პუტინმა ომისა და საკუთარი ქმედებების გამართლება წმინდა წერილის ციტატით სცადა
18 მარტს კრემლმა მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე მასშტაბური კონცერტი გამართა, რომლის მიზანი უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდაჭერაა. თუმცა, თავად კრემლი ამას დღესასწაულს ეძახის და იმ დღეს აღნიშნავს, როცა "ყირიმი და სევასტოპოლი რუსეთს შეუერთდა".
სტადიონზე შეკრებილებს უმღერეს საომარი სიმღერები, მოასმენინეს კრემლის ნარატივი, სხვადასხვა გზით აჩვენეს საომარი სიმბოლო Z (აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კონცერტის სახელშიც კი ეს სიმბოლო განსაკუთრებით გამოყეს და ღონისძიებას "მსოფლიო ნაციზმის გარეშე" უწოდეს). და ბოლოს ვლადიმერ პუტინის გამოსვლის დროც დადგა.
პუტინმა ტრადიციულად უკრაინის ხელისუფლება დაადანაშაულა ფაზიმში და ამტკიცებდა, თითქოს მეზობელ ქვეყანაში ხალხი გენოციდის მსხვერპლი იყო, რუსეთმა კი მათი "გადარჩენა" სცადა. სწორედ ამ დროს, მან თავისი ქმედებების და ომის გასამართლებლად წმინდა წერილის ციტირება სცადა.
"მახსენდება სიტყვები წმინდა წერილიდან: არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული, ვიდრე მეგობრებისთვის საკუთარი სულის დათმობაა" — ამ სიტყვების შემდეგ მან შეისვენა, ტაშს დაელოდა და გააგრძელა:
"ჩვენ ვხედავთ, რა გმირულად მოქმედებენ და იბრძვიან ჩვენი ბიჭები ამ ოპერაციის დროს" — პუტინმა ისევ შეისვენა და დაელოდა ხალხს, რომელმაც რამდენიმე წამში დაიწყო სკანდირება: "ყოჩაღ".
ამის შემდეგ პუტინის საუბარი იმ რიტორიკით გაგრძელდა, რაც არახალია რუსული პროპაგანდისთვის — ერთმორწმუნეობის მითი.
"ეს სიტყვები ქრისტიანობის წმინდა წიგნიდანაა, რომელიც ძვირფასია მათთვის, ვინც ამ რელიგიის აღმსარებელია. მაგრამ ყველაფერი იმაში მდგომარეობს, რომ ეს უნივერსალური ღირებულებაა რუსეთის ყველა ერისა და კონფესიის წარმომადგენლისთვის. სწორედ ჩვენი ერისთვის, პირველ რიგში, სწორედ ჩვენი ერისთვის. ამის საუკეთესო მტკიცებულებაა, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი ბიჭები სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას", — თქვა მან.
პუტინის სიტყვა ჩვეულ რეჟიმში, ჩვეული ნარატივებით მიმდინარეობდა, თუმცა არაჩვეულებრივად შეწყდა. რუსული სახელმწიფო ეთერების მაყურებელმა პირდაპირ ეთერში ნახა, როგორ მოულოდნელად შეცვალა სიმღერამ პრეზიდენტის სიტყვა. კრემლმა ეს ტექნიკური ხარვეზით ახსნა, მოგვიანებით კი მათმა პროპაგანდისტებმა პუტინის სიტყვის სრული ჩანაწერი გაავრცელეს.
კრიტიკული რუსული მედიები კი ავრცელებენ კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ტოვებენ მოქალაქეები კონცერტს პუტინის გამოსვლის შემდეგ. მათივე ინფორმაციით, დამსწრეები კონკრეტულ სიებში ეწერებოდნენ, რის შემდეგაც წასვლას ცდილობდნენ.
კრემლისგან დამოუკიდებელი მედიის ყურადღება არამხოლოდ ამან, არამედ პუტინის ჩაცმულობამაც მიიქცია. როგორც აღმოჩნდა, რუსეთის პრეზიდენტს მილიონ-ნახევარი რუბლის ღირებულების ქურთუკი ეცვა. რუსულ ტელეგრამ არხებზე უკვე განიხილავენ იმას, რომ მაშინ, როცა ქვეყნის ეკონომიკა ნადგურდება და ხალხი საკვების ფულს ეძებს, პრეზიდენტი ასეთი ქურთუკით აქციებზე არ უნდა გამოდიოდეს.
დასასრულს უნდა აღვნიშნოთ, რომ სცენაზე პროპაგანდისტების სიმრავლე არავის გაკვირვებია, მაგრამ რუსეთმა საკუთარ თავსაც აჯობა, როცა მარგარიტა სიმონიანი, მარია ზახაროვა, თინა კანდელაკი და ტიმატი გამოიყვანა.
მოსკოვის მერის მოადგილე ამტკიცებს, რომ ლუჟნიკებზე ადამიანების რეკორდული რაოდენობა შეიკრიბა, იმაზე მეტიც, ვიდრე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე 12 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ჟურნალისტები.
კომენტარები