში მყოფმა ადამიანმა, სმარტფონის მეშვეობით, მოსალოდნელ საჰაერო თავდასხმამდე გაფრთხილება წინასწარ მიიღოს;
- Meta — Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის მფლობელმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა RT და Sputnik ევროკავშირის მასშტაბით დაბლოკა. ამავდროულად, მეტამ რუსულ მედია საშუალებებს მონეტიზაციაც შეუწყვიტა და რეკლამების განთავსებაც აუკრძალა;
- Microsoft — ტექნოლოგიურმა გიგანტმა რუსულ მედია საშუალებებს ჯერ ყველანირი აპლიკაცია წაუშალა თავისი ციფრული მარკეტიდან, შემდგომ კი სრულად შეაჩერა ყველანაირი ტექნიკის გაყიდვა რუსეთში. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსები Xbox-ების გარეშეც რჩებიან;
- YouTube — YouTube-მა რუსულ სახელმწიფო მედია საშუალებებს სრულად შეუზღუდა რეკლამებითა და ნახვებით ფულის გამომუშავების საშუალება;
- Twitter — ტვიტერმა რუსეთს რეკლამების განთავსების უფლება 26 თებერვალს შეუწყვიტა. იმავე დღეს რუსეთის ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ Twitter ქვეყნიდან სრულად დაბლოკა;
- TikTok — გარდა იმისა, რომ გიგანტური კომპანიები რუსეთს თავისი ნებით ტოვებენ, ზოგ მათგანს ქვეყანაში, ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებული ახალი კანონის გამოც მოუწია საქმიანობის შეჩერება. თუ თქვენ რუსეთში "სამხედრო სპეცოპერაციის შესახებ ცრუ ინფორმაციას" გაავრცელებთ, მაშინ თავისუფლების15 წლით აღკვეთა გემუქრებათ. სწორედ ამიტომ, TikTok-მა რუსეთიდან ლაივების გაშვებისა და ზოგადად კონტენტის ატვირთვის შესაძლებლობა გააქრო. ამასთანავე, TikTok-მაც დაბლოკა რუსეთის მთავრობის დაქვემდებარების ქვეშ მყოფი სახელმწიფო ტელევიზიები, RT და Sputnik;
- Netflix — Netflix-მა რუსეთი სრულად მიატოვა, პლატფორმის გამოყენება ქვეყნიდან შეუძლებელია;
- MIT — მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა, რუსეთის სკოლკოვოს სამეცნიერო ინსტიტუტთან ყველანაირი თანამშრომლობა შეწყვიტა;
- IBM — 7 მარტს IBM-მა გამოაცხადა, რომ ის რუსეთში ყველანაირ ბიზნეს საქმიანობას წყვეტს. ასევე, IBM-მა თანამშრომლებს მოუწოდა, გაიღონ დონაციები წითელი ჯვრისთვის;
- TSMC — ჩიპების ყველაზე დიდმა ტაივანურმა მწარმოებელმა რუსეთში ყველანაირი გაყიდვები შეაჩერა. მათ შორის, "ადგილობრივი წარმოების" Elbrus ჩიპების მიწოდებაც;
- Intel — ასევე, ჩიპების მწარმოებელმა ამერიკულმა გიგანტმა რუსეთში გაყიდვები სრულად შეაჩერა;
- AMD — AMD-იმაც იგივე ნაბიჯი გადადგა და რუსეთში თავისი პროდუქციის გაყიდვა შეაჩერა. უნდა ითქვას, რომ Intel-ის და AMD-ის პროცესორების გარეშე პერსონალური კომპიუტერები და ლეპტოპები ფაქტობრივად არ იწარმოება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსებს ამ ყველაფერზე დამშვიდობება მოუწევთ;
- Nvidia — Nvidia ინტელსა და AMD-ის შეუერთდა და რუსეთში პროდუქციის გაყიდვა შეაჩერა, ანუ გარდა პროცესორებისა, რუსები ვეღარც ვიდეო ბარათების შეძენას შეძლებენ;
- Samsung — სამხრეთკორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა რუსეთში მოღვაწეობა შეწყვიტა. რუსები ვერც ახალ სმარტფონებს იყიდიან და ვერც იმ სხვა ტექნიკას, რასაც სამსუნგი აწარმოებს;
- Siemens — ტექნოლოგიური კონგლომერატი სანქციებს შეუერთდა და რუსეთში საკუთარი ნაწარმის შეტანა აკრძალა;
- HP — HP რუსეთის ბაზარზე მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო. სწორედ HP ყიდდა აქ ყველაზე მეტ პერსონალურ კომპიუტერსა თუ ლეპტოპს. კომპანიამ რუსეთში გაყიდვები სრულად შეაჩერა;
- Dell — კომპიუტერული ტექნიკისა და მეტწილად ლეპტოპების გაყიდვით სახელგანთქმულმა კომპანიამ რუსეთში ტექნიკის გაყიდვები შეაჩერა;
- Uber — უბერი რუსეთში იანდექსთან თანამშრომლობდა და კომპანიამ მათგან დისტანცირება გადაწყვიტა;
- Bolt — ბოლტმა თავისი საქმიანობა ბელარუსში შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც ბელარუსმა რუსეთის უკრაინაში შეჭრას მხარი დაუჭირა;
- Snapchat — სნეპჩეთმა განაცხადა, რომ რუსეთიდან და ბელარუსიდან მათ პლატფორმაზე რეკლამებს ვეღარავინ განათავსებს;
- Viber — იაპონური Rakuten Group-ის მფლობელობაშ მყოფმა ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარუმა სამესიჯო აპლიკაციამ რუსებს პლატფორმაზე რეკლამების განთავსება აუკრძალა;
- Roku — როკუ ტელევიზორებისთვის სტრიმინგ ბოქსებს ამზადებს, მათი განცხადებით ისინი მთელი ევროპის მასშტაბით დაბლოკავენ რუსულ სახელმწიფო ტელევიზიებს;
- Nokia — რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებს ლეგენდარული ფინური კომპანია, ნოკიაც შეუერთდა და პროდუქტების გაყიდვები შეაჩერა;
- Ericsson — ნოკიას გზას დაადგა შვედური ერიქსონიც და თავისი პროდუქტების რუსეთისთვის მიწოდება შეზღუდა;
- PayPal — ფეიფალის გადაწყვეტილებით რუსები მათ პლატფორმაზე რეგისტრაციაას ვეღარ შეძლებენ. ამასთანავე, PayPal-მა რამდენიმე რუსული ბანკიც დაბლოკა, მათ სიაში რუსი ოლიგარქებიც მოყვნენ;
- GoDaddy — გოუდედი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოსტინგ სერვისია. მათი გადაწყვეტილებით .ru დომეინების აღებას რუსები ვეღარ შეძლებენ;
- Spotify — Spotify-იმ რუსეთში ყველა ოფისი დაკეტა, პლატფორმიდან რუსული მედია საშუალებები გააქრო და ფაქტობრივად, ქვეყნიდან სრულად გავიდა;
- Oracle — ერთ-ერთმა უდიდესმა ღრუბლოვანმა სერვისმა, უკრაინის ვიცე-პრემიერისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის თხოვნა შეისმინა და ომის დასრულებამდე რუსეთში ყველანაირი ბიზნეს საქმიანობა შეაჩერა;
- SAP — გერმანული სოფთვეარ კომპანია სანქციებს შეუერთდა და რუსეთისთვის პროდუქციის მიწოდება შეწყვიტა;
- DuckDuckGo — DuckDuckGo უსაფრთხოებაზე ორიენტირებული საძიებო სისტემაა. მან Yandex-ის საძიებო სისტემასთან თანამშრომლობა შეწყვიტა;
- Reddit — რუსეთს რედიტიც განუდგა და პლატფორმაზე ნებისმიერი სახის რუსული ლინკის გაზიარება აიკრძალა;
- Airbnb — Airbnb-იმ რუსეთსა და ბელარუსში ყველანაირი საქმიანობა შეწყვიტა.
-
Adobe — ადობემ რუსეთში ყველა თავისი სერვისი შეაჩერა. ასევე, რუსულ მედია საშუალებებს Adobe Creative Cloud-ზე, Adobe Document Cloud-სა და Adobe Experience Cloud-ზე წვდომაც შეეზღუდათ.
-
Coursera — coursera საგანმანათლებლო პროექტია და ის უამრავ კურსს აერთიანებს. კომპანიამ რუსულ უნივერსიტეტებთან და ზოგადად პარტნიორებთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა;
-
Namecheap — რუსეთი კიდევ ერთმა ჰოსტინგ პროვაიდერმა დატოვა. ნეიმჩიპმა მიზეზად რუსეთი სამხედრო დანაშაულები დაასახელა;
-
DirecTV — roku-ს მსგავსად, რუსული ტელეარხების მაუწყებლობა შეაჩერა DirecTV-მაც;
თამაშებისა და სათამაშო კონსოლების გარეშე
რუსებს გეიმინგ კომპანიებიც განუდგნენ და მათი ჩამონათვალი საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება — (38) EA, (39) Nintendo, (40) Activision, (41) CD Projekt Red, (42) Rockstar Games, (43) Epic Games, (44) Ubisoft, (45) Take-Two. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსები ვერც GTA-ს ითამაშებენ, ვერც Call Of Duty-ის ან Cyberpunk 2077-ს.
46. Sony — რუსეთში გაყიდვები სონიმაც შეწყვიტა. გამოდის, რომ რუსები არა მხოლოდ თამაშების, არამედ სათამაშო კონსოლების გარეშეც რჩებიან. ზემოთ უკვე ვახსენეთ Microsoft-ის გასვლა რუსული ბაზრიდან, რაც რუს გეიმერებს Xbox-ის გარეშეც ტოვებს.
საერთაშორისო საბანკო სერვისების გარეშე
47. Visa და MasterCard — Visa-მ და MasterCard-მა 5 მარტს გამოაცხადეს, რომ მათი ბარათები რუსეთში აღარ იმუშავებდა. ასევე, რუსული ბანკების მიერ გაცემულ ბარათებს რუსები ვერც სხვა ქვეყნებში გამოიყენებენ;
48. American Express — ვიზასა და მასტერ ქარდს რამდენიმე დღეში ამერიკან ექსპრესიც შეუერთდა და რუსეთის მოსახლეობა ახლა ვერც მათი ბარათების გამოყენებას ახერხებს;
ენერგეტიკის სფერო ინვესტორების გარეშე
49. BP Plc — რუსეთს კარგი დღეები ნამდვილად არ უდგას. ქვეყანაში საკუთარი გაზითა და ნავთობის ყოველთვის ამაყობდნენ თუმცა ამ პროდუქტებს რეალიზაცია სჭირდება. ყველაზე დიდი უცხოური ინვესტორი, BP, რომელიც რუსეთის მხრიდან კონტროლირებადი Rosneft-ის 20%-ს ფლობდა, ქვეყნიდან გავიდა. BP-ის ეს გადაწყვეტილება Rosneft-ს 25 მილიარდი დოლარით დააზარალებს და ამასთანავე, მათი წარმოება გლობალური მასშტაბით ერთი მესამედით შემცირდება;
50. Shell — რუსეთი მიატოვა Shell-მაც და სახელმწიფოს კონტროლირებად Gazprom-თან პარტნიორობა გაწყვიტა. ჯამურად Shell-ს რუსეთში 3 მილიარდი დოლარის პროექტები ჰქონდა წამოწყებული, თუმცა ახლა ყველა მათგანი შეჩერდება;
51. Equinor ASA — ნორვეგიის მფლობელობაში მყოფი ენერგეტიკული გიგანტი რუსეთს ტოვებს. ექუინორს რუსეტში ჯამში 1.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჰქონდა განხორციელებული;
ავტომობილების გარეშე
რუსეთს მასიურად ტოვებენ ავტომწარმოებლებიც. მსოფლიოს გიგანტმა კონცერნებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. (52) General Motors Co., (53) Ford, (54) Volkswagen, (55) Toyota, (56) Nissan, (57) Honda, (58) Volvo, (59) BMW, (60) Mercedes-Benz, (61) Harley-Davidson ეს ის ჩამონათვალია, რომელიც დღითი დღე იზრდება. რუსებს ამ ბრენდების ავტომობილებისა თუ მოტოციკლების შეძენა აღარ შეეძლებათ.
როგორც ხედავთ, რუსეთს მთელი განვითარებული მსოფლიო განუდგა. მათი მომავალი ბუნდოვანია და უცნობია, შეძლებს თუ არა ოდესმე ქვეყანა ეკონომიკური კატასტროფიდან ამოსვლას. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ბრენდების უკან რუსეთში ათასობით და ათიათასობით თანამშრომელი იდგა. ახლა ისინი უსამსახუროდ დარჩნენ.
მოსალოდნელია, რომ დასავლეთი რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებს კიდევ უფრო გაამკაცრებს და ქვეყანა, ფაქტობრივად, რამდენიმე საუკუნით უკან დაიხევს. ტექნოლოგიური კომპანიების ასეთი გადინება კატასტროფაა როგორც ქვეყნის განვითარების კუთხით, ასევე ტვინების გადინების მხრივაც. თუ არცერთი მაღალტექნოლოგიური კომპანია რუსეთში აღარ დარჩება, იმ ადამიანებს, ვინც ამ ინდუსტრიებში მოღვაწეობენ, ქვეყნის დატოვება მოუწევთ.
როგორც უკვე ვთქვით, იმ კომპანიების სია, რომლებიც რუსეთს ტოვებენ, ყოველდღიურად იზრდება, შესაბამისად განახლდება ეს სტატიაც. ამიტომ გვადევნეთ თვალი და არ გამოგრჩეთ, ვინ იქნება შემდეგი.
კომენტარები