უდიდესი შესყიდვა Microsoft-ის ისტორიაში — კომპანია Activision-ს $68 მილიარდად ყიდულობს
გუშინ ცნობილი გახდა, რომ მაიქროსოფტი Activison-ს შეისყიდის. Activision-ის უკან დგას ისეთი ისტორიული თამაშები, როგორიცაა Call of Duty, World of Warcraft და Diablo.
გარიგების მიხედვით, Activision $68.7 მილიარდად შეფასდა. ეს Microsoft-ის ისტორიაში უდიდესი შესყიდვა იქნება. შედარებისთვის, ტექნოლოგიურმა გიგანტმა 2016 წელს LinkedIn 26 მილიარდ დოლარად შეიძინა.
Microsoft, ამ ნაბიჯით, გეიმინგ სამყაროში ღრმად შეაბიჯებს — მათი თქმით, მაიქროსოფტი გახდება "მესამე ყველაზე დიდი გეიმინგ კომპანია შემოსავლების მხრივ Tencent-ისა და Sony-ს შემდეგ".
გარიგების წარმატებით დასრულების შემდეგ Microsoft გეგმავს, რომ Activision-ის თამაშები Xbox Game Pass-ს მიაბას. Activision-ის შესყიდვით მაიქროსოფტის ხელში გადავა ისეთი თამაშები, როგორიცაა Warcraft, Diablo, Overwatch, Call of Duty და Candy Crush.
"შეთანხმების დასრულებისთანავე Activision Blizzard-ის ყველა თამაშსს Xbox Game Pass-სა და PC Game Pass-ზე დავმატებთ. რაღა თქმა უნდა, სია მუდმივად განახლდება და Activision-ის ახალი თამაშებიც დაემატება", — ამბობს Microsoft-ის გეიმინგ დანაყოფის აღმასრულებელი დირექტორი, ფილ სპენსერი.
ამჟამად, Xbox Game Pass-ს 25 მილიონი გამომწერი ჰყავს. მაიქროსოფტი გეიმინგ სტუდიების შეძენას აქტიურად განაგრძობს და შესაბამისად, გამომწერთა რიცხვი სტაბილურად იზრდება.
"ჩვენ ინვესტიციას მსოფლიო დონის კონტენტში, ქომიუნითის განვითარებასა და ღრუბლოვან სისტემებში ვდებთ, რათა შევეგებოთ გეიმინგის ახალ ერას და გავხადოთ ის უსაფრთხო, ინკლუზიური და ყველასათვის ხელმისაწვდომი", — ამბობს Microsoft-ის აღმსასრულებელი დირექტორი, სატია ნადელა.
კომენტარები