ფოტო-ვიდეო: რა ხდება აშშ-ში გამანადგურებელი ტორნადოს შემდეგ
ტორნადოების სერიას აშშ-ში ათეულობით ადამიანის გარდაცვალება მოყვა, არიან დაკარგულებიც. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია, საუბარია 100-ზე მეტ ადამიანზე.
CNN-ის ინფორმაციით, 30-მა ტორნადომ ცენტრალური და სამხრეთ აშშ დააზიანა და 6 შტატს გადაუარა. როგორც Reuters წერს, ტორნადომ დაახლოებით 200 მილის ტერიტორია დაფარა.
ამერიკის ხმის ინფორმაციით, კენტუკის გუბერნატორმა განაცხადა, რომ მხოლოდ მათთან 70-დან 100-მდე ადამიანია დაღუპული. მისივე თქმით, ეს ყველაზე გამანადგურებელი ტორნადოა, რაც ამ შტატში მომხდარა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კენტუკის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ფედერალური რესურსების გამოყენების ბრძანება გასცა. ის ესაუბრა სხვა დაშავებული შტატების გუბერნატორებსაც და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეებენ მათ დასახმარებლად.
ტორნადომ სრულად დაანგრია სანთლის ქარხანა მეიფილდში, სადაც 110 ადამიანი იმყოფებოდა. 40 მათგანი ნანგრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს. კენტუკის გუბერნატორის განცხადებით, სასწაული იქნება, თუ სხვა ნანგრევების ქვეშ სხვა გადარჩენილებსაც იპოვიან.
ამავე შტატში, ტორნადომ სატვირთო მატარებელი გადააბრუნა. ერთი ვაგონი საცხოვრებელ სახლზე დაეცა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ილინოისის გუბერნატორის განცხადებით, ტორნადომ დაშალა ამაზონის ქარხანაც, სადაც 6 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც BBC წერს, პოლიციას ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, რამდენი დასაქმებული მიიჩნევა დაკარგულად. კომპანიის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ მომხდარს განიცდის და საზოგადოებას მხარდაჭერას დაჰპირდა.
გარდა ამისა, დანგრეული ან დაზიანებულია ათეულობით სახლი, მანქანა და ელექტროგადამცემი ხაზები. გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ მაშველები და ადგილობრივები ნანგრევებიდან ოჯახის წევრების და ცხოველების გამოყვანას ცდილობენ და საჭირო ნივთები გამოაქვთ.
კომენტარები