2024 წლიდან AUDI-ს ავტომობილები 5G ქსელის მხარდაჭერას მიიღებს
Audi-ს ამერიკის წარმომადგენლობა Verizon-თან თანამშრომლობით 2024 წლისთვის ყველა ავტომობილს 5G ქსელის მხარდაჭერით აღჭურვავს. ახალი თაობის კავშირგაბმულობა ნიშნავს უკეთეს სისტემურ წარმადობას, გაუმჯობესებულ ნავიგაციასა და უსწრაფეს ვიდეო თუ მუსიკალურ სტრიმინგს.
თანამედროვე მანქანებში კომპიუტერებს უკვე ძალიან დიდი ადგილი უჭირავს და ძველი ავტომობილებისგან განსხვავებით, მათ სწრაფი და უწყვეტი ინტერნეტკავშირიც სჭირდებათ. ავტომწარმოებლები ახალი ტექნოლოგიების ათვისებაზე აქტიურად მუშაობენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია V2X არის, რაც ნიშნავს, რომ მანქანა გარშემო არსებულ სხვა მოწყობილობებსაც დაუკავშირდება, ეს კი სამომავლოდ გაზრდის უსაფრთხოებას და გააუმჯობესებს მგზავრობის გამოცდილებას. V2X ტექნოლოგიით ავტომობილი მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებასაც შეძლებს, რაც მას საშუალებას მისცემს, განსაზღვროს საცობების ალბათობა და მათი ხანგრძლივობა, აქედან გამომდინარე, ჩვენ შევძლებთ უკეთ დავსახოთ გადასაადგილებელი მარშუტი.
"გაუმჯობესებული კავშირგაბმულობა სამომავლოდ გზას გაუხსნის ისეთ ახალ ტექნოლოგიებს, როგორიცაა გაფართოებული მობილური სერვისები, მართვის უკეთესი და უსაფრთხო ასისტენტი და ავტონომიური მართვის სისტემები", — აცხადებს AUDI.
Audi-სა და Verizon-ის გეგმების მიხედით, 2024 წელს ჩვენ ვიხილავთ აუდის პირველ ავტომობილს, რომელიც 5G Ultra Wideband ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი.
Audi-ს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში ყოველთვის ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებდა. აუდი იყო პირველი ავტომწარმოებელი, რომელმაც მანქანაში ჩამონტაჟებული Wi-Fi და 4G LTE ინტერნეტი წარადგინა. ეს კი 2015 წელს, Audi A3-ში ვიხილეთ.
"ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი კომპანია, ვინც მომავლის კავშირგაბმულობის სისტემებს ავტომობილებში დანერგავს და ამერიკელ მომხმარებელს შესთავაზებს", — ამბობს ფილიპ ბრაბეკი, Audi of America-ს პროდუქტის დაგეგმარების ვიცე პრეზიდენტი.
5G ქსელების მშენებლობა რამდენიმე წელია რაც დაიწყო, თუმცა ინფრასტრუქტურა სწრაფად ვერ ვითარდება. 4G LTE-სთან შედარებით 5G ქსელი იდეალურ პირობებში 100-ჯერ სწრაფია, თუმცა ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო ამ სიჩქარეების მიღწევა მხოლოდ კონკრეტულ ადგილებში, 5G ქსელის გადამცემი ანტენების სიახლოვესაა შესაძლებელი.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები