დეფიბრილატორით აღჭურვილმა დრონმა შვედეთში 71 წლის პაციენტის სიცოცხლე იხსნა
ფოტო: Everdrone
შვედეთის ქალაქ ტროლჰეტანში მცხოვრები 71 წლის კაცის სიცოცხლე, არც მეტი, არც ნაკლები, დრონმა იხსნა, რომელიც დეფიბრილატორით იყო აღჭურვილი. მან სამედიცინო მოწყობილობა დროულად მიიტანა პაციენტთან, რომელსაც მოულოდნელად გული გაუჩერდა.
მსგავს სიტუაციაში ადამიანის გადასარჩენად საჭიროა, მას 10 წუთის განმავლობაში აღმოვუჩინოთ დახმარება. სწორედ ამას ემსახურება EMADE-ს სახელით ცნობილი სერვისი, რომელიც ადგილზე დრონის გაგზავნას გულისხმობს, თანაც რაც შეიძლება სწრაფად. საფრენ აპარატს მითითებულ მისამართზე დეფიბრილატორი მიაქვს, რათა მედიკოსებს საქმე წინ წაუგდოს.
უკანასკნელ შემთხვევაში, დრონმა პაციენტის სახლამდე სულ რაღაც 3 წუთში მიაღწია. ხანდაზმულ კაცს გაუმართლა რადგან მასთან ერთად მყოფი პირი ექიმი იყო, რომელმაც გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარა, შემდეგ კი ზემოხსენებული მოწყობილობა გამოიყენა.
ფოტო: Everdrone
საფრენი აპარატი კომპანია Everdrone-მა პარტნიორებთან ერთად შექმნა, მათ შორისაა შვედეთის სამეფო ინსტიტუტიც. საცდელი პროგრამის ფარგლებში, EMADE-ს მომსახურება 12-მა ადამიანმა მიიღო, აქედან 11-თან დრონმა დეფიბრილატორი წარმატებით მიიტანა, 7-თან — სასწრაფოს მისვლამდე.
ამჟამად სერვისი შვედეთში 200 000-იანი მოსახლეობის საცხოვრებელ არეალს ფარავს. კომპანია გეგმავს, რომ წელს ევროპის სხვა ქვეყნებიც მოიცვას.
კომენტარები