ტაივანი ჯარისკაცების გასაძლიერებლად ეგზოჩონჩხებს ქმნის
ეს ყველაფერი "Taiwan IronMan" პროგრამის ფარგლებში ხდება
ტაივანის განცხადებით, მათ შექმნეს ელემენტზე მომუშავე ეგზოჩონჩხი, რომელიც ჯარისკაცებს გაცილებით უფრო სწრაფად სირბილისა და მძიმე ტვირთის ტარების საშუალებას აძლევს.
მოწყობილობის პირველი ვერსია ტაივანის "ჩუნგ-შანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ნაციონალურმა უნივერსიტეტმა" დაამზადა. ისინი სახელმწიფოს სხვა იარაღითაც ამარაგებენ. პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ჩონჩხი შეიქმნა "Taiwan IronMan program" ეწოდება. მასზე ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. პროექტის ბიუჯეტმა სულ რაღაც 5.74 მილიონი დოლარი შეადგინა. მისი მიზანი ჯარისკაცების ქვედა კიდურებისთვის დამხმარე ეგზოჩოჩხის შექმნა იყო.
"ჩვენ გვსურდა, რომ ჯარისკაცების დატვირთვა შეგვემსუბუქებინა. დამხმარე კოსტიუმის შემუშავება 2020 წელს დავიწყეთ" — ამბობს ჯენ კუო-კუანგი, პროექტის მთავარი დეველოპერი SCMP-სთან საუბარში.
ჯენ კუო განმარტავს, რომ ეგზოჩონჩხი ამცირებს დატვირთვას ფეხზე და მენჯბარძაყის სახსარზე, რაც ჯარისკაცს აძლევს საშუალებას ატაროს უფრო მძიმე ნივთები უფრო გრძელ მანძილებზე 6.4 კმ/სთ სიჩქარით.
"მათი გამოყენება შეიძლება საველე ოპერაციების, ამუნიციისა და მძიმე შეიარაღების გადასატანად. ასევე მათი მეშვეობით ჯარისკაცი საომარ სიტუაციაში მეტად მობილური იქნება" — განაცხადა ჯენ კუო-კუანგმა კონფერენციაზე.
ტაივანი გეგმავს ეგზოჩონხის 2.0 ვერსიის შექმნასაც. მათი თქმით, მეორე თაობის ეგზოჩონჩხის მატარებელი ადამიანი 100 კილო ტვირთის ზურგით ტარებას შეძლებს. ჯენის თქმით, ეს ჯარისკაცებს ომის დროს დაჭრილების გადაყვანაში ძალიან დაეხმარებათ.
ამ ყველაფრის ფონზე ტაივანისა და ჩინეთის ურთიერთობა დღითიდღე იძაბება. ჩინეთი ტაივანის ტერიტორიას თავისად მოიაზრებს. მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების მოწოდებისა, შეენარჩუნებინათ სიმშვიდე, ჩინეთმა ამ თვეში ტაივანის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვია.
2021 წლის დასაწყისში მსგავსი ეგზოჩონჩხი ჩინეთის არმიამაც წარადგინა. ამ ორ ქვეყანას შორის ომი შესაძლოა ფუტურისტულ ფილმს დაემსგავსოს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები