SpaceX რუსეთს ანაცვლებს და კონკურენტ კომპანიას კოსმოსში თავად გაიყვანს
ლონდონში დაფუძნებული სატელიტების კომპანია OneWeb ფრენებს აახლებს და ახლა მას მისი კონკურენტი SpaceX-ის რაკეტები გაიყვანენ კოსმოსში.
აღსანიშნავია, რომ ეს ორივე კომპანია მუშაობს კოსმოსური თანამგზავრების შესაქმნელად, რათა უზრუნველყონ მასშტაბური ინტერნეტი. თუმცა, მაშინ როცა SpaceX-ს შეუძლია თავისი Starlink-ის სისტემის გაგზავნა საკუთარი რაკეტების გამოყენებით, OneWeb გამშვების გარეშე დარჩა. ამის მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრაა, რის გამოც OneWeb-მა რუსული Soyuz-ის რაკეტების გამოყენებაზე უარი თქვა.
OneWeb-მა ახლა კონტრაქტი თავის კონკურენტთან, SpaceX-თან გააფორმა. სავარაუდოა, რომ პირველი საერთო მისია წლის ბოლოს განხორციელდება.
"მადლობას ვუხდით SpaceX-ს მხარდაჭერისთვის, რომელიც ასახავს ჩვენს საერთო ხედვას კოსმოსის უსაზღვრო პოტენციალის შესახებ. ამ ახალი გეგმების გათვალისწინებით, ჩვენ მიზანს კიდევ უფრო ვუახლოვდებით და მალე გვექნება ინტერნეტი, რომელსაც მთელს მსოფლიოს მივაწვდით", — თქვა OneWeb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნილ მასტერსონმა განცხადებაში.
ცნობისთვის, SpaceX-ს უკვე 2000-ზე მეტი თანამგზავრი აქვს ორბიტაზე გაშვებული, თუმცა ის OneWeb-ისგან იმითაც განსხვავდება, რომ ეს უკანასკნელი სატელიტებს ბევრად უფრო დაბალ ორბიტაზე ათავსებს. ამასთან, მაშინ როდესაც SpaceX ინტერნეტ კავშირს პირდაპირ მომხმარებლის ტერმინალს აწვდის, OneWeb ორიენტირებულია სატელეფონო კავშირების მომარაგებაზე. ეს პარტნიორები კი შემდეგ შესთავაზებენ OneWeb-ის სისტემას მომხმარებლებს, როგორც ინტერნეტს.
ასევე: რუსეთის კოსმოსური სააგენტო სტრატეგიას ცვლის და ახლა დახმარებას NASA-ს სთხოვს
OneWeb ერთდროულად 34-36 თანამგზავრს უშვებდა სოიუზის რაკეტებით და ის ასეთ რაკეტებზე იყო მორგებული. ახლა ამ სისტემის გადაწყობა იქნება საჭირო და მისი Falcon-ისთვის მორგება. SpaceX-თან კონტრაქტის გაფორმება და Falcon-ის სატრანსპორტო საშუალების გამოყენება მართლაც ერთადერთი ვარიანტი იყო OneWeb-ისთვის.
კომენტარები