თურქეთის გენერალურმა პროკურატურამ ბაირამ მამედოვის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დახურა
თურქეთის გენერალურმა პროკურატურამ აქტივისტ ბაირამ მამედოვის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის სამედიცინო დასკვნის შედეგები გამოაქვეყნა. ექსპერტიზის დასკვნით, მამედოვი წყალში დახრჩობით დაიღუპა — მის საქმეზე გამოძიება ოფიციალურად დაიხურა.
მამედოვი თურქეთში 2 მაისს დაიკარგა. მისი გაუჩინარების შესახებ სამართალდამცველებს მეგობრებმა აცნობეს. ორი დღის შემდეგ, თურქეთის პოლიციამ მათ შეატყობინა, რომ მამედოვი დაიხრჩო.
აზერბაიჯანის 27 წლის მოქალაქე მთავრობის ცნობილი კრიტიკოსი იყო, მან ნარკომოხმარების ბრალდებით 3-წლიანი სასჯელი მოიხადა — უფლებადამცველების თქმით, ბრალდებები შეთითხნილი იყო.
2016 წელს ის აქტივისტ გიას იბრაჰიმთან ერთად დააკავეს. მათ ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ქანდაკებას, მის დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე, "გილოცავთ მონის დღეს" წააწერეს.
ორივეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა 2019 წელს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს.
როგორც მამედოვის ადვოკატმა, ოღუზხან ტოპალკაიამ OC Media-ს განუცხადა, პროკურატურის მიერ მოწოდებული აუტოფსიის დოკუმენტები და სამედიცინო დასკვნა დამოუკიდებელ ექიმებს წარუდგინეს.
"ისინი წარდგენილ დოკუმენტებს შეისწავლიან და თუ რიმე საეჭვო ან შეუსაბამო იქნება, თავიდან მოვითხოვთ მის შესწავლას პროტესტით", — აღნიშნა მან.
ტოპალკაიას თქმით, თუ დოკუმენტებში არაფერი "საეჭვო" არ იქნება, მამედოვის იურიდიული გუნდი "გადაწყვეტილებას დათანხმდება".
ბაირამ მამედოვის გარდაცვალების შემდეგ, უფლებადამცველებმა და მეგობრებმა მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშრებით ეჭვები გამოთქვეს.
ზოგიერთი ვარაუდობს, რომ გარდაცვალება, შესაძლოა, აზერბაჯანის მთავრობის წინააღმდეგ მის საქმიანობასთან იყოს დაკავშირებული. მომხდარის გარემოებებზე ბევრი დამატებით ინფორმაციას ითხოვს, რათა ნათელი მოეფინოს ჰეშთეგს #BayramaNeOldu — რა დაემართა ბაირამს.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები