რა უნდა ვიცოდეთ არჩევნების მეორე ტურზე მისვლამდე

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება

შაბათს, 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მერობისა და მაჟორიტარობისთვის ჯამში 9 პარტიის, ასევე, ორი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს.

2 ოქტომბერს გამართული პირველი ტურის შემდეგ მუნიციპალიტეტის მერი 59-დან 44 თვითმმართველ თემში აირჩიეს და ყველა მათგანი ქართული ოცნების კანდიდატია. 64 მუნიციპალური საკრებულოდან კი დაკომპლექტდა 40.

მეორე ტურში მერი 15 თვითმმართველ თემსა და 5 თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის, თბილისში აირჩევა. გარდა ამისა, მეორე ტური გაიმართება 24 საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგად აირჩევა 42 მაჟორიტარი.

თვითმმართველი ქალაქების მერეობის არჩევნების მეორე ტური

ხუთივე თვითმმართველ ქალაქში ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებიან. თუმცა, ენმ-ის მიერ წარდგენილ კანდიდატებს სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაც აქვთ.

თვითმმართველი ქალაქების მერობის კანდიდატები არიან:

თბილისი

  • კახა კალაძე — ქართული ოცნება (პირველ ტურში აიღო ხმების 45,006%);
  • ნიკა მელია — ნაციონალური მოძრაობა (პირველ ტურში აიღო ხმების 34,011%).

რუსთავი

  • ნინო ლაცაბიძე — ქართული ოცნება (პირველ ტურში აიღო ხმების 44,839%);
  • დავით კირკიტაძე — ნაციონალური მოძრაობა (პირველ ტურში აიღო ხმების 43,544%).

ქუთაისი

  • ხატია დეკანოიძე — ნაციონალური მოძრაობა (პირველ ტურში აიღო ხმების 43,335%);
  • იოსებ ხახალეიშვილი — ქართული ოცნება (პირველ ტურში აიღო ხმების 41,45%).

ფოთი

  • ბექა ვაჭარაძე — ქართული ოცნება (პირველ ტურში აიღო ხმების 46,846%);
  • გიგი უგულავა — ნაციონალური მოძრაობა (პირველ ტურში აიღო ხმების 38,096%).

ბათუმი

  • გიორგი კირთაძე — ნაციონალური მოძრაობა (პირველ ტურში აიღო ხმების 41,965%);
  • არჩილ ჩიქოვანი — ქართული ოცნება (პირველ ტურში აიღო ხმების 41,075%).

თვითმმართველი თემების მერების არჩევნების მეორე ტური

მერების არჩევნების მეორე ტური 15 თვითმმართველ თემში გაიმართება. აქედან ერთში, ცაგერში, ქართული ოცნების კანდიდატის, გიორგი ნემსაძის მოწინააღმდეგე ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის კანდიდატი, ბესარიონ ბენდელიანია.

გარდა ამისა, თიანეთში მმართველი პარტიის კანდიდატის, ლევან წიკლაურის კონკურენტი მოქმედი მერი და პარტია ერთიანი საქართველოსთვის კანდიდატი, თამაზ მეჭიაურია.

ოზურგეთში კი ქართული ოცნების კანდიდატ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად მეორე ტურში გადავიდა მოქმედი მერი და დამოუკიდებელი კანდიდატი, კონსტანტინე შარაშენიძე.

დანარჩენ 12 მუნიციპალიტეტის მერობისთვის ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები შეეჯიბრებიან.

მეორე ტური გაიმართება შემდეგ თვითმმართველი თემებში:

  • თელავი;
  • თიანეთი;
  • ქარელი;
  • ხაშური;
  • ცაგერი;
  • ბაღდათი;
  • წყალტუბო;
  • ოზურგეთი;
  • სენაკი;
  • მარტვილი;
  • ხობი;
  • ზუგდიდი;
  • წალენჯიხა;
  • ჩხოროწყუ;
  • ხელვაჩაური.

თვითმმართველი თემების მერობის კანდიდატების სია შეგიძლია ნახო ამ ბმულზ.

საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური

მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური სულ 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდება. თითოეულ მუნიციპალიტეტში ერთ, ორ ან რამდენიმე ადგილობრივ მაჟორიტარს აირჩევენ. მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში 9 პარტიისა და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი მიიღებენ მონაწილეობას.

მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური გაიმართება შემდეგ საარჩევნო ოლქებში:

  • საბურთალო (აირჩევა 1 მაჟორიტარი);
  • ყვარელი (აირჩევა 1 მაჟორიტარი);
  • ახმეტა (აირჩევა 1 მაჟორიტარი);
  • თიანეთი (აირჩევა 1 მაჟორიტარი);
  • რუსთავი (აირჩევა 1 მაჟორიტარი);
  • დუშეთი (აირჩევა 1 მაჟორიტარი);
  • კასპი (აირჩევა 1 მაჟორიტარი);
  • ქარელი (აირჩევა 2 მაჟორიტარი);
  • ხაშური (აირჩევა 1 მაჟორიტარი);
  • ონი (აირჩევა 2 მაჟორიტარი);
  • ლენტეხი (აირჩევა 1 მაჟორიტარი);
  • სამტრედია (აირჩევა 1 მაჟორიტარი);
  • ჭიათურა (აირჩევა 1 მაჟორიტარი);
  • წყალტუბო (აირჩევა 1 მაჟორიტარი);
  • ოზურგეთი (აირჩევა 4 მაჟორიტარი);
  • ჩოხატაური (აირჩევა 1 მაჟორიტარი);
  • სენაკი (აირჩევა 2 მაჟორიტარი);
  • მარტვილი (აირჩევა 3 მაჟორიტარი);
  • ზუგდიდი (აირჩევა 1 მაჟორიტარი);
  • წალენჯიხა (აირჩევა 5 მაჟორიტარი);
  • ჩხოროწყუ (აირჩევა 5 მაჟორიტარი);
  • ქედა (აირჩევა 1 მაჟორიტარი);
  • ხელვაჩაური (აირჩევა 2 მაჟორიტარი);
  • ხულო (აირჩევა 2 მაჟორიტარი).

საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში მეორე ტურში გადასული კანდიდატების სია შეგიძლია ნახო ამ ბმულზე.

რომელ უბანზე ვაძლევ ხმას

არჩევნების მეორე ტურშიც ზუსტად იგივე უბანზე აძლევ ხმას, რომელშიც პირველ ტურში მიიღე მონაწილეობა. არჩევნებამდე საუბნო საარჩევნო კომისიები არიგებენ ამომრჩეველთა მონაცემების ბარათებსა და საინფორმაციო ბუკლეტებს. მათი საშუალებით თითოეულ ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს არჩევნებისა და მისი საარჩევნო უბნის შესახებ ინფორმაცია მიიღოს.

გარდა ამისა, შეგიძლია შენი პირადი მონაცემები გადაამოწმო ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცესკოს ვებგევრდზე.

ფოტო: ცესკო

შესაბამის გრაფაში უნდა ჩაწერო პირადი ნომერი და გვარი, რის შემდეგაც სისტემა ავტომატურად ამოგიგდებს შენი უბნის/ოლქის ნომერსა და მისამართს. აქვე დაგხვდება რუკა, რომელიც დაგეხმარება ზუსტად მიაგნო შენობა, სადაც უნდა მისცე ხმა.

გაითვალისწინე, რომ მეორე ტურში მონაწილეობა იმ შემთხვევაშიც შეგიძლია, თუ პირველი ტურის დროს არჩევნებზე არ იყავი.

ცესკოს 24 ოქტომბრის მონაცემებით, 20 თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის არჩევნებში სულ 2 060 857 ამომრჩეველია რეგისტრირებული. რაც შეეხება საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებს, 24 საარჩევნო ოლქში ჯამში 283 363 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

♦ თითოეულ თვითმმართველ ქალაქში/თემში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა შეგიძლია ნახო ამ ბმულზე.

♦ თითოეულ ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა შეგიძლია ნახო ამ ბმულზე.

რა ხდება საარჩევნო უბანზე

საარჩევნო უბანი ამომრჩევლებისთვის ღიაა 30 ოქტომბრის დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ ამომრჩევლებსაც, ვინც საარჩევნო უბანთან მის დაკეტვამდე მივა, მაგრამ რიგის გამო დროულად ხმის მიცემას ვერ შეძლებს. საარჩევნო უბანთან საღამოს 8 საათის შემდეგ მისული ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

კენჭისყრის შენობაში შესვლისას, პირველ რიგში, ხვდები ე.წ. ნაკადის მომწესრიგებელს, რომელსაც უნდა აჩვენო პირადობის მოწმობა ან პასპორტი, რომელიც არ არის ვადაგასული. ამ დროს აუცილებელია რამდენიმე წამით მოიხსნა პირბადე, რათა შესაძლებელი იყოს იდენტიფიცირება. იგივე ადამიანი ულტრაიისფერი ფარნით შეამოწმებს, ხარ თუ არა მარკირებული, ამის შემდეგ კი მიგითითებს, რომელ სარეგისტრაციო მაგიდასთან უნდა მიხვიდე.

გაფრთხილება: თუ აღმოჩნდა, რომ მარკირება უკვე გავლილი გაქვს, კენჭისყრაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებ, შენს ვინაობას კი ჩანაწერთა წიგნში ჩაინიშნავენ.

რეგისტრატორს უნდა წარუდგინო პირადობის მოწმობა ან პასპორტი, იდენტიფიცირებისთვის კი ისევ უნდა მოიხსნა პირბადე.

გაფრთხილება: თუ არ მოიხსნი პირბადეს, არ გადმოგცემენ ბიულეტენებს და შესაბამისად, ვერ მიიღებ მონაწილეობას არჩევნებში.

იმ შემთხვევაში, თუ არასწორ უბანზე მიხვედი და სიაში არ ხარ, მონაცემთა გადამოწმებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, თავად შეამოწმოს შენი რეგისტრაციის ადგილი და გითხრას, რომელ საარჩევნო უბანზე შეგიძლია ხმის მიცემა.

მონაცემების (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი) შემოწმების შემდეგ, გადიხარ მარკირების პროცედურას. მარკირება კეთდება მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელ თითზე. თუ ეს რაიმე მიზეზით შეუძლებელია, მაშინ სხვა თითებზე, თუ ესეც შუძლებელია, მაშინ მარცხენა ხელზე, იგივე პრინციპით.

გაფრთხილება: მნიშვნელოვანია, რომ მარკირების პროცედურა გაიარო მხოლოდ კონკრეტული უბნის ამომრჩეველთა სიაში შენი მონაცემების გადამოწმების შემდეგ და არა მანამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ არასწორ უბანზე მიხვედი, უკვე მარკირებული ვეღარ შეძლებ შენს უბანზე შესვლას.

მარკირების შემდეგ ერთჯერადი კალმით ხელს აწერ ამომრჩეველთა ერთიან სიაში, შენი სახელის გასწვრივ. მხოლოდ ამის შემდეგ გადმოგეცემა ბიულეტენები.

აღსანიშნავია, რომ მე-2 ტურზე არა მხოლოდ თბილისის, არამედ რეგიონების საარჩევნო უბნებზეც განახლებული კაბინები დაგხვდებათ. საუბარია ახალი ტიპის საარჩევნო კაბინებზე, რომლებშიც ჩანს, როგორ აძლევს ამომრჩეველი ხმას, თუმცა არ ჩანს უშუალოდ ბიულეტენი და ის, თუ რომელ საარჩევნო სუბიექტს ხაზავს ის. ამ ტიპის კაბინები 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურზე საპილოტე პროექტის სახით, თბილისის საარჩევნო უბნებზე გამოიყენეს.

ფოტო: გვანცა სეთურიძე/On.ge

რამდენი ბიულეტენი დაგვხვდება საარჩევნო უბანზე

პირველი ტურისგან განსხვავებით, ამჯერად საარჩევნო უბანზე ერთ ან მაქსიმუმ, ორ ბიულეტენს მოგცემენ. იმ შემთხვევაში, თუ შენი ქალაქის ან მუნიციპალიტეტის საკრებულო სრულადაა დაკომპლექტებული, მაგრამ, პირველ ტურში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა, უბანზე მხოლოდ ერთი ბიულეტენი დაგხვდება. მაგალითად, ქუთაისში ამომრჩეველს მხოლოდ ერთ ბიულეტენს გადასცემენ, სადაც მერი უნდა აირჩიოს.

გაფრთხილება: თუ ბიულეტენი ან კონვერტი შემთხვევით გაგიფუჭდა, საუბნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით რეგისტრატორი გადმოგცემს ახალ ბიულეტენს ან კონვერტს, ძველს კი შენივე თანდასწრებით ჩამოაჭრის კუთხეს, დააწერს "გაფუჭებულია", ხელს მოაწერს და ასე შეინახავს.

ერთ ბიულეტენს გადმოგცემენ იმ შემთხვევაშიც, თუ შენი მუნიციპალიტეტის მერი უკვე არჩეულია, მაგრამ, საკრებულო სრულად არ არის დაკომპლექტებული. მაგალითად, ასეთი ვითარებაა ყვარლის, ხულოს, დუშეთისა და ჩოხატაურის კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე. ამ შემთხვევაში ამომრჩეველი ხმას მისცემს ადგილობრივი საარჩევნო ოლქის მაჟორიტარს მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

გაფრთხილება: მეორე ტურში ნებისმიერ ბიულეტენზე მხოლოდ ორი კანდიდატი იქნება — ისინი, ვინც პირველ ტურში საუკეთესო შედეგები აჩვენეს.

ორი ბიულეტენი გადაეცემა იმ ამომრჩეველს, ვინც უნდა აირჩიოს როგორც ქალაქის ან მუნიციპალიტეტის მერი, ისე ადგილობრივი საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი. მაგალითად, ორ ბიულეტენს მიიღებს თბილისში, საბურთალოს საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩეველი, ასევე თიანეთის, ხელვაჩაურის, რუსთავის, ჩხოროწყუს კონკრეტული უბნების ამომრჩევლები.

რა ხდება კაბინაში და რა შემთხვევაში უქმდება ბიულეტენი

არჩევნების მაღალი ლეგიტიმაციისთვის უმნიშვნელოვანესია კენჭისყრის პროცესის ფარულობა. გახსოვდეს, რომ შენ გაქვს უფლება ხმა მისცე იმ კანდიდატს/პარტიას, ვინც შენ გსურს. კანონდარღვევაა ნებისმიერი სახის ზეწოლა ან იძულება, ხმა მისცე შენთვის არასასურველ საარჩევო სუბიექტს.

იმ შემთხვევაში, თუ შემოხაზავ კონკრეტულ საარჩევნო ნომერს, თუმცა შენი რეალური ნება სხვა კანდიდატის/პარტიის არჩევაა, შეგიძლია გადახაზო უკვე შემოხაზული ნომერი და შემოხაზო შენთვის სასურველი. ასევე, შესაძლებელია გადახაზო ყველა სხვა კანდიდატი/პარტია და დატოვო ის, რომელიც შენ გინდა. ამ შემთხვევებში ბიულეტენი არ გაბათილდება.

ალბათ, გინახავს სოციალურ ქსელში გავრცელებული ბიულეტენები სახალისო წარწერებით — გახსოვდეს, ამგვარი ბიულეტენები ბათილდება და ამომრჩევლის ხმა იკარგება. ბიულეტენი ბათილდება იმ შემთხვევაშიც, თუ შეუძლებელია დადგენა, რომელ სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა. ბიულეტენი გაბათილდება მაშინაც, თუ იგი კონვერტში არ არის მოთავსებული, დაზიანებეულია, არ არის დამოწმებული რეგისტრატორის ბეჭდით და ხელმოწერით და ა.შ.

ხმის მიცემა გადასატანი ყუთით

გადასატანი საარჩევნო ყუთით კენჭისყრა დილის 9-დან საღამოს 7 საათამდეა შესაძლებელი. ადგილზე მისული კომისიის წევრს უნდა წარუდგინო პირადობის მოწმობა ან პასპორტი. მონაცემების გადამოწმების შემდეგ ხელს აწერ შესაბამის სიაში და გადმოგეცემა ბიულეტენი.

გაფრთხილება: გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის შემთხვევაში მარკირება არ გამოიყენება.

ბიულეტენს ავსებ, ათავსებ კონვერტში ფარულობის პრინციპის დაცვით და აგდებ გადასატან საარჩევნო ყუთში.

კორონავირუსი

30 ოქტომბრის არჩევნებსაც კორონავირუსთან ერთად ვხვდებით. გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო უბანზე ბევრი ადამიანი ერთ სივრცეში იყრის თავს, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ვიზრუნოთ ვირუსის გავრცელების პრევენციაზე.

კენჭისყრის შენობის შესასვლელთან დაგვხვდება დეზობარიერი და ხელის სადეზინფექციო ხსნარი, რომლის გამოყენება რეკომენდებულია როგორც შესვლის, ისე გამოსვლის დროს. აუცილებელია კენჭისყრის შენობაში მყოფი პირების — კომისიის წევრები, ჟურნალისტები და ა.შ. თერმოსკრინიგი, თუმცა ეს არ ეხება ამომრჩეველს.

რაც შეეხება პირბადეს, მისი ტარება, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, აუცილებელია როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში დაიშვება მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც შესაბამისი სამედიცინო ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტი ექნება. პირბადის ტარების წესის დამრღვევს კომისიის თავმჯდომარე ჯერ გააფრთხილებს, შემდეგ კი შენობის დატოვების მითითებას მისცემს. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მას გააძევებენ ტერიტორიიდან.

გაფრთხილება: საარჩევნო უბანზე პირბადე მხოლოდ ორჯერ უნდა მოიხსნა: შესვლისას, როცა ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს პირადობის მოწმობას ან პასპორტს წარუდგენ და რეგისტრაციის მაგიდასთან, როცა იგივე ქმედებას რეგისტრატორთან გაიმეორებ.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ადგილზე დაგვხვდებიან პირბადით, დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით. კენჭისყრის დღეს ხშირად შეხებადი ზედაპირები — კარის სახელურები, მაგიდის ზედაპირები და ა.შ. პერიოდულად გაიწმინდება სადეზინფექციო ხსნარით.

როგორ აძლევენ ხმას კოვიდინფიცირებულები და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლებს სპეციალური ჯგუფები მოემსახურებიან, რომლებიც დაიცავენ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებს და იქნებიან შესაბამისი ეკიპირებით.

რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, ისინი არჩევნებში მონაწილეობას გადასატანი ყუთის მეშვეობით მიიღებენ.

გახსოვდეს! საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკით მისვლა კანონდარღვევაა. მართალია, საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელს, კახა კუჭავას, რომელმაც პირველი ტურის დროს დაარღვია ეს კანონი, სასამართლომ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა, მაგრამ შენ შეიძლება ასე არ გაგიმართლოს და 2 000 ლარითაც დაგაჯარიმონ. ამიტომ, სჯობს კარგად დააკვირდე, რომელ პირბადეს იკეთებ და "მექანიკური შეცდომა", როგორც ამას კუჭავამ უწოდა, არ დაუშვა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა

იმედი მაქვს, რომ ყველამ დეტალურად წაიკითხა [ეუთო/ოდირის დასკვნა] იმიტომ, რომ ყველამ დეტალურად უნდა წაიკითხოს ეს…