ისტორიაში პირველად, მკვლევრებმა ე.წ. "ჯოჯოხეთის ღრმულის" ფსკერამდე ჩააღწიეს — ნახეთ, რა დახვდათ იქ
ბარჰუტის ღრმული, რომელსაც ხშირად "ჯოჯოხეთის ღრმულადაც" მოიხსენიებენ, აღმოსავლეთ იემენში მდებარე ელ მაჰრის ადმინისტრაციულ ერთეულში, უდაბნოს შუაგულშია განლაგებული. ადგილობრივების რწმენით, უზარმაზარი ორმო ქვესკნელის კარიბჭეა და მასში ჯინები არიან დამწყვდეულები. ზოგის აზრით, თუ მას ზედმეტად მივუახლოვდებით, შესაძლოა, ჩაგვითრიოს კიდეც.
ეს ადგილი, რომლის სიღრმეც 112 მეტრს აღწევს, აქამდეც მოუნახულებიათ, თუმცა მის ფსკერამდე ჩაღწევა ისტორიაში პირველად, მხოლოდ ომანელმა სპეციალისტებმა შეძლეს. 10 დამწყები სპელეოლოგისგან შემდგარი გუნდის 8 წევრი ღრმულში 30-მეტრი დიამეტრის მქონე წრიული შესასვლელიდან ამწევი მექანიზმის მეშვეობით ჩავიდა. მათი 2 კოლეგა კი ზემოთ დარჩა იქ შეკრებილ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც ორმოს გარშემო არსებული მითქმა-მოთქმა არაფრად ჩააგდეს.
მკვლევრებს იქ უსწორმასწორო ზედაპირი დახვდათ, რომელზეც სტალაგმიტებია წარმოქმნილი. ზოგიერთი მათგანის სიმაღლე 9 მეტრსაც აღწევს. ფსკერის ნაწილი გამოქვაბულის მარგალიტებითაა დაფარული. ისინი მინერალების დაგროვების შედეგად ფორმირდებიან, რაც წყლის წვეთ-წვეთად ჩამოდინებითაა გამოწვეული. აღმოჩნდა, რომ ღრმულში სითხე რამდენიმე ნახვრეტიდან მოჟონავს და ერთგვარ ჩანჩქერებს ქმნის.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა იქ მობინადრე გველები, ბაყაყები და ხოჭოებიც აღმოაჩინეს. ფსკერზე იმ ცხოველთა და ფრინველთა ნაშთებსაც მიაგნეს, რომლებიც, სავარაუდოდ, ორმოში ჩაცვივდნენ და იქიდან ამოსვლა ვეღარ შეძლეს. ისინი იმედოვნებენ, რომ მოპოვებული ნიმუშების ანალიზი ამ დგილის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას მოგვცემს.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ბარჰუტის ღრმული მილიონობით წლის წინაა ფორმირებული, რაც ბუნებრივი პროცესებით არის განპირობებული. მსგავსი ღრმულები მაშინ ჩნდება, როცა ქანებში არსებული სიცარიელეები ზომაში იზრდება და ნიადაგის კოლაფსს იწვევს. ეს ხდება იმ შემთხვევაშიც, როცა ზედაპირიდან დანალექი ქვემოთ ნაპრალების გავლით ჩაედინება, რაც საბოლოოდ მიწის ჩავარდნით მთავრდება.
კომენტარები