15 წლის შემდეგ პირველად, Facebook სიახლეების ზოლს გარდაქმნის — რა იცვლება
Meta ფეისბუქის სიახლეების ზოლის — News Feed-ის სახელს ცვლის, მომავალში კი მას უბრალოდ Feed ერქმევა. ინფორმაცია კომპანიის ტვიტიდან გავრცელდა სამშაბათს. აღსანიშნავია, რომ ფუნქციის გამოშვების დღიდან 15 წლის მანძილზე მისი სახელი პირველად იცვლება.
Facebook-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმაა, სიახლეების ზოლი კი მისი მთავარი ინტერფეისია. ფეისბუქის წარმომადგენელს თუ დავუჯერებთ, ეს უბრალოდ სახელის ცვლილებაა, რომელიც იმ მრავალფეროვან შიგთავსს აირეკლავს, რომელსაც ადამიანები ზოლზე ვაწყდებით. ეს მომხმარებლის გამოცდილებაზე მეტ გავლენას არ იქონიებს.
მიუხედავად ამისა, სახელი მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანია, რებრენდინგი კი, როგორც ჩანს, ახალი ამბების მიწოდებასთან დაკავშირებით ფეისბუქის არეულ ურთიერთობას ასახავს. კვლევის მიხედვით, პლატფორმაზე დეზინფორმაციას გაცილებით მეტი ჩართულობა მოსდევს, ვიდრე ფაქტებზე დაფუძნებულ ცნობებს. Meta მომხმარებელთა მთავარ გვერდზე პოლიტიკური შიგთავსის შემცირებაზე მუშაობს, რადგან თავიანთი კვლევით გამოვლინდა ისიც, რომ შესაძლოა, News Feed-ის ალგორითმმა თავად პოლიტიკოსებსაც კი უბიძგოს მეტად ექსტრემისტული პოზიციებისაკენ.
არაერთი ადამიანი ახალი ამბების ზოლში პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ მოელის ცნობებს და არა მეგობრების პოსტებს ყოფით თემებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, სახელის ცვლილებამ მიგვითითოს, თუ რამდენად სერიოზულად უნდა აღვიქვათ ალგორითმის მიერ მოწოდებული შიგთავსი.
შესაძლოა, სიახლემ აპლიკაციით სარგებლობისას შესაძლო დაბნეულობაც გააქარწყლოს. მაშინ, როცა დაახლოებით 15 წლის წინ საზოგადოებას News Feed-ი გააცნეს, Facebook-ს სიახლეების News ჩანართიც არ ჰქონდა, რომ მომხმარებლებს ეს ორი ერთმანეთში არეოდათ. Meta-მ დასაქმებულებთან საუბრისას განაცხადა ისიც, რომ სახელი "სიახლეების ზოლი" — "News Feed" მომხმარებლებს აფიქრებინებდა, რომ ზოლში ახალი ამბები დახვდებოდათ და არა მეგობრების მიერ დადებული პოსტები.
კომენტარები