12 წლის ბავშვმა იდიოტებს 400 000 დოლარის NFT ვეშაპები მიჰყიდა
NFT-ების სამყაროში ბევრი საინტერესო რამ ხდება და რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი საინტერესო ამბავი გავრცელდა. 12 წლის ბიჭმა პიქსელირებული, უშინაარსო, პატარა ვეშაპები ათასობით იდიოტს, ბოდიში, კრიპტო ენთუზიასტს მიჰყიდა.
ბენიამინ აჰმედმა CNBC-სთან საუბარში თქვა, რომ მას მოსწონს ბლოკჩეინისა და NFT-ების კონცეპტი. Minecraft-ისნაირ თამაშებში გატარებული დიდი დროისა და NFT-ების შემქმნელებთან საუბრის შემდეგ მას თავისი კოლექციის შექმნაც მოუნდა. სწორედ ასე გამოიმუშავა მან დაახლოებით 400 000 დოლარი. მისი NFT-ების კოლექცია ერთ ღამეში გაიყიდა და 12 წლის ბიჭის ციფრულ საფულეზე უკვე ნახევარ მილიონ დოლარამდე ღირებულების ეთერიუმი იყრის თავს.
აჰმედმა წარმატებას ფაქტობრივად ერთ ღამეში მიაღწია. მისი 3 350 NFT-სგან შემდგარი კოლეცქია, რომელსაც "უცნაური ვეშაპები" უწოდა, უსწრაფესად ამოიყიდა. თითოეული "ნახატი" პიქსელირებული ვეშაპია და არაფერი მეტი.
თუმცა, კოლექციის სიმარტივეს მყიდველები არ დაუბრკოლებია. CNBC-ის თქმით, ყველა ვეშაპი 9 საათში გაყიდული იყო. აჰმედმა ამ პროექტზე ჯამში 300 დოლარი დახარჯა და 80-მდე ეთერიუმი გამოიმუშავა, რაც 250 000 დოლარის ექვივალენტია, თუმცა კოლექციის გაყიდვის შემდეგ, ახალმა მფლობელებმა ვეშაპების გადაყიდვაც მოინდომეს, საიდანაც აჰმედს წილი მუდმივად ხვდება, ამას NFT-ის პრინციპი ითვალისწინებს. ივლისის შემდეგ, სწორედ გადაყიდვების შედეგად, აჰმედს დამატებით კიდევ 30 ეთერიუმი დაუგროვდა, რაც დაახლოებით 94 000 დოლარის ექვივალენტია.
CNBC-ის გათვლებით, თვის ბოლოსკენ აჰმედს უკვე 400 000 დოლარის ეთერიუმი ექნება და მისი თქმით, ის ფულის განაღდებას არ გეგმავს.
"მე ვაპირებ შევინახო ეთერიუმი და არ ვგეგმავ მის ქაღალდის ფულზე გადაცვლას", — ამბობს აჰმედი CNBC-სთან საუბრისას.
აჰმედი თვლის, რომ მომავალში, შესაძლოა, საბანკო ანგარიშები აღარავის ჰქონდეს და საჭირო მხოლოდ ეთერიუმის საფულისა და მისამათის ქონა იყოს.
კომენტარები