KFC მცენარეული "ქათმის ხორცის" გაყიდვას იწყებს
სწრაფი კვების რესტორნების ამერიკული ქსელის KFC მენიუში, აშშ-ის მასშტაბით, მალე მცენარეული "ქათმის ხორცი" გამოჩნდება, რომელიც ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში გაიყიდება. კერძოდ, ჯანსაღი ნაგეთსების გასინჯვას მსურველები 10 იანვრიდან შეძლებენ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი მომხმარებლების ნაწილს ნაკლები ცხოველური ცილის მირთმევა სურს და, ამავდროულად, არ უნდა, რომ მსგავს კომფორტულ საკვებზე უარი თქვას. სწორედ ამგვარი ადამიანებისთვისაა KFC-ის ახალი პროდუქტი, რომელიც Beyond Meat-თან თანამშრომლობით შეიქმნა.
მას Beyond Fried Chicken ჰქვია და აღნიშნული რესტორნის ქათმის საფირმო ნაგეთსების გემო და სტრუქტურა აქვს. მისი შეკვეთა შესაძლებელი იქნება, როგორც ცალკე (თითო ულუფაში 6 ან 12 ერთეული), ასევე, კომბო მენიუში, რომელშიც მის გარდა, საშუალო ზომის სასმელი და კარტოფილი ფრიც შევა. საწყისი ფასი 6.99 აშშ დოლარი იქნება.
KFC-მ და Beyond Meat-მა ხელშეკრულება დაახლოებით 1 წლის წინ გააფორმეს. მათი მიზანი ქათმის ხორცის მცენარეული ალტერნატივისთვის სათანადო რეცეპტის მიგნება იყო, რასაც წარმატებით გაართვეს თავი. კომპანიაში შედეგით კმაყოფილები არიან და არ გამორიცხავენ, რომ მომხმარებლებმა ახალი პროდუქტი ჩვეულებრივს ამჯობინონ, რადგან ის ძალიან გემრიელია.
გავრცელებული ინფორმაციით, ნაგეთსები რესტორნებში მზა სახით მივა, მომსახურე პერსონალი კი მათ ხელახლა შეწვავს იქ, სადაც სტანდარტული ხორცი მზადდება, ამიტომ ეს საკვები "მკაცრი" ვეგანების ან ვეგეტარიანელებისთვის რეკომენდებული არაა.
კომენტარები