მეცნიერებმა გენური თერაპიით თაგვების გაახალგაზრდავება შეძლეს
მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა გენური თერაპიის მეშვეობით თაგვებში დაბერების პროცესი შეანელა, რაც მათი ორგანიზმის შემადგენელი უჯრედების გაახალგაზრდავების გზით შეძლო. ისინი ამას ქსოვილის რეგენერაციასა და სამკურნალო მედიცინაში გარღვევას უწოდებენ.
მნიშვნელოვანია, რომ ცხოველებში რაიმე მოულოდნელი უკუჩვენება არ დაფიქსირებულა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ წარმატებისა და უსაფრთხოების მიუხედავად, იმავე მეთოდის ადამიანზე გამოყენება უახლოეს მომავალში არ იგეგმება. ამისთვის საჭიროა, ჯანმრთელობაზე ზემოხსენებული თერაპიის გავლენა სრულფასოვნად შევისწავლოთ, თანაც გასათვალისწინებელია, რომ მღრღნელებისა და ჩვენი სხეული ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება.
ასაკის მატებასთან ერთად, უჯრედებში დაბერების მკაფიო ნიშნები შეიმჩნევა, რომელთაც ეპიგენეტიკურ მარკერებს უწოდებენ. მათი საწყის მდგომარეობაში დაბრუნება იაპონელი მეცნიერის, ნობელის პრემიის ლაურეატის, სინია იამანაკას მიერ აღმოჩენილი მოლეკულების, "იამანაკას ფაქტორების" საშუალებითაა შესაძლებელი.
ექსპერიმენტში მკვლევრებმა ისინი სხვადასხვა ასაკის თაგვების 3 ჯგუფზე გამოცადეს და მათ ამ მოლეკულების დოზები კონკრეტული ინტერვალით მისცეს. ცხოველთა ჯანმრთელობაზე, ქცევასა და წონაზე ამას უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.
კონტროლ ჯგუფთან შედარებით, მათ კანის ქსოვილის აღდგენის უნარი გაუუმჯობესდათ, შეფერხდა ნაწიბურების ჩამოყალიბების პროცესი, ხოლო სისხლში დაბერების თანმდევი ცვლილებები არ აღინიშნა.
ეს ყველაზე ნათელი იმ მღრღნელებში იყო, რომლებიც 7-10 თვის განმავლობაში მკურნალობდნენ, რაც ადამიანის სიცოცხლის 15 წლის ეკვივალენტურია. თუმცა, როგორც უკვე ვახსენეთ, ჩვენთვის მსგავსი თერაპია სარისკოა, რადგან შეიძლება სიმსივნის განვითარება განაპირობოს. ამის მიუხედავად, ის იმედისმომცემია ისეთი დაავადებების შემთხვევაში, როგორიც ალცჰაიმერია.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები