როგორ შევუზღუდოთ აპლიკაციებს ჩვენზე თვალთვალი iPhone-ზე
დღეს კიბერუსაფრთხოებაზე უამრავი ადამიანი დარდობს და ზრუნავს. გასულ გაზაფხულს iOS 14.5 გამოვიდა და ახალი ფუნქცია, App Tracking Transparency შემოგვთავაზა, ანუ აპლიკაციების გამჭვირვალობა თვალთვალის კუთხით. ეს სიახლე Apple-ის მომხმარებლებს ძალიან მოეწონათ, თუმცა ისეთი კომპანიები, როგორიცაა Facebook, ამას სიხარულით არ შეხვედრიან.
ზოგი აპლიკაცია თქვენს გადაადგილებას მხოლოდ მაშინ კი არ უყურებს, როცა მას იყენებთ, არამედ ასეთი ინფორმაციის შეგროვება ფონურ რეჟიმშიც შეუძლია. ამიტომაა, რომ Facebook-ზე ზუსტად იმ და მსგავსი პროდუქტის რეკლამები გხვდებათ, რომლებსაც რამდენიმე ხნის წინ ამაზონზე, სხვა საიტზე ან ფიზიკურად რომელიმე მაღაზიაში ათვალიერებდით.
iOS 14.5-მდე თქვენ შეგეძლოთ გაგეთიშათ თვალთვალი ყველა აპლიკაციისთვის ერთიანად. ამისათვის Settings > Privacy > Tracking-ში შესვლა და შემდეგ Allow Apps to Request to Track-ის გათიშვა იყო საჭირო.
iOS 14.5-ში ეს ფუნქცია მეტად სპეციფიკური გახდა. ახლა, როდესაც თქვენს სმარტფონზე აპლიკაციას დააყენებთ, ის თავიდანვე გეკითხებათ გსურთ თუ არა, რომ აპლიკაციამ თქვენზე ინფორმაცია შეაგროვოს.
თუ თქვენ გსურთ, რომ შეამოწმოთ რომელ აპლიკაციებს აქვთ ამის უფლება და შეცვალოთ მათი პარამეტრები, მაშინ თქვენ Settings-ებში Tracking-ის იმავე სექციაში უნდა შეხვიდეთ.
- უნდა შეხვიდეთ iPhone-ის Settings-ებში, შემდეგ Privacy-ში და ბოლოს Tracking-ში;
- "Allow Apps to Request to Track-ის" ქვეშ თქვენ დაინახავთ კონკრეტულ აპლიკაციებს, რომლებსაც ეს უფლებები მიცემული აქვთ. აქვე შეძლებთ მათ გათიშვას ან ჩართვას.
კომენტარები