რა ჯდება და რა პროცედურებია საჭირო ტომოგრაფიული აპარატის გადასატანად
გუშინ საქართველოს მოსახლეობამ საკმაოდ უცნაური კადრები იხილა, მთავრობის გადაწყვეტილებით რესბუპლიკური საავადმყოფოდან გლდანის მერვე ციხისკენ, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, სატვირთო ავტომობილით CT, ანუ კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი მიჰქონდათ.
კომპიტერული ტომოგრაფიის აპარატის ფასი $100 000-დან $3 მილიონამდე მერყეობს, გააჩნია მის მდგომარეობასა და ტექნიკურ შესაძლებლობებს. ასეთ აპარატებს სპეციალური აკრედიტაცია სჭირდებათ და მისთვის განკუთვნილი ადგილი ყველა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს.
CT-ს ტრანსპორტირების ფაქტი საკმაოდ უცნაურად გამოიყურება და რამდენიმე კითხვას ბადებს — რატომ არ მიიყვანეს პაციენტი ტომოგრაფიული სკანირების აპარატთან და რატომ გადაწყვიტეს ამ კომპლექსური აპარატის ამ გზით გადატანა.
ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, თუ რა ჯდება და რა პროცედურებია საჭირო კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატის ერთი ადგილიდან მეორეზე გადასატანად.
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ აპარატის ერთიდან მეორე ადგილას გადატანა საკმაოდ ძვირიანი გადაწყვეტილებაა. CT სკანერის გადაადგილება საშუალოდ $15 000-დან $25 000-მდე ჯდება, ფასი დისტანციაზეა დამოკიდებული. ეს იმ შემთხვევაში, თუ გადატანის პროცესი ყველა წესის დაცვით იქნება შესრულებული. უბრალოდ სატვირთო მანქანაზე დადება შესაძლოა უფრო იაფი ჯდებოდეს. ცნობისთვის, MRI აპარატის, ანუ მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფისი დანადგარის გადაადგილება დაახლოებით $60 000-დან $100 000-მდე ჯდება.
შენობა, სადაც დანადგარი გადაგვაქვს წინასწარ მომზადებული უნდა იყოს. მის ასამუშვებლად. ამისთვის გამართული ელექტროობა ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტია. აუცილებლად საჭიროა მექანიკური და ელექტრული პირობების იდეალურად დაკმაყოფილება. დაყენებამდე გათვალისწინებულ უნდა იქნას რა ტიპის კვება სჭირდება კონკრეტულ აპარატს და რა გაგრილების სისტემა ექნება მას. ასევე გასათვალისწინებელია მისი ზომები, ხშირად ხდება ისე, რომ ტომოგრაფიული აპარატის შენობაში შესატანად სახურავის ახდა ხდება საჭირო. ეს ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, რომ დანიშნულების ადგილი კარგად მომზადებული უნდა იყოს და ეს ნაჩქარევად ვერ გაკეთდება.
კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანერი ძალიან კომპლექსური ნივთია და ბუნებრივია, გარდა გადაადგილებისა საჭირო ხდება მიტანილ ადგილზე მისი დამონტაჟებაც, ამ ყველაფერს სპეციალიზირებულ ინჟინერთა ჯგუფი სჭირდება, ვისაც ეს საქმე აქამდეც გაუკეთებია.
ასევე, უნდა ვთქვათ, რომ CT სკანერის დამონტაჟებას 3-დან 5 დღემდე დრო სჭირდება. სავარაუდოდ იგივე ხდება გლდანის ციხეში — ომბუდსმენის თანახმად კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი დერეფანში დგას. საქმე იმაშია, რომ CT-ს გადატანას სახელმწიფოს მიერ გაცემული ლიცენზია სჭირდება, რომელიც რადიაციული თუ სხვა გამოსხივების მქონე ნივთების გადატანას არერგულირებს.
ამერიკული წყაროები გვირჩევენ, რომ ტომოგრაფიული აპარატის გადატანა სჯობს დარგის ექსპერტებსა და ინჟინრებს მივანდოთ. მისი დამოუკიდებლად ტარება ხშირად ცუდად სრულდება.
აღსანიშნავია, რომ ტომოგრაფიულ აპარატს ბევრი შესაძლებლობა აქვს, მისი მეშვეობით უამრავი გამოკლევის ჩატარება შეიძლება. მაგალითად, მისი დახმარებით, ექიმებს შეუძლიათ იპოვონ ძვლების დაზიანებები და სიმსივნური წარმონაქმნები. CT სკანერს შეუძლია აღმოაჩინოს კიბოს უჯრედები, გულისა თუ ღვიძლის დაავადებები. ტომოგრაფიული აპარატით ექიმებს შეუძლიათ ორგანიზმში მიმდინარე პროცესებსაც დააკვირდნენ, მისი გამოყენებით შესაძლებელია შინაგანი სისხლდენისა და სისხლის კოლტების აღმოჩენაც. ექიმები ტომოგრაფიულ სკანირებას რადიოთერაპიული კურსის დანიშვნის პროცესშიც იყენებენ. ამ შემთხვევაში, ადარებენ სხვადასხვა დროს ჩატარებული სკანირების შედეგებს და ადგენენ, იზრდება თუ არა წარმონაქმნის ზომა, ანუ, მუშაობს თუ არა რადიოთერაპიული კურსი. CT განსაკუთრებით აქტუალურ აპარატად კორონავირუსის პანდემიამაც აქცია. COVID-19-ის ინფექციის მიმდინარეობის ან გადატანის შედეგად ფილტვის დაზიანების ხარისხს სწორედ მისი დახმარებით ადგენენ.
კომენტარები