აღმოჩნდა, რომ ალკოჰოლიზმის სამკურნალო მედიკამენტი მხედველობის პრობლემებსაც შველის
აშშ-ის ქალაქ ბერკლიში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მედიკამენტი, რომელიც აქამდე ალკოჰოლზე დამოკიდებულების სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენებოდა, მხედველობის პრობლემებსაც შველის.
მათ მიერ თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატს მემკვიდრეობითი დაავადების, პიგმენტური რეტინიტისა და, სავარაუდოდ, სხვა მსგავსი დარღვევების მქონე ინდივიდებში მხედველობის გაუმჯობესება შეუძლია.
საუბარია დისულფირამზე, რომელიც Antabuse-ის სახელით იწარმოება. ის ალკოჰოლის დაშლაში მონაწილე კონკრეტულ ფერმენტს აუვნებლებს. ასევე, იგივე გავლენა აქვს რეტინული მჟავის შემადგენელ ცილებზეც. იმ თაგვების ორგანიზმში, რომლებმაც აღნიშნული მედიკამენტი მიიღეს, რეტინული მჟავის წარმოქმნის პროცესი საგრძნობლად შეფერხდა, მათ შორის თითქმის უსინათლო ცდისპირებშიც. შედეგად, მღრღნელებმა კომპიუტერის ეკრანზე ნაჩვენები გამოსახულებები უკეთ დააფიქსირეს.
გამოცემაში Science Advances გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორების თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ პრეპარატის გამოყენება FDA-ს მიერ უკვე დაშვებულია, მომავალში ნაკლები რეგულაციური სირთულე შეიქმნება. მათი აზრით, მკურნალობის ამ მეთოდს ადამიანთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შეუძლია. აღსანიშნავია, რომ შედეგი მხოლოდ დროებითია, მაგრამ ამჟამად უკეთესი თერაპია არ არსებობს.
ისინი გეგმავენ, რომ, ოფთალმოლოგებთან თანამშრომლობით, მომდევნო კვლევაში ადამიანები ჩართონ, რომლებსაც თვალის ბადურას დეგენერაცია აწუხებთ. ბოლოს, უნდა ითქვას ისიც, რომ დისულფირამის მიღებასთან ერთად ალკოჰოლის მოხმარება მწვავე უკუჩვენებებს იწვევს, რაც უთუოდ გასათვალისწინებელია.
კომენტარები