3 მეცნიერი, რომლებმაც მეოცე საუკუნე "გამოიგონეს"
ადამიანის უნარი და შესაძლებლობა, აეთვისებინა დედამიწისეული რესურსები და მიეღო მისგან სარგებელი, კაცობრიობის მთავარ მიღწევათაგანია. სარგებლის მიღების ამ პროცესის აღსაწერად საუკეთესო ტერმინი კი მრეწველობაა.
მრეწველობა ყოველთვის იყო მატერიალური სფეროს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი დარგი, თუმცა მეოცე საუკუნიდან ამ მიმართულებით პროგრესი არნახული ტემპით წარიმართა და შედეგად ტექნოლოგიებით გადასხვაფერებული ის რეალობა მივიღეთ, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. რამ გამოიწვია ამგვარი რადიკალური ცვლილება და სწრაფი ნახტომი? "შექმნა" თუ არა XX საუკუნემ დღევანდელობა?
ცალსახაა, რომ ამ ყოველივეს საფუძვლად მრავალი ურთიერდაკავშირებული ფაქტორი უდევს. თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობის ალბათ მაინც იმ ადამიანთა გამომგონებლური ნიჭი იყო, რომელთა სახელებიც დღეს სამეცნიერო წრეების მიღმაც კარგად ვიცით.
სტატიაში სწორედ იმ სამ მეცნიერზე — ტომას ედისონზე, ნიკოლა ტესლაზე და ალბერტ აინშტაინზე მოგითხრობთ, რომლებმაც ფუნდამენტური იდეები აჩუქეს ტექნოლოგიის განვითარებას. ამ ადამიანთა ცხოვრების განსაკუთრებული დეტალების მოყოლით ქვმოთ მათ მიერ შექმნილ ეპოქაში გამოგზაურებთ.
ტომას ედისონი
მივყვეთ ქრონოლოგიურად და დავიწყოთ ადამიანით, რომლის სახელიც ბევრისთვის სიტყვა "გამოგონების" სინონიმად არის ქცეული.
ტომას ედისონი, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი გამომგონებელი, 1847 წელს აშშ-ში დაიბადა. როგორც ამბობენ, საქმისადმიც წმინდა ამერიკული მიდგომა ახასიათებდა და ამიტომ შეძლო გამომგონებლური და ბიზნესის კეთების ნიჭი ერთმანეთისთვის იდეალურად შეერწყა.
შვიდი წლის ასაკიდან ტომას ედისონის განათლებას დედა ხელმძღვანელობდა და ყოველმხრივ ცდილობდა შვილისთვის მეცნიერებისადმი ინტერესი გაეღვივებინა. ათი წლის ედისონმა უკვე საკუთარი საშინაო ლაბორატორია შექმნა და დამოუკიდებელი ექსპერიმენტების ჩატარებას შეუდგა.
სწორედ ამ ლაბორატორიით დაიწყო ედისონმა ის საქმიანობა, რომლის შედეგებიც ჩვენს ყოველდღიურობას იმაზე მეტად განსაზღვრავს, ვიდრე წარმოგვიდგენია. იცოდით, რომ პირველი მექანიკური ბგერათჩაწერისა და ბგერათწარმოების ხელსაწყოს შექმნას სწორედ მას უნდა ვუმადლოდეთ? ედისონის მიერ შექმნილი ფონოგრაფი თანამედროვე ჩამწერი ინდუსტრიის იმდენად ფუნდამენტური ნაწილი აღმოჩნდა, რომ მის გარეშე, შესაძლოა, ვერასდროს მოგვესმინა ჩვენი საყვარელი მუსიკოსების ალბომებისთვის. შესაბამიდად, არ არის გამორიცხული, ფილმებისთვისაც კი უხმოდ გვეყურებინა.
მუსიკის მოსმენა ან ფილმების ყურება სიბნელეში ნამდვილად ძალიან რომანტიკულია, მაგრამ ფაქტია, რომ ღამის განათება, კერძოდ კი ნათურის გამოგონება ჩვენი ცხოვრების უდიდესი ცვლილება აღმოჩნდა. ცნობილი, მაგრამ არაზუსტი ფაქტია, რომ ის ტომას ედისონმა შექმნა; თუმცა, ვერ გამოვრიცხავთ, რომ იმან, რაც მან ნამდვილად გამოიგონა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სახლებისა და ქუჩების განათებაში.
კერძოდ, ედისონის მიერ შექმნილი ნათურა მინის კოლბა იყო, რომელსაც მირჩილული (იგულისხმება, სპეციალური აპარატით ერთმანეთთან მიდუღებული ლითონები) ვარვარების ძაფი ჰქონდა. ვაკუუმის შესაქმნელად კი კოლბიდან ჰაერი იყო გამოტუმბული. ედისონმა გამოგონებაზე მუშაობა მაშინ დაასრულა, როცა ვარვარების ძაფის დასამზადებლად საჭირო მასალას მიაგნო და ეს იდეა შეისყიდა. ამის შემდეგ მან ცდები განაგრძო და აღმოაჩინა, რომ დენს შეუძლია, ნათურის შიგნით არსებულ ვაკუუმში იმოძრაოს, თუმცა ამის მიზეზს ვერ მიაკვლია.
დღეს უკვე ვიცით, რომ ეს მოვლენა ვარვარების ძაფიდან გამოყოფილი ელექტრონების მოძრაობის შედეგია. ამას "ედისონის ეფექტი" ჰქვია. სწორედ ეს აღმოჩენა დაედო საფუძვლად თანამედროვე ელექტრობის პრინციპს.
ედისონს არც ამის მერე განელებია გამომგონებლობის ჟინი. საკუთარ ლაბორატორიას მან "გამოგონებათა ქარხანა" უწოდა. გადმოცემის თანახმად, მას თავისი თითოეული თანამშრომლისთვის "იდეების კვოტა" ჰქონდა განსზღვრული, ხოლო საკუთარი თავისგან ყოველ ათ დღეში ერთხელ — მცირე გამოგონებას, ყოველ ექვს თვეში ერთხელ კი დიდ აღმოჩენას ითხოვდა.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი გამოგონებები ყოველთვის სულაც არ ემსახურებოდა ინდუსტრიულ პროგრესს. მაგალითად, კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საზარელი გამოგონებაც — ელექტროსკამი — სწორედ ედისონმა შექმნა.
ნიკოლა ტესლა
ზოგი მას გენიოსად მიიჩნევდა, ზოგიც — შეშლილად, მაგრამ სწორედ ტესლას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ჩვენს ბინებში დღეს ცვლადი დენის წყალობით ყველასათვის ხელმისაწვდომი ელექტრობა გვაქვს.
მეცნიერების ისტორიაში ალბათ არ არსებობს იმაზე დიდი და საიდუმლოებით მოცული დაპირისპირება, რომელიც ტომას ედისონსა და ნიკოლა ტესლას შორის იყო.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ როცა ნიჭიერმა სერბმა ფიზიკოსმა სამეცნიერო წრეებში გაითქვა სახელი, მასზე ედისონმაც შეიტყო და 1891 წელს თავის კომპანიაში სამუშაოდ მიიწვია. ედინსონს სჭირდებოოდა სისტემა ელექტროობის გასანაწილებლად, ამ პრობლემის გადაჭრის სანაცვლოდ იგი ტესლას დიდი რაოდენობით თანხას დაჰპირდა. ტესლამ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა და ედისონის კომპანია უზარმაზარ ხარჯებს გადაარჩინა, თუმცა დაპირებული თანხის სანაცვლოდ ედისონისგან მხოლოდ დაცინვა მიიღო — თითქოს იგი თანხის გადახდას რეალურად არ შეპირებია და ტესლამ, უბრალოდ, ამერიკული იუმორის გაგება ვერ შეძლო.
სამსახურის მიტოვების შემდეგ ტესლამ მარტო დაიწყო მუშაობა. მისი კომპანიაც ელექტრომოწყობილობებს აწარმოებდა და ყიდდა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ტესლამ ცვლადი დენი აითვისა, მისი პროდუქცია კონკურენტთან შედარებით, რომელიც მუდმივ დენს ქმნიდა, ბევრად ეკონომიური გახდა. ცვლადი დენი არის ენერგია რომელსაც, არ გააჩნია პლიუსი და მინუსი და წამში 50-60-ჯერ იცვლის მიმართულებას, ხოლო სადენებში მოძრაობისას დანაკარი თითქმის არ აქვს. მუდმივი დენი კი ბატარეის ან აკუმულატორის მიერ გამომუშავებული დენია.
ამის შედეგად გავლენიანი ედისონი სულ უფრო და უფრო კარგავდა შეკვეთებს, რაც მისთვის, როგორც ბიზნესმენისთვის, იმედგაცრუების უდიდესი წყარო იყო. ის ამ ორთაბრძოლაში ბინძურ ხერხებსაც არ ერიდებოდა: ცვლადი დენით საჯაროდ აწყობდა წარმოდგენებს უპატრონო ძაღლებზე, ცხენებზე და სპილოზეც კი და სადემონსტრაციოდ ხოცავდა მათ, რათა ხალხი ტესლას წინააღმდეგ განეწყო.
1895 წელს ნიკოლა ტესლას ლაბორატორიას კოლორადო-სპრინგში ცეცხლი წაეკიდა და დაიწვა. განადგურდა მეცნიერის უმნიშვნელოვანესი მოწყობილობები და ჩანაწერები. არსებობს დაუსაბუთებელი ვარაუდი, რომ ამ საქმეში ედისონის ხელი ერია.
AC/DC — ეს სახელი თქვენთვისაც ავსტრალიურ როკჯგუფთან ასოცირდება? გაგიმხელთ, რომ სინამდვილეში ეს ცვლადი და მუდმივი დენის აბრევიატურაა (alternating current/direct current — ცვლადი დენი/მუდმივი დენი). ასე რომ, სწორედ ნიკოლა ტესლასა და ტომას ედისონის წყალობით მიიღო ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ბენდმა ეს სახელწოდება და სამუდამოდ დააკავშირა ჩვენი მისდამი ასოციაცია როკთან.
მსგავსი ფანტასმაგორიული მოვლენების და ხშირად ერთობ არაეთიკური ნაბიჯების მიუხედავად, ამ არანორმალურმა კონკურენციამ მე-19 საუკუნის ორ უდიდეს გამომგონოებლს საკუთარი ქმნილებების სრულყოფის სტიმული მისცა და გენიალური გამოგონებების მთელი წყება დაგვიტოვა.
ალბერტ აინშტაინი
არსებობს ერთი ანეკდოტური ამბავი, რომ ერთ-ერთ ინტერვიუზე ალბერტ აინშტაინს სთხოვეს გაეზიარებინა, თუ როგორი გრძნობა იყო მსოფლიოს ყველაზე ჭკვიან ადამიანად ყოფნა. მან უპასუხა: "არ ვიცი, ნიკოლა ტესლას ჰკითხეთო". მართალია, ამ ისტორიის სანდოობა ერთობ საეჭვოა, თუმცა მას მხატვრულ ხიბლსა და სიმბოლურ დატვირთვას ნამვილად ვერ დავუკარგავთ — ტესლა და აინშტაინი ხომ მართლაც იყვნენ თავიანთი დროის გამორჩეული მოაზროვნეები.
ალბერტ აიშტაინმა მეოცე საუკუნის ფიზიკაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. მისი რადიკალური იდეები რომ არა, შესაძლოა ლაზერი, ტელევიზია, კომპიუტერი კოსმოსური ხომალდი და ბევრი სხვა რამ, რის გარეშეც თანამედროვე რეალობა წარმოუდგენელია, ჯერაც არ ყოფილიყო გამოგონებული.
გადმოცემის თანახმად, აინშტაინი სკოლაში ცუდად სწავლობდა, რის გამოც მასწავლებლებს მის მომავალზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული. თუმცა სკოლის დამთავრებიდან ცოტა ხანში ალბერტი სერიოზულად დაინტერესდა მათემატიკით და მის შესწავლას მიჰყო ხელი. ის ერთხანს იტალიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი შვეიცარიაში ჩავიდა, სადაც მალევე აღიარეს მისი მათემატიკური და მეცნიერული ნიჭი. აინშტაინმა ერთი წლის განმავლობაში, როცა მხოლოდ 26 წლისა იყო, გამოაქვეყნა რამდენიმე ნაშრომი, რომლებმაც სრულიად შეცვალეს მეცნიერთა აზროვნების მიმართულება. ამ ნაშრომების წყალობით მან მსოფლიო სახელი მოიხვეჭა.
გერმანიში ნაცისტური პარტიის აღზევების პერიოდში მისთვის, როგორც ებრაელისთვის, ცხოვრება უსაფრთხო აღარ იყო, ამიტომ 1933 წელს იგი აშშ-ში გაემგზავრა და დარჩენილი სიცოცხლე იქ გაატარა.
აინშტაინის მეცნიერული იდეები ისეთი უჩვეულო და ნოვატორული იყო, რომ თავდაპირველად სამეცნიერო საზოგადოებასაც კი გაუჭირდა მათში გარკვევა. მან დროისა და სივრცის შესახებ ფარდობითობის თეორია შექმნა და, ასევე, შეიმუშავა ატომის შემადგენელი ნაწილაკების — ელექტრონებისა და პროტონების ქცევის თეორია (კვანტური თეორია). დღეს სწორედ ამ თეორიების მეშვეობით იკვლევენ მეცნიერები სამყაროს აგებულებას. ატომური იარაღის შესაქმენლადაც სწორედ მისი მეცნიერული იდეები გამოიყენეს, თუმცა თავად აინშტაინი მშვიდობის თავდადებული დამცველი იყო.
დღეს ეს სამი ფიგურა პოპკულტურის ნაწილადაა ქცეული და მათ ცხოვრებაზე ალბათ ლეგენდა უფრო მეტია, ვიდრე ნამდვილი ფაქტი. მაგრამ მთელი ეს დრამა, საიდუმლოებათა წყება და ანეკდოტები გვერდით რომ გადავდოთ და მხოლოდ მათ გამოგონებებს შევხედოთ, მივხვდებით, რამდენად განსაზღვრა ამ სამ ტვინში დაბადებულმა იდეებმა თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი, მსოფლიო ეკონომიკა და გეოპოლიტიკა.
მოგეხსენებათ, აინშტაინი თავისი ფრთიანი ფრაზებითაცაა ცნობილი, რომელთაგან ეს ერთი ამ სტატიაში განხილული სამი ადამიანის ცხოვრებას საუკეთესოდ აჯამებს: "ეცადე, გახდე არა წარმატებული, არამედ ღირებული".
კომენტარები