გულის შეტევა სექსის დროს — რამდენად ხშირია ის ახალგაზრდებში
ჟურნალ JAMA Cardiology-ში გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ სექსის დროს ხანდახან ახალგაზრდა ადამიანებიც იღუპებიან გულის შეტევით. ამასთან, შუახნის ასაკის ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გულის დაავადებები კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან. თუმცა, მთლიანობაში, ახალგაზრდებში სექსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის რიცხვი საკმაოდ დაბალია.
აღსანიშნავია, რომ უეცარი გულის შეტევით სიკვდილი დიაგნოზირებულია მაშინ, როდესაც ადამიანი 12 საათის წინ სრულიად ჯანმრთელი იყო, მაგრამ უეცრად გულმა უმტყუნა.
1994-2020 წლებში ლონდონის გულის პათოლოგიის განყოფილებაში გადაგზავნილი 6847 შემთხვევის ანალიზის შემდეგ, კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ მათგან 17 იყო სქესობრივი აქტიდან ერთი საათის განმავლობაში. ეს შემთხვევების 0.2 პროცენტია.
გულის შეტევის 17 მსხვერპლიდან 11 კაცი იყო, ხოლო გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 38 წელი აღმოჩნდა. ეს აღმოჩენა განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ის ეწინააღმდეგება წინა კვლევების შედეგებს, რის მიხედვითაც, პრაქტიკულად ყველა ლეტალური სექსუალური ეპიზოდი მოიცავს საშუალო ასაკის კაცებს (40-60 წელი).
მაგალითად, გერმანიაში სამი ათწლეულის განმავლობაში დიდმა კვლევამ გამოავლინა სექსის დროს სიკვდილის 68 შემთხვევა, სადაც ხუთის გარდა, ყველა 59 წლის და მეტი ასაკის კაცს ეხებოდა.
ახალი კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ ახალგაზრდებმა, რომლებსაც აქვთ გულის პრობლემები, უნდა იცოდნენ სექსთან დაკავშირებული საშიშროების შესახებ, რაც იწვევს კატექოლამინების ნეიროტრანსმიტერების ზრდას, როგორიცაა დოფამინი და ადრენალინი. ამ ჰორმონების უეცარმა მატებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის გართულებები რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებში.
აღსანიშნავია, რომ 17 ადამიანიდან 9-ს, რომლებსაც სექსის დროს გულის შეტევა დაემართათ, სტრუქტურულად ნორმალური გული ჰქონდათ. კვლევის შედეგები, ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ქალების შემთხვევაში სექსის დროს გამოწვეული ფატალური შემთხვევები უფრო მეტია ვიდრე აქამდე ეგონათ.
საბოლოოდ, მკვლევრებმა ყველა დაგვამშვიდეს. მათი თქმით, ეს აღმოჩენები მეტყველებს იმაზე, რომ სექსუალური აქტივობა უსაფრთხოა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. და რაც შეეხება ასეთ დროს დაფიქსირებულ უბედურ შემთხვევებს ეს ძალიან იშვიათია.
კომენტარები