რა მოხდა პირველიდან მეორე ტურამდე — არჩევნების ქრონიკა
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისადმი მოლოდინი დიდი იყო, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილმა დაძაბულმა გარემომ განაპირობა. პირველ ტურამდე ოპოზიცია მხოლოდ რეფერენდუმზე საუბრობდა, მმართველი გუნდი კი ოპონენტებს აკრიტიკებდა. არჩევნების წინა დღეს, როცა ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ გახდა ცნობილი, სიტუაცია შეიცვალა და პოლიტიკურმა პროცესებმაც მიმართულება იცვალა.
3 ოქტომბრამდე მმართველი პარტია დარწმუნებული იყო, რომ პირველივე ტურში მოიგებდა, თუმცა იმედები არ გაუმართლდა და მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში დაინიშნა. ამჯერად ოპოზიციამ ცესკოს შედეგები აღიარა და მეორე ტურისთვის დაიწყო მზადება. ბოლო 28 დღეში აქციები, კონტრაქციები, შეხვედრები, კრიტიკა, გეგმები, საარჩევნო რეკლამები — ვითარება არა რადიკალურად, მაგრამ მნიშვნელოვნად შეიცვალა.
არჩევნების შედეგები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმად მოიხსენიებდა. მათი ეს განცხადებები ეფუძნებოდა ჩანაწერს შარლ მიშელის შეთანხმებაში, რომლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ს ვერ აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩანიშნულიყო.
ამავე დოკუმენტში სასამართლო რეფორმის შესახებ ჩანაწერის შეუსრულებლობისა და ამის გამო საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ, მმართველმა პარტიამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. ისინი არჩევნებამდე ხაზგასმით იმეორებდნენ, რომ რამდენი პროცენტიც არ უნდა აეღოთ, არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იქნებოდა.
არჩევნების შემდეგ ამ საკითხზე დავა აღარ გაგრძელებულა. შესაძლოა, იმიტომ, რომ ცესკო-ს მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ ხმების 46,74% მიიღო. თუმცა ოპოზიციის ბრძოლა მერებისა და მაჟორიტარების არჩევნებში გრძელდება.
ოპოზიციას მმართველ გუნდზე მეტი მხარდაჭერა 6 მუნიციპალიტეტში აქვს, თუმცა პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საკმარისი — არცერთში. გარდა ამისა, არის მუნიციპალიტეტები, სადაც ქართული ოცნების კანდიდატს უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო და შესაბამისად, მეორე ტური დაინიშნა. საბოლოოდ, ხუთივე თვითმმართველ ქალაქში და კიდევ 15 თემში მერებს მეორე ტურში აირჩევენ.
გარდა ამისა, 24 საარჩევნო ოლქში მეორე ტური იქნება საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატების ასარჩევადაც.
- ვის და როგორ ირჩევ ნახე აქ: რა უნდა ვიცოდეთ არჩევნების მეორე ტურზე მისვლამდე
საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებები
ეუთო/ოდირმა თქვა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები მეტწილად მშვიდ გარემოში, გამჭვირვალედ და ორგანიზებულად ჩატარდა. შეფასებაში აღნიშნულია ისიც, რომ არჩევნები პოლიტიკური კრიზისისა და მძაფრი პოლარიზაციის ფონზე მიმდინარეობდა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, 2 ოქტომბრის არჩევნებმა აჩვენა ის, რომ ქვეყანა საარჩევნო რეფორმისას დასახული მიზნების მიღწევისგან ჯერ კიდევ შორსაა და ხელისუფლებას არ გააჩნია პოლიტიკური ნება, არჩევნები მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩაატაროს.
აგიტაციას, ზეწოლას, მუქარას, ფიზიკური ძალადობას გაუსვა ხაზი ადამიანის უფლებათა ცენტრმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ფაქტები ხელს უშლის საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოვლენას.
ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, თუმცა დარღვევების შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა პროცესი დააზიანა. მათივე თქმით, აღნიშნული ხარვეზები აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას.
კიდევ ერთი სადამკვირვებლო მისიის, ENEMO-ს შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მეტწილად მშვიდ გარემოში ჩატარდა. მათი განცხადებით, უბნებზე ატმოსფერო ძირითადად იყო მშვიდი, თუმცა დამკვირვებლებმა რამდენიმე ადგილზე შენიშნეს ამომრჩევლებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტები.
კრიტიკული იყო სენატორი ჯიმ რიშის განცხადება. მან თქვა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები დაუჯერებლად იმედგამაცრუებელი იყო და დრამატული უკუსვლა 2012 წლის არჩევნებისგან, რომელსაც ის აკვირდებოდა. სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე დაშინებისა და მოსყიდვის საყოველთაო ცნობებით შეშფოთებულია და საარჩევნო პროცესი მხოლოდ არჩევნების დღე არ არის. მანვე თქვა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რათა მათი ლიდერებისა და მომავლის არჩევის საშუალება ჰქონდეთ.
ვინ ვის უჭერს მხარს
2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემდეგ, პარტიებს, რომელთა კანდიდატები მეორე ტურში ვერ გადავიდნენ, მოუწიათ განცხადებების გაკეთება იმაზე, ვის დაუჭერენ მხარს მეორე ტურში.
გიორგი გახარია, რომელსაც ბევრი მესამე ძალადაც მიიჩნევდა, მხარდაჭერას არ უცხადებს არც ქართულ ოცნებას და არც ნაციონალურ მოძრაობას. "მოღალატის" პარტიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს მმართველი პარტიის თავმჯდომარეც.
ანა დოლიძემ და მისმა პარტიამაც გადაწყვიტეს, რომ მეორე ტურისთვის პოზიცია არ დააფიქსირონ. კოალიციაში მონაწილეობას არ აპირებს არც გიორგი ვაშაძის პარტია.
ამ ეტაპზე, ქართული ოცნების წინააღმდეგ გაერთიანდნენ ნაციონალური მოძრაობა, ლელო, ევროპული საქართველო, დროა, გირჩი — მეტი თავისუფლება და ერთიანი საქართველო. მათ სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, თბილისში კოალიციური მთავრობის შემადგენლობა დაასახელეს და საარჩევნო კამპანიასაც ერთობლივად ატარებდნენ.
გახარიას შეთავაზება სამმხრივ მოლაპარაკებებზე
მიუხედავად იმისა, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა არჩევნების დღეს ყველგან ყოფნა დააანონსა, მეორე ტურში მისი, როგორც თბილისის მერობის კანდიდატის ადგილი არ აღმოჩნდა. 7 ოქტომბერს მან ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას სამმხრივი მოლაპარაკებების ღია ფორმატი შესთავაზა.
გახარიას თქმით, მზად არიან ნებისმიერი პარტიის ნებისმიერ კანდიდატს დაუჭირონ მხარი, თუ ისინი შეთავაზებულ ღია ფორმატში შეირჩევიან, რაზეც ნაციონალური მოძრაობიდან თინა ბოკუჩავამ მზადყოფნა გამოთქვა.
გახარიამ განმარტა, რომ ამ ინიციატივის მიზანია მუნიციპალურ დონეზე კრიზისი არ შეიქმნას და ქალაქებმა და საკრებულოებმა იფუნქციონირონ.
13 ოქტომბერს კი, მისი პარტიის წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების შეთავაზებაზე არც ქართული ოცნებისა და არც ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ოფიციალური გამოხმაურება არ ყოფილა.
მიხეილ სააკაშვილის საქმე
მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა, ქვეყანაში მიმდინარე ძირითადი პოლიტიკური პროცესები მის ირგვლივ ტრიალებს.
არჩევნების მეორე დღესვე, პრემიერმინისტრმა ექსპრეზიდენტზე თქვა, რომ თუ წესიერად არ მოიქცევა, მუხლებს დაუმატებენ. ეს განცხადება აღქმული იყო იმგვარად, რომ სასამართლო სისტემას, რომლის პოლიტიზებაზეც დასავლეთიდან ისედაც დიდი კრიტიკა მოდის, ხელისუფლება დადასტურებულად კარნახობს, როგორ მოიქცეს. მოგვიანებით ღარიბაშვილმა "ახსნა", რომ ადამიანებმა არასწორად გაიგეს და მან უბრალოდ თეორიულად განმარტა ის პროცესი, რაც მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენას მოჰყვებოდა. მისი თქმით, კითხვას "ნახევრად ირონიულად, პოლიტიკურად" უპასუხა.
პრემიერმინისტრმა, ასევე, სცადა საზოგადოება დაერწმუნებინა იმაში, რომ სააკაშვილის გადაადგილებაზე ინფორმაცია ჰქონდათ და არჩევნების წინა ღამეს სწორედ გეგმის მიხედვით დააკავეს.
შემდეგ იყო პრემიერმინისტრის სიძულვილით სავსე წერილი სიძულვილის დასრულებაზე, ასევე, ბრალდებები სააკაშვილის ნარკოდამოკიდებულებაზე, რაზეც ექსპრეზიდენტმა ღარიბაშვილს ადვოკატის პირით "ჩელენჯი" შემოუთვალა — სააკაშვილი პირდაპირ ეთერში ჩააბარებდა ნარკოტესტს, თუ ამას პრემიერმინისტრიც გააკეთებდა. ამ წერილზე უფრო ვრცლად მომდევნო თავებში ვისაუბრებთ.
სააკაშვილმა დაკავებიდან მალევე შიმშილობა გამოაცხადა, პენიტენციურმა სამსახურმაც არ დააყოვნა და გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტმა ციხის მაღაზიაში 7 ქილა თაფლი შეიძინა. ექიმის თქმით კი, სააკაშვილს საკვები არ მიუღია, დალია წვენი, თუმცა ბარათზე არსებული ლიმიტის გამო, წვენის ყიდვასაც ვეღარ ახერხებს. შემდეგ ენმ-ში განაცხადეს, რომ ექსპრეზიდენტმა 5 ქილა თაფლი შეიძინა და სპეკულაციების გამო, 4 უკან დააბრუნა.
მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარეობს აქციები, შემდეგ კონტრაქციები და ისევ აქციები. ერთნი სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, მეორენი სამუდამო პატიმრობას და საერთოდაც ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას.
პატიმრობისა და შიმშილობის 21-ე დღეს ექსპრეზიდენტმა ციხის ფანჯარასთან მისვლა მოახერხა და მხარდამჭერებს მიესალმა. პენიტენციური სამსახურის განმარტებით, სააკაშვილი საშხაპის ფანჯრიდან იყურებოდა, სადაც დაცვას შესვლის უფლება არ აქვს. მათივე თქმით, ექსპრეზიდენტმა ამ გარემოებით ისარგებლა, თუმცა დაწესებულების თანამშრომლებმა "უკანონო ქმედება მყისიერად აღკვეთეს".
პარალელურად, გრძელდებოდა დისკუსია, სად უნდა გადაეყვანათ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში. მისი ადვოკატები და პირადი ექიმი, ისევე, როგორც თავად ექსპრეზიდენტი, სამოქალაქო საავადმყოფოს ითხოვენ. მათი თქმით, პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ არის აღჭურვილი იმ აპარატურით, რაც საჭიროა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისა და მკურნალობისთვის.
მეტიც, ადვოკატები და ექიმი ამბობენ, რომ თავდაპირველად, ამ საკითხზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას კერძო კლინიკაზეც იმსჯელეს, რასაც მინისტრი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ "ტყუილს მოკლე ფეხები აქვს".
გარდა ამისა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში მთავრობა გეგმავს იმიტირებულ ბუნტს და შემდეგ მის ლიკვიდირებას.
სახალხო დამცველიც მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფო სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს და ამასთან, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც.
თუმცა სახელმწიფო უარზეა და "საჭიროების შემთხვევაში", ციხის საავადმყოფოში გადაყვანის პირობას იძლევა. მეტიც, ამტკიცებს, რომ ის სრულად არის აღჭურვილი. მართალია, ხელისუფლება იმაზე აპელირებს, რომ ყველა პატიმარი თანასწორია, თუმცა პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა კიდევ ერთი დეტალი "გაგვიმხილა" — მისი მტკიცებით, სააკაშვილს აქვს "ილუზიები", თითქოს კერძო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, 30 ოქტომბერს მისი მხარდამჭერები მობილიზდებიან და გაათავისუფლებენ.
ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოა და "არ გადაიხედება".
მიხელ სააკაშვილი უკვე თითქმის ერთი თვეა შიმშილობს. ამ პერიოდის განმავლობაში ქართული ოცნების ლიდერებმა პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას უწოდეს "დიეტა", "ფეიკი", "შოუ", "შიმშილობის იმიტირებული ქრონიკა" და ა.შ.
დღეს, 29 ოქტომბერს ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ ასრულებს მისთვის შექმნილ ექიმების კონსილიუმთან თანამშრომლობას, აღარ მიიღებს შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობასა და არ ჩააბარებს ანალიზებს.
ღარიბაშვილის წერილი
6 ოქტომბრის დილას, მოულოდნელად, ქვეყნის პრემიერმინისტრმა ყოფილ, ამჟამად ციხეში მყოფ პრეზიდენტზე ფეისბუქგვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც განიხილა ვერსიები, თუ რატომ ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში.
წერილში გამოყენებულია სიძულვილის ენა, წარმოდგენილია არაერთი ბრალდება თუ შეთქმულების თეორია, ასევე, ღარიბაშვილი საუბრობს იმაზე, თითქოს "სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა" და ამას დამაკნინებლად, დამამცირებლად წარმოაჩენს, რაც სტიგმას აძლიერებს.
"სააკაშვილის რევოლუციური განზრახვა ყველა შემთხვევაში წარუმატებლობისთვის იყო განწირული. მისივე გეგმის მიხედვით, 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა მათ მაქსიმუმ 5 000-კაციან შეკრებას და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა. სააკაშვილს შეიძლება აღარ ახსოვდა, რომ პრემიერი გიორგი გახარია აღარაა და დღეს სახელისუფლო გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს", — ეწერა წერილში, სადაც მოგვიანებით "მხუთავი აირი" შეცვალეს და "ცრემლსადენი გაზი" გახდა.
72 ევროპელი პოლიტიკოსის წერილი
18 ოქტომბერს ევროპარლამენტარებმა, ყოფილმა პრეზიდენტებმა, ელჩებმა, მინისტრებმა ღია წერილი გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს, სანამ მისთვის წაყენებული ბრალდებებისთვის სამართლიან სასამართლო პროცესზე წარდგება.
მათივე განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის დაკავება პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას ემსახურება.
"ყოველი დღე, როცა საქართველოს მთავრობა აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას და მისი პოლიტიკური მტრებისა და წინამორბედების დაპატიმრებას, არის კიდევ ერთი დღე, რომელიც აუარესებს უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის ციკლს საქართველოში, ხოლო ეროვნული სტრატეგიული პრიორიტეტებისთვის პოლიტიკური ძალების ერთობას შეუძლებელს ხდის. უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუციებს, რაც არის საქართველოს საუკეთესო დაცვა ეგზისტენციალური საფრთხეებისგან, რომლის წინაშეც კვლავ დგას. ჩვენ ვიცით, სად მიდის ეს ფორმა. ახლა დუმილი არჩევანი არ არის", — აღნიშნულია განცხადებაში.
ღია წერილს მმართველი გუნდიდან კრიტიკული შეფასება მოჰყვა. პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ყველა, ვინც ხელს აწერს წერილს, იმ დანაშაულების თანამონაწილე ხდება, რაც ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს "მიუძღვის". პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიპლომატმა მაკა ბოჭორიშვილმა კი ევროპელი პოლიტიკოსების წერილს პირადი ურთიერთობების საფუძველზე შექმნილი სუბიექტური მოსაზრება უწოდა.
წერილს მოჰყვა ქვეყნის პრემიერმინისტრის მიერ ევროპარლამენტარების წინააღმდეგ ახალი ტალღაც. 19 ოქტომბერს ღარიბაშვილი ამტკიცებდა, რომ მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის. შემდეგ განავრცო, რომ "მუდმივი სპეკულირება მიმდინარეობს იმის თაობაზე, რომ ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს". მან ხაზი გაუსვა, რომ ღია წერილს, სადაც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, ქართველი პოლიტიკოსებიც აწერენ ხელს და აღნიშნა, რომ ამის შესახებ სხვებმა უთხრეს, რადგან თავად წერილი არ წაუკითხავს.
მალევე ღარიბაშვილმა დააზუსტა, რომ ევროპარლამენტში 700 დეპუტატია და ისინი ვერც ფოტიგას ჭკუით ივლიან, ვერც კუბილიუსის.
"ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას", — აღნიშნავს საქართველოს პრემიერმინისტრი.
წინასაარჩევნო რეკლამაში სიძულვილის ენის რეგულირება
"სისხლიანი ბანერების" სერიისა და 2 ოქტომბრის ღამეს ჩამოხსნილი ბილბორდების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო რეკლამაში სიძულვილის ენის რეგულირება გადაწყვიტა. ინიციატორი იყო ალმა — ის კომპანია, რომელმაც ვაქცინაციის წამახალისებელი ბილბორდი სისხლიანით ჩაანაცვლა, შემდეგ კი, ოპოზიციურ პარტიას სატირული რეკლამის განთავსებაზე უარი უთხრა.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ამ ცვლილებებს მიიღებს, აიკრძალება ისეთი სააგიტაციო მასალის საჯარო სივრცეში გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის ან სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად.
ამასთან, კანონპროექტით დგინდება, რომ პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ ან მათი დაკვეთით საჯარო სივრცეში გავრცელებული სააგიტაციო მასალა სხვა პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის გამოსახულებას, სახელწოდებას, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას არ უნდა შეიცავდეს.
რეგულაციები ეხება როგორც ტელევიზიებისა და რადიოების, ასევე, სტენდების, ფასადებს, სხვა უძრავ/მოძრავი კონსტრუქციებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის საშუალებით გავრცელებულ რეკლამას. სტენდებზე, ბილბორდებზე და ა.შ. ამ ტიპის რეკლამის განთავსებაზე ჯარიმა 2 000 ლარია. ხოლო თუ დაჯარიმებული ამის შემდეგ სააგიტაციო მასალას არ ჩამოხსნის, ის ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ყოველი 3 დღის გასვლისთანავე 4 000 ლარით დაჯარიმდება მანამ, სანამ სააგიტაციო მასალას არ ჩამოხსნის.
პროტესტი ზუგდიდში
წინასაარჩევნო პერიოდში ზუგდიდისა და ზუგდიდელების აქტიურობა ახალი ამბავი არ არის. ის პროტესტისა და აქციების ერთგვარად მეორე დედაქალაქად იქცა.
თავდაპირველად დაპირისპირებები ხმების გადათვლას მოჰყვა. სწორედ ხელახალი დათვლის შედეგად, ერთ მაჟორიტარულ ოლქში სიტუაცია ქართული ოცნების კანდიდატის სასარგებლოდ შეიცვალა. ამას ნაციონალური მოძრაობის პროტესტი მოჰყვა. ანა წითლიძე აცხადებდა, რომ ბათილი ბიულეტენების დალუქული კონვერტები გახსნეს და ხმები ქართული ოცნების სასარგებლოდ გადააკეთეს.
შემდეგი ეტაპი იყო ყოფილი ძალოვნების სახლების ჩხრეკა და ერთ-ერთის, ლექსო რაფავას დაკავება. ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ეს ადამიანები პირველ ტურში ხელს უშლიდნენ გაყალბებას და ამიტომ შსს-მ მათი დევნა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, მამუკა ჭელიძე კი ამტკიცებს, რომ სტანდარტული საპოლიციო ღონისძიებები განხორციელდა.
ჩხრეკას და დაკავებას მოჰყვა სამეგრელოში შსს-ს რამდენიმე თანამშრომლის სამსახურიდან წამოსვლა. ისინი ასე მხარდაჭერას უცხადებენ ლექსო რაფავას და პროტესტს გამოთქვამენ. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის უწყება 8 ადამიანმა დატოვა.
3+3 ფორმატი და მინისტრის განმარტება
10 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა 3+3 ფორმატზე. ინიციატივა გულისხმობს რეგიონული ფორმატის თანამშრომლობას თურქეთს, ირანს, რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის. ზალკალიანის განცხადება აღიქმებოდა ისე, თითქოს საქართველოსთვის რთული იქნება, ამ ფორმატში თანამშრომლობა რუსეთთან, მაგრამ რაიმე ფორმით ჩართვა გეოპოლიტიკურ პროექტებში საჭიროა.
ზალკალიანმა თქვა, რომ "ძალიან ძნელია დაჯდე ამ ფორმატში" რუსეთთან ერთად ოკუპაციის პირობებში. თუმცა, აღნიშნა ისიც, რომ აუცილებელია, საქართველო ჩართული იყოს ყველა მნიშვნელოვან რეგიონულ პროექტში, მაგრამ "არა სახელმწიფო ინტერესების და ოკუპანტთან რაღაცა დათმობის ხარჯზე".
მინისტრის ნათქვამს კრიტიკა მოჰყვა, რის პასუხადაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ზალკალიანს ის არ უგულისხმია, რაც გაიგეს და 3+3-ში ჩართვას არ აპირებენ.
თბილისში ოფიციალური ვიზიტის დროს, ამაზე ჰკითხეს აშშ-ის თავდაცვის მდივანსაც, რაზეც ოსტინმა უპასუხა, რომ რუსეთმა ჯერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს და შემდეგ ილაპარაკოს ახალი ფორმატების შექმნაზე.
აქცია და არაღიარებული კონტრაქცია
წინასაარჩევნოდ, საარჩევნოდ და პოსტსაარჩევნოდ აქციები, ფაქტობრივად, საქართველოს ყოველდღიურობაა. და ეს ასეც რომ არ იყოს, ქვეყანაში, რომელსაც 9 წელია ერთი პარტია მართავს და უამრავი პრობლემაა დაგროვილი, ეს ლოგიკური და მოსალოდნელია. მით უფრო, თუ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტი ციხეში აღმოჩნდა.
"მიშას თავისუფლებისთვის" აქციაზე ათეულობით ათასი ადამიანი მივიდა. მანამდე, თბილისში წამოსულ მხარდამჭერთა კოლონებს გზებზე ცოცხებით დახვდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა, მობილიზებული პირები ცოცხებს მანქანებს ესროდნენ და ოპოზიციურ პარტიას აგინებდნენ.
აქციაზე მიხეილ სააკაშვილის წერილიც წაიკითხეს, სადაც დიდ შერიგებაზე იყო საუბარი.
აშკარაა, რომ შერიგებას არ აპირებს ქართული ოცნება. პარტიამ ჯერ ნაციონალური მოძრაობის "დამთავრება" დააანონსა და სარეკლამო ვიდეოში ტროლ-ბოტების საყვარელი კარები გამოიყენა, შემდეგ კი აქციის შესახებ გვამცნო, რომელიც ასევე თავისუფლების მოედანზე უნდა გამართულიყო.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი ერთგვარ შეჯიბრს ჰგავდა, მმართველი გუნდი არ აღიარებდა, რომ ყოფილ სახელისუფლებო პარტიას კონტრაქციას უმართავდა. თუმცა სიტყვით გამოსვლებში ძირითადი აქცენტი, ტრადიციულად, ნაციონალურ მოძრაობაზე იყო. ქართული ოცნების ლიდერებმა, მათ შორის მთავრობის წევრებმა, მთავარი აქცენტები ისევ რუსთავის ციხეში მყოფ მოშიმშილე სააკაშვილზე და იმ "ბოროტებაზე" გააკეთეს, რაც მის პარტიას "ახასიათებს".
ეს აქციაც მასშტაბური იყო, თუმცა პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს, მათ შორის ბაღებისა და სკოლების თანამშრომლებს წასვლა აიძულეს. რამდენიმე მედიამ ფულის გადახდის ფაქტებზეც ისაუბრა. თავად აქციის მონაწილეების ნაწილი კი ჟურნალისტების კითხვებს გაურბოდა და თბილისში ჩამოსვლის მიზეზად ხან ქორწილს იმიზეზებდა, ხან სატირალს, ხანაც "სვიდენიას".
სახელისუფლებო პარტიის აქცია 1 საათში დასრულდა და შესაშურად ორგანიზებული ტრანსპორტით მოსული ხალხი ასევე ორგანიზებულად დაიძრა სახლებისკენ.
მართალია, ბოლო 3 კვირაში პოლიტიკური ველი რადიკალურად არ შეცვლილა, თუმცა ყველაფერი წინაა — ექსპრეზიდენტი ერთი თვეა ციხეში შიმშილობს, არავინ იცის რა მოხდება მეორე ტურზე და შედეგების გამოცხადების შემდეგ. ფაქტია, რომ არსებული რეალობა ბევრს არ მოსწონს. ამის შესაცვლელად ახლა ერთადერთი გზა არჩევნებზე წასვლა და სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემაა.
კომენტარები