"ჩვენი შიდა სამზარეულო ნაწილობრივ გავასაჯაროეთ" — როგორ შეიქმნა საქართველოს ბანკის დიზაინ სისტემა
ცოტა ხნის წინ, ციფრული ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანებისთვის საქართველოს ბანკმა დიზაინ სისტემის ახალი პლატფორმა შექმნა. მასზე იმ კომპონენტების შესახებაა ინფორმაცია თავმოყრილი, რომელთა გამოყენებითაც ციფრულ პროდუქტებს ქმნიან.
"bog.design არის ვებგვერდი, სადაც გავაზიარებთ ინფორმაციას, როგორც ჩვენი დიზაინ სისტემის კომპონენტებსა და შიდა სამუშაო პროცესებზე, ასევე წარმატებულ მაგალითებსა და სიახლეებზე", — ამბობს დაჩი გორგილაძე, საქართველოს ბანკის Digital Product Owner.
როგორც დაჩი გორგილაძე აღნიშნავს, ციფრულ ინდუსტრიაში, უფრო და უფრო აქტუალური ხდება მომხმარებლის გამოცდილება და შეფასებები. შესაბამისად, საქართველოს ბანკშიც დღითიდღე სულ უფრო მეტად კონცენტრირებულნი არიან მომხმარებლების საჭიროებების კვლევასა და ანალიზზე. ეს კი მომხმარებლამდე მარტივად გამოსაყენებელი და გამოცდილების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პროდუქტების მიტანის წინაპირობაა.
"ჩვენი ამოსავალი წერტილი დღეს სრულად გახდა მომხმარებელი და მათთვის თანმიმდევრული გამოცდილების შექმნა ყველა ციფრულ არხში, რამაც ბუნებრივად მიგვიყვანა დიზაინ სისტემის შექმნის და დანერგვის ეტაპამდე. ეს არის პლატფორმა, რომელიც დაგვეხმარება ახალი პროფესიონალების მოზიდვასა და ონბორდინგში. ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია სამუშაო კულტურა და ინოვაციები, რაც კარიერული ზრდის შესაძლებლობას მისცემთ. ეს ვებგვერდი კი ზუსტად იმისთვისაა, რომ ჩვენი შიდა სამზარეულო ნაწილობრივ გავასაჯაროოთ და გავაზიაროთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კეთდება ჩვენთან, რა ტექნიკებს და შესაძლებლობებს ვიყენებთ", — ამბობს დაჩი გორგილაძე, საქართველოს ბანკის Digital Product Owner.
საქართველოს ბანკის UX/UI დიზაინერი, ნიკა წვერავა კი აღნიშნავს, რომ პლატფორმაზე მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ინტერაქტიული დემო ვერსიები გამოიყენონ. დიზაინ სისტემის პლატფორმის შექმნის ეტაპები კი შემდეგნაირი იყო:
"საწყის ეტაპზე, მნიშვნელოვანი იყო, შეგვექმნა მარტივად განახლებადი და ადაპტაციური გარემო ახალი ელემენტების რეალიზებისთვის. ამიტომ, პირველი რაც გავაკეთეთ, იყო ლეიაუთების მონახაზები. ჩამოვაყალიბეთ დიზაინ სისტემის კომპონენტების აღწერისთვის საჭირო ფუნდამენტების სია და ამის მიხედვით განვსაზღვრეთ დიზაინის შაბლონები.
აქ მნიშვნელოვანი იყო ღირებულებებზე დამოკიდებული არქიტექტურის ჩამოყალიბება, რომ ადვილი ყოფილიყო კონტენტის გააზრება მკითხველისთვის. სანამ უშუალოდ კომპონენტების შიდა გვერდებზე გადავიდოდით, ჯერ ფუნდამენტალური ნაწილების გვერდები შევქმენით, როგორიცაა: ფერები, ტიპოგრაფია, დაშორებები და ა.შ. ლეიაუთებში ინფორმაციულ არქიტექტურას ქმნიდა ვიზუალური არტეფაქტები და მათზე დამოკიდებული მოკლე ახსნა-განმარტებები. ამის შემდეგ დავიწყეთ კომპონენტების უნიკალური შაბლონების შექმნაც, სადაც ინფორმაციული ნაწილის გარდა, მომხამრებლებს შესაძლებლობა აქვთ გამოიყენონ ინტერაქტიული დემო ვერსიები", — ნიკა წვერავა, UX/UI დიზაინერი.
დიზაინ სისტემის ამოქმედება პოზიტიურ გავლენას ახდენს ციფრული პროდუქტების შექმნაზე. კერძოდ, ამ პროცესზე პასუხისმგებელ პირებს ნაკლები დრო ეხარჯებათ საბოლოო შედეგის მისაღებად და ამასთანავე, სისტემის არსებობა მათ საშუალებას აძლევს, საქართველოს ბანკთან დაკავშირებულ ყველა ციფრულ პროდუქტს მონათესავე და ერთიანი დიზაინი ჰქონდეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დიზაინ სისტემა მრავალჯერადი გამოყენების დიზაინ კომპონენტების მზა ბიბლიოთეკაა, რომლის თითოეული ელემენტიც ბრენდის საერთო სტილის, კონცეფციისა და წესების გათვალისწინებითაა შექმნილი.
დიზაინ სისტემის დანერგვამ საქართველოს ბანკში პროცესები ბევრად გაამარტივა და დააჩქარა. ამის შესახებ დიმიტრი ბერაძე გვიყვება, საქართველოს ბანკის ანალიტიკოს-დეველოპერი.
"თუ გარკვეული ამოცანის გადასაჭრელად აქამდე 1 კვირას ხარჯავდა დიზაინერი, დღეს მას ამისთვის შეიძლება სულ რამდენიმე წუთი დასჭირდეს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ ეს მხოლოდ დიზაინს არ ეხება. დიზაინ სისტემა ასევე ამარტივებს დეველოპმენტის პროცესსაც, რაც დროის დაზოგვის კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობაა. დიზაინ სისტემის დანერგვის შემდგომ, კოდის ხარისხის კონტროლისა და უნიფიცირების შესაძლებლობა მოგვეცა. გაუმჯობესდა, გამარტივდა და აჩქარდა დეველოპმენტის პროცესი, შედეგად ვზოგავთ დროს და პროდუქტის შექმნის სიჩქარეს გაცილებით ვაუმჯობესებთ", — ამბობს დიმიტრი ბერაძე.
საქართველოს ბანკის დიზაინ სისტემა ერთ სივრცეში აერთიანებს დიზაინისა და კოდის დონეზე წინასწარ მომზადებულ კომპონენტებს, ასევე, UX-ის, ბრენდის და ყოველდღიურ სამუშაო პროცესში მათი გამოყენებისთვის საჭირო წესებსა თუ სახელმძღვანელოებს. როგორც საქართველოს ბანკის გამოცდილებიდან ვიგებთ, ეს ეფექტიანი მიდგომაა ისეთი ბრენდისათვის, რომელიც მრავალგვარ ციფრულ პროდუქტს ფლობს, ქმნის და აახლებს. შესაბამისად, მომავალში ბანკისგან სულ უფრო სწრაფ და დახვეწილ ციფრულ სერვისებს უნდა ველოდოთ.
კომენტარები