ქორწილში, ბულვარში, სასეირნოდ, ექიმთან, სატირალში და სხვა — სად იყვნენ "ოცნების" აქციის მონაწილეები
მმართველმა პარტიამ აქცია გამართა. ქართულ ოცნებას, რომელიც უკვე 9 წელია ხელისუფლებაშია, არ დაუკონკრეტებია, ვის წინააღმდეგ შეკრიბა ამომრჩევლები და საჯარო სამსახურში დასაქმებულები. პარტიის ლიდერების სიტყვით გამოსვლებს თუ დავაკვირდებით, ადრესატი ნაციონალური მოძრაობა იყო, ანუ ის პარტია, რომელიც ქვეყანას უკვე 9 წელია აღარ მართავს.
მეორე დღეა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს, მათ შორის ბაღებისა და სკოლების თანამშრომლებს აქციაზე წასვლა აიძულეს, რასაც ისინი საჯაროდ არ ადასტურებენ. რამდენიმე მედია ამბობს, რომ შეკრების მონაწილეებს ფულიც გადაუხადეს, მმართველი პარტია კი მხოლოდ კვებისა ხარჯების დაფინანსებას ადასტურებს.
სხვადასხვა რაიონიდან მიკროავტობუსებით ხალხის ჩამოყვანა დილიდან დაიწყო. ჟურნალისტები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, მოქალაქეებისგან მიეღოთ პასუხები, სად და რატომ მიდიან ასე მობილიზებულად. მიზეზი ცხადი იყო, თუმცა რატომღაც მმართველი გუნდის მხარდამჭერები, რომლებმაც უარი არ/ვერ თქვეს რამდენიმესაათიან მგზავრობაზე, რთული ეპიდვითარების დროს ხალხმრავალ ღონისძიებაზე შეკრებასა და ქართული ოცნების მხარდაჭერაზე, მედიას თამამად ვერ ეუბნებოდნენ, რომ თბილისში აქციაზე მიდიან. პირბადეში, სათვალეებსა და ქუდებში ჩამალულები, ხშირად კი ერთმანეთის ზურგს ამოფარებულები კითხვებს გაურბოდნენ. ნაწილი ჟურნალისტებს აგრესიულად "იგერიებდა", ნაწილი კი ხუმრობით ან ირონიულად აცხადებდა, რომ მიდის ქორწილში, სასეირნოდ, საყიდლებზე, "საგულაოდ", ბულვარში, სატირალში და ა.შ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამ ტიპის პასუხებს მხოლოდ იმიტომ ამბობდნენ, რომ აშკარად ეს იყო პირველი, რაც მოაფიქრდათ.
მაგალითად, კახეთში ერთ-ერთმა მოქალაქემ ფორმულას ჟურნალისტს განუცხადა: "ქორწილში მივდივართ, ჩემი შვილის ქორწილია", ხოლო კითხვას, სად იმართება ქორწილი, უპასუხა: "თბილისში არის, გლდანში, დიდუბეში".
TV პირველის ჟურნალისტს კი უთხრეს, რომ ყველანი ერთად, ერთი სამარშრუტო ტაქსით ექიმთან მიდიოდნენ. მეორე მიკროავტობუსის მგზავრები ვერ შეთანხმდნენ, ექსკურსიაზე აპირებდნენ წასვლას თუ რესტორანში საქეიფოდ.
"ექსკურსიაზე მივდივარ, საქართველოს მუზეუმი საერთოდ არ მინახია და ის უნდა დავათვალიერო" — ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
მეორე კი ამტკიცებს, რომ "რესტორანში საქეიფოდ" მიდის.
თავისუფლების მოედანზე მყოფ On.ge-ს ჟურნალისტს ერთ-ერთმა მონაწილემ უთხრა, რომ სასეირნოდ მივიდა და აქციის სულისკვეთებას არ იზიარებს.
გურიიდან თბილისში ნაადრევად ჩამოსული ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა კი ფორმულასთან თქვა, რომ ისინი სინამდვილეში თბილისის დასათვალიერებლად ჩამოვიდნენ.
"ჩვენ სინამდვილეში მოსავლელად ჩამოვედით, თბილისში არ ვართ ნამყოფი. რა არის გაკეთებული, რა კეთდება, ხომ უნდა ვიცოდეთ".
აქციაზე ისეთი ადამიანებიც შეიკრიბნენ, რომლებიც ჟურნალისტებთან ამბობდნენ, რომ თბილისში აქციაზე კი არა, ახლობლების მოსანახულებლად არიან.
"მე ახლობელს ველოდები, აქციებზე არ დავდივარ", — განუცხადა მთავარი არხის ჟურნალისტს ერთ-ერთმა მოქალაქემ თავისუფლების მოედანზე აქციის დაწყებამდე.
კიდევ ერთმა პირმა TV პირველის ჟურნალისტს უპასუხა: "სტუმრად ვარ ჩამოსული, მაგაზე მეტი არ ჩამეკითხო, ძმობას გაფიცებ".
გორიდან თბილისში მომავალმა ადამიანმა კი ფორმულას ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ "შეყვარებულთან სვიდენიაზე" წამოვიდა.
ქუთაისიდან წამოსულთა ნაწილი "ილია მართალის" დაბადების დღეზე მიდიოდა — მის "საფლავზე შესანდობარის სათქმელად და სანთლების დასანთებად".
"ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე არის დღეს, 184 წელიწადი უსრულდება, მივდივართ მთაწმინდაზე, დამთავრდა ლაპარაკი", — უთხრა მთავარი არხის ჟურნალისტს მიკროავტობუსის მგზავრმა.
თუმცა, იმერეთში ისეთი ადამიანებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც თბილისში უბრალოდ საყიდლებზე წამოვიდნენ და გზად აქციაზე მისვლასაც აპირებდნენ.
"საყიდლებზე მივდივარ, რაღაცა ფეხსაცმელს ვიყიდი, რამეს ვიყიდი. აქციაზედაც ჩავალ, კაცო", — ამბობს ფორმულასთან ერთ-ერთი მოქალაქე.
აქციის ერთი მონაწილის მტკიცებით, თავისუფლების მოედანზე "ისე" გამოვიდა. ამის შესახებ მან On.ge-სთან ისაუბრა. კიდევ ერთმა მოქალაქემ კი გვითხრა, რომ ეს არის დღესასწაული და "ნაცების დამთავრების დღეა და ჩვენი გამარჯვების".
იყვნენ ისეთებიც, ვინც არ იცოდა არათუ აქციის მიზანი, არამედ ის, ვინ იყო ორგანიზატორი და რომელი პარტიის მხარდასაჭერად მოდიოდა. მაგალითად, ფორმულას ერთ-ერთმა მოქალაქემ განუცხადა, რომ არ იცის რასთან დაკავშირებითაა აქციაა, თუმცა უთხრეს, რომ წასულიყო დასახმარებლად და მიდის.
"ის არ ვიცი, რასთან დაკავშირებით, უბრალოდ მითხრეს, რომ წამოგვყევიო, დაგვეხმარეო და მივდივარ და ვეხმარები", — ამბობს ის.
"ვიდგები და ვუყურებ კონცერტს", — განუცხადა მთავარი არხის ჟურნალისტს აქციაზე მისულმა ადამიანმა.
"ქართველებმა მხარში დგომა გაჭირვების დროს ვიცით. ახლა ძალიან დიდი გაჭირვება უდგას ქვეყანას, ვგულისხმობ ყველაფერს — მსოფლიოს გასაჭირს და ჩვენს კონკრეტულ გასაჭირს" — ამბობს მოქალაქე On.ge-სთან.
გორიდან ქართული ოცნების კოლონასთან ერთად ჩამოსულმა ერთ-ერთმა ადამიანმა კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან "უნდა გათავისუფლდეს".
"გორიდან ჩამოვედი. სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან. ღმერთის გამოგზავნილი ანგელოზია და არ შეიძლება მისი ციხეში ყოფნა. ვისი აქციაც არ უნდა იყოს, უნდა გადადონ ყველაფერი და ციხიდან უნდა გამოვიდეს სააკაშვილი. რისი უნდა მეშინოდეს? 9 წელი სინათლე არ მაქვს, ტელევიზორზე ლაპარაკი ზედმეტია. ამდენი ხალხის შევიწროება. მაგათმა დაამთავრეს, ოცნებამ, 8 წელი სააკაშვილის დაკავებითა და ხალხის შევიწროებით. უნდა გადადგნენ, უნდა წავიდნენ, სააკაშვილი ციხიდან უნდა გამოვიდეს".
თავისუფლების მოედანზე ქართული ოცნების აქცია ერთ საათს გაგრძელდა. შეკრებილებს სიტყვით პარტიის ლიდერებმა მიმართეს, რომელთა ძირითადი მესიჯები, უკვე ტრადიციულად, წინა ხელისუფლებას უკავშირდებოდა. შედარებით ადრე მისულებისთვის კი გუფი ლენდმა, გელა გნოლიძისა და ზუკა ხუციშვილის ბენდებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს. აქციის ბოლოს გაჟღერდა სიმღერის "ჩემი საქართველო აქ არის" და საქართველოს ჰიმნის "ახალი ვერსიებიც".
კომენტარები