აფანტაზია: მდგომარეობა, როცა ადამიანს ვიზუალური წარმოსახვის უნარი არ აქვს
საყვარელი წიგნის ეკრანიზაციის ნახვის შემდეგ, ვინ იცის, რამდენჯერ დარჩენილხართ იმედგაცრუებული. რა იყო ამის მიზეზი? იქნებ, ფილმის სცენები არ ჰგავდა წიგნის კითხვისას თქვენს წარმოსახვაში გათამაშებულ სიუჟეტს? ან პერსონაჟი არ გამოიყურებოდა ისე, როგორც წარმოგედგინათ?
ბევრს აქვს უნარი, წარმოისახოს და გონებაში აღიდგინოს ნაცნობი ადამიანის გამოსახულება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ვიზუალური, გონებრივი გამოცდილება, რომელიც მიმსგავსებულია იმას, რასაც დავინახავდით იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მართლაც ჩვენ წინ იდგებოდა.
თუმცა, როგორც ირკვევა, ეს ყველასათვის ასე არ არის. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თუ რაიმე გამოსახულების გონებაში წარმოდგენას სთხოვ, ვერაფერს "დაინახავენ". ამ მეტად უჩვეულო მოვლენას 2015 წელს აფანტაზია უწოდეს. დადგენილია, რომ მსოფლიო მოსახლეობის 2-5%-ს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ახასიათებს გონებრივი სურათის შექმნის უუნარობა.
მაგრამ, როგორ გავიხსენოთ საგნის ან მოვლენის დეტალები, თუ მათი წარმოდგენა არ შეგვიძლია? ვესტმინსტერის უნივერსიტეტის ვიზუალური გამოსახულების მკვლევარი ზოი პაუნდერი თავის რამდენიმე კოლეგასთან ერთად სწორედ ამ კითხვაზე პასუხის პოვნას შეეცადა.
აფანტაზიის კვლევა
მკვლევრებმა ერთმანეთს შეადარეს აფანტაზიისა და ტიპური წარმოსახვის მქონე ადამიანთა ვიზუალური მეხსიერების ხარისხი. კვლევის მონაწილეებს აჩვენეს მისაღები, სამზარეულო და საძინებელი ოთახების სურათები. შემდეგ მათ სთხოვეს, მეხსიერების დახმარებით აღედგინათ გამოსახულებები და ფურცელზე გადაეტანათ ისინი. მათი ნახატები 2700-ზე მეტმა ონლაინმომხმარებელმა შეაფასა, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს დახატული ობიექტების დეტალებზე — ანუ იმაზე, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ისინი და სივრცით მახასიათებლებზე — ობიექტების ზომასა და მდებარეობაზე.
მკვლევრები ელოდნენ, რომ აფანტაზიის მქონე ადამიანებს გაუჭირდებოდათ გამოსახულების დახატვა, რადგან მათ არ აქვთ უნარი, გამოიხმონ გონებრივი სურათი.
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ აფატაზიის მქონე პირები ობიექტებს სწორი ზომითა და მდებარეობით ხატავდნენ, თუმცა მათ გამოსახეს საგნების მცირე რაოდენობა და ნაკლებად გამოიყენეს ისეთი ვიზუალური მახასიათებელი, როგორიცაა ფერი.
აფანტაზიის მქონე ზოგიერთმა მონაწილემ ობიექტი სიტყვიერად გამოსახა — მაგალითად, ნაცვლად დახატვისა, დაწერა "საწოლი" ან "სკამი". ეს იმაზე მეტყველებს, რომ აფანტაზიის მქონე ინდივიდებს ვიზუალური მოგონების ისეთ ალტერნატიული სტრატეგიით ჩანაცვლება შეუძლიათ, როგორიც ნანახის ვერბალური წარმოდგენაა.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ობიექტებსა და სივრცულ დეტალებს შორის არსებული განსხვავებები არ იყო განპირობებული ექსპერიმენტში მონაწილეთა მხატვრული შესაძლებლობებით ან ნამუშევარში ჩადებული ძალისხმევით.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ აფანტაზიურ ადამიანებს აქვთ სივრცითი გამოსახვის უნარი — შესაძლებლობა, წარმოაჩინონ ობიექტების ზომა, მდებარეობა და პოზიცია ერთმანეთთან მიმართებით. ეს მოსაზრება განამტკიცა მეცნიერთა იმავე გუნდის კიდევ ერთმა კვლევამ, რომელმაც შეისწავლა, თუ როგორ ასრულებენ აფანტაზიის მქონე ინდივიდები წარმოსახვასთან დაკავშირებულ მეხსიერების ამოცანებს. აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ ვიზუალური გამოსახულების გენერირების უნარი, ისევე ასრულებდნენ ამ ამოცანებს, როგორც ტიპური წარმოსახვის მქონე პირები.
ამასთანავე, მსგავსება აღმოჩნდა საგნის გონებრივად ამოტრიალების დავალებებშიც. ამ დავალების დროს ადამიანები უყურებენ რამდენიმე გამოსახულებას, რათა დაადგინონ, მათი ამოტრიალების შემთხვევაში იდენტურნი იქნებიან ისინი თუ არა.
აქედან ჩნდება ვარაუდი, რომ ამ ტიპის ამოცანების შესასრულებლად გონებრივი სურათის აღდგენა საჭირო არ არის. მეორე მხრივ, დადასტურებულია, რომ აფანტაზიის მქონე ზოგიერთ ადამიანს — თუმცა არა ყველას — ხშირად სახეების ამოცნობა უჭირს და სუსტი ავტობიოგრაფიული, იგივე ცხოვრებისეული მეხსიერება აქვს. როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი დიდწილად სწორედ ვიზუალურ წარმოსახვას ეფუძნება.
აფანტაზიით ცხოვრება
აფანტაზიის მქონე პირები თავიანთი გამოცდილებების სხვა თავისებურებებსაც აღწერენ. ეს უცნაური მოვლენა ერთმნიშვნელოვნად არ გულისხმობს ყველა შეგრძნებასთან დაკავშირებული წარმოსახვის ნაკლებობას. ზოგიერთ ადამიანს შეუძლია მოსმენილი მელოდიის გონებაში აღდგენა, თუმცა არ აქვს უნარი, წარმოიდგინოს მასთან ასოცირებული გამოსახულებები.
კვლევამ ისიც აჩვენა, რომ ვიზუალური გამოსახულებების გენერირების შეუძლებლობის მიუხედავად, აფანტაზიის მქონე ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ ვიზუალურ სიზმრებს ხედავს. სხვები კი აცხადებენ, რომ მათი სიზმრები არავიზუალურია და კონცეპტუალური ან ემოციური შინაარსისაგან შედგება.
ეს დამაინტრიგებელი ვარიაციები ასახავს იმ ზოგიერთ უხილავ განსხვავებას, რომელიც ჩვენ შორის არსებობს. შესაძლოა, აფანტაზიის მქონე ადამიანმა სულაც არ იცოდეს, რომ სამყაროს განსხვავებულად აღიქვამს. თუმცა ის კი ვიცით, რომ აფანტაზიური ინდივიდები ცხოვრობენ სრულყოფილი პროფესიული ცხოვრებით — ისინი წარმატებას როგორც სამეცნიერო, ასევე შემოქმედებით სფეროებში აღწევენ.
ბევრისთვის ვიზუალური წარმოსახვა განუყოფელია ფიქრის, წარსული მოვლენების დამახსოვრებისა და მომავლის დაგეგმვის პროცესში — თანაც ეს გაცნობიერებული ძალისხმევის გარეშე ხდება. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რატომ არსებობს ასეთი განსხვავებები ვიზუალური წარმოსახვის უნარში და არც ის გამოგვიკვლევია, რა უდევს ამას საფუძვლად. მაგრამ აფანტაზიაზე დაკვირვებამ ის მაინც აჩვენა, რომ ჩვენი გონებრივი გამოცდილება უნივერსალური არაა. სანაცვლოდ, ჩვენს შინაგან სამყაროებს შორის მრავლადაა დამაინტრიგებელი განსხვავებები.
კომენტარები