YouTube-მა ინტრფეისი განაახლა — "full screen" რეჟიმში კომენტარებს ვიდეოს მიმდინარეობისასაც წაიკითხავთ
YouTube-ი მობილური აპლიკაციის "full screen" პლეიერისათვის ახალ ინტერფეისს უშვებს, რომელიც ყურებისას ვიდეოს მოწონებას, კომენტარების ხილვასა და ვიდეოს გაზიარებას გაგვიმარტივებს.
ძველ ვერსიაში ყველა ეს ფუნქცია სექციის "მეტი ვიდეო" ქვემოთ იმალებოდა და მათი ხილვა თითის ასმით შეგვეძლო, ახალ ვერსიაში კი ეს ყველაფერი ცენტრშივე გვხვდება, ღილაკი "მეტი ვიდეო" კი მარცხენა კიდეშია გადანაცვლებული.
ცვლილებებს მხოლოდ ვიდეოს fullscreen რეჟიმში ყურებისას იხილავთ — სხვა შემთხვევაში, აპლიკაცია ისეთივეა, როგორიც ადრე.
ახლა უკვე შეგეძლებათ, გადიდებულ ეკრანზე კომენტარები ვიდეოს პარალელურად იხილოთ. ახალი სამომხმარებლო ინტერფეისის გამოსვლამდე სხვათა მოსაზრებების წასაკითხად ეკრანის დაპატარავება და კომენტარების სექციაში გადასვლა გიწევდათ, შემდეგ კი მისი ხელახლა გადიდება. ახალ დიზაინში კომენტარების ღილაკი გადიდებულ ეკრანზეც დაგხვდებათ.
Google-ის წარმომადგენელ ელისონ ტოს თუ დავუჯერებთ, iOS-ისა და ანდროიდისათვის განკუთვნილი ახალი სამომხმარებლო ინტერფეისი მომხმარებლების აპლიკაციაში ორშაბათს გამოჩნდა. მართალია იგი ჯერ ყველასათვის არაა ხელმისაწვდომი, თუმცა ახალ დიზაინს უკვე არაერთი პირი ადასტურებს.
კომენტარები