ბირთვული სინთეზის ახალი რეკორდი დამყარებულია — ასპარეზზე სფერული ტოკამაკი შემოდის
ბრიტანული კომპანიის Tokamak Energy მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ კუთვნილ თერმობირთვული სინთეზის რეაქტორში პლაზმა 100 მილიონ გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე შეინარჩუნეს. ისინი აცხადებენ, რომ ეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებული სფერული ტოკამაკების შედეგებს შორის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მიღწევის წყალობით, სუფთა ენერგიის ამ გზით წარმოებას კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით, რადგან სწორედ ეს გახლავთ ის მინიმალური ზღვარი, რომელიც მსგავსი მოწყობილობის კომერციული ფუნქციონირებისთვისაა საჭირო.
ST40-ად წოდებული სფერული ტოკამაკი ბირთვული სინთეზის გამოსაცდელადაა აგებული. ეს გახლავთ რეაქცია, რომელიც ჩვენს მზესა და სხვა ვარსკვლავებში მიმდინარეობს და დიდძალ ენერგიას წარმოქმნის.
უკვე მრავალი წელია, მეცნიერები ასეთი პროცესების პროვოცირებას ცდილობენ, რათა პრაქტიკულად ულევი ენერგორესურსი მიიღონ. მათ შორის არიან Tokamak Energy-ში მომუშავე სპეციალისტებიც. ისინი ამბობენ, რომ ზემოხსენებულ შედეგს აქამდე სხვა კერძო თუ სამთავრობო ლაბორატორიებმაც მიაღწიეს/გადააჭარბეს, თუმცა ეს ტრადიციულ (არასფერულ) რეაქტორებში მოხდა. მათ კი ეს ბევრად კომპაქტური მოწყობილობით, მხოლოდ 5 წელში და 70 მილიონი აშშ დოლარზე ნაკლები დანახარჯით შეძლეს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ST40-ში მიმდინარე რეაქციებზე დასაკვირვებლად 25-ზე მეტი თანამედროვე სადიაგნოსტიკო ხელსაწყო გამოიყენეს, მონაცემების ავთენტურობა დაადასტურა ექსპერტების დამოუკიდებელმა საერთაშორისო გუნდმაც.
Tokamak Energy გეგმავს, რომ საკუთარი სფერული ტოკამაკი გააუმჯობესოს და ახალი ტექნოლოგიები დატესტოს. მას ST-HTS ერქმევა და მეცნიერებს მაღალტემპერატურული ზეგამტარი მაგნიტების პოტენციალის გამოვლენაში დაეხმარება. ეს 2020-იანი წლების ფარგლებშია მოსალოდნელი. მის მიხედვით კი ბირთვულ სინთეზზე მომუშავე პირველ საცდელ ელექტროსადგურს ააგებენ, რომელიც ფუნქციონირებას, სავარაუდოდ, 2030-იანი წლების პირველ ნახევარში დაიწყებს.
კომენტარები