კომპიუტერული ტომოგრაფიის გაფუჭებული აპარატის გამო, აფხაზეთში ანქვაბის გადადგომას ითხოვენ
სტატია ქვეყნდება OC Media-სთან თანამშრომლობის ფარგლებში. ავტორები არიან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც იყენებენ მათთვის მისაღებ ტერმინოლოგიას. მასალას ვაქვეყნებთ უცვლელად, თუმცა სტატიაში ნახსენებ ტერიტორიებს, რომლებიც მდებარეობს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, როგორც სახელმწიფო, ასევე On.ge-ს რედაქცია არ აღიარებს დამოუკიდებელ ერთეულებად. შესაბამისად, ადგილმდებარეობებსა და წოდებებთან მოიაზრება სიტყვები: "ოკუპირებული" და "დე-ფაქტო".
აფხაზეთში ერთადერთი კომპიუტერული ტომოგრაფიის (კტ) აპარატის გაფუჭების და ერთ-ერთ რეგიონულ კოვიდ-ცენტრში ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო, რასაც პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, პრემიერმინისტრის გადადგომას ითხოვენ.
12 აგვისტოს, COVID-19-თან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის შეხვედრაზე, პრემიერმინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა აფხაზეთში კტ აპარატის მწყობრიდან გამოსვლის ფაქტზე კომენტარი გააკეთა.
პრემიერმინისტრის განცხადებით, კტ სკანერი "მკვდარი" იყო და მისი შეკეთება უკვე შეუძლებელი იყო. აპარატი 2020 წლის სექტემბრიდან ექსპლუატაციაში იყო და ბოლოს 2020 წლის 21 ივლისს გაფუჭდა.
"მისი ექსპლუატაციის ვადა გასული იყო, მრიცხველი უკვე 19,000-ს აჩვენებდა. ის სრულად ვადაგასული ითვლება, როდესაც 8 000 საათს აჩვენებს", — განაცხადა ანქვაბმა.
ზოგიერთის ვარაუდით, კტ აპარატი შეიძლება ელექტროენერგიის ავარიულ გათიშვებს შეწიროდა, რაც გუდაუთაში მოხშირებული იყო. გუდაუთის კოვიდ-ცენტრი აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის განკუთვნილი მთავარი დაწესებულებაა დედაქალაქს გარეთ.
ყველაზე მძიმე ინციდენტი 11 აგვისტოს მოხვდა, როდესაც დენის ძაბვის თამაშმა რეანიმაციულ განყოფილებაში მოქმედი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები საგანგებო რეჟიმში გადაიყვანა. ამის შედეგად, ჟანგბადის მიწოდების შეფერხებამ იმ დღეს ერთი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, შემდგომ დღეს კი მეორე პაციენტის.
როგორც ანქვაბმა განაცხადა, ახალი კტ სკანერის შეძენა აფხაზეთის ბიუჯეტს 60 მილიონი რუბლი (2 573 000 ლარი) დაუჯდებოდა.
"სასწაულებრივი"
ანქვაბის განცხადებებმა აფხაზურ მედიასა და სოციალურ ქსელებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. პრემიერმინისტრს არაკომპეტენტურობაში დასდეს ბრალი. ზოგიერთმა მთავრობას "ფულის ფლანგვაში" დასდო ბრალი იმის გამო, რომ თითქოს, კტ სკანერი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იყო შეძენილი. სინამდვილეში, აპარატი მოძრაობის "ერთად ვართ" მიერ მობილიზებული საქველმოქმედო სახსრებით იქნა მოპოვებული. "ერთად ვართ" აფხაზ ბიზნესმენებს, მოსკოვის აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს აერთიანებს, რომლებმაც პანდემიის პერიოდში აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების სურვილი გამოიჩინეს.
სკანერის მომწოდებელი კომპანია Foresight Medical-ის წარმომადგენლის, პოლინა ლუკაშევიჩის განცხადებით, სკანერი მეორადი გამოყენების, მაგრამ განახლებული იყო და წესით, მინიმუმ სამ წელს უნდა ემუშავა.
"ჩვენი აზრით, გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში, საშუალოდ 20-პაციენტიანი დღიური ნაკადის პირობებში, ექსპლუატაციის წესების დაცვის და დროული ტექნიკური ზედამხედველობის შემთხვევაში, კტ სკანერს მინიმუმ 2023 წლამდე უნდა ემუშავა", — განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
ლუკაშევიჩის თქმით, ტომოგრაფის ხარისხიანი მუშაობა ავარიული გათიშვების გარეშე, სტაბილურ ელექტრომიწოდებაზე იყო დამოკიდებული. ამიტომ, როგორც მან აღნიშნა, ერთი წლის განმავლობაში 4 947 გამოკვლევის პირობებში, უწყვეტ რეჟიმში ჩატარება კტ სკანერისთვის "სასწაულებრივი" შედეგი იყო
მოძრაობის წევრის, ბიზნესმენ ნიკოლაი აჩბას თქმით, 2020 წლის მარტისთვის კოვიდის სამკურნალო ტექნიკური აღჭურვილობა რუსულ ბაზარზე უკვე დეფიციტური იყო. როგორც მან განაცხადა, მათ "სასწაულებრივად გაუმართლათ", რომ კტ სკანერის 15 მილიონ რუბლად შეძენა მოახერხეს, თან ისეთის, რომელიც ოთხჯერ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ის, რაც აფხაზეთში ჰქონდათ.
"მხოლოდ მაშინ, როცა რაღაც ფუჭდება"
მიუხედავად იმისა, რომ საჭირო თანხა ბიზნესმენებმა შეაგროვეს, სკანერის შეძენაზე კონტრაქტი აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გააფორმა. თავდაპირველად, ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობად მითითებული იყო ტომოგრაფის რეგულარული ტექნიკური მომსახურება; თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო ამ პუნქტს არ დათანხმდა.
როგორც აღმოჩნდა, აფხაზეთის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში განთავსებულ აპარატებს პროფილაქტიკა არ უტარდებათ. აფხაზეთის რესპუბლიკური საავადმყოფოს რენტგენოლოგიის განყოფილების დირექტორის, ასლან ბერზენიას თქმით, საგარანტიო ვადის ამოწურვის შემდეგ, სოხუმის ტომოგრაფი ყოველკვარტალური პროფილაქტიკის გარეშე დარჩა.
"ამჟამად, რაც შეგვიძლია, იმას ვაკეთებთ და მეტსაც კი, ხოლო ხელოსნებს მხოლოდ მაშინ ვიძახებთ, როდესაც რამე ფუჭდება", — აღნიშნა ბერზენიამ.
"ერთად ვართ" მოძრაობამ განცხადებაში ანქვაბი საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევაში დაადანაშაულა.
"აფხაზეთის მთავრობამ არ უზრუნველყო კომპიუტერული ტომოგრაფის მუშაობისთვის საჭირო პირობები, მას არ უტარდებოდა ყოველკვარტლური შემოწმება", — აღნიშნა ორგანიზაციამ განცხადებაში.
"ჩვენ პასუხს არ ვაგებთ კტ სკანერზე მისი სახელმწიფოსთვის გადაცემის შემდეგ [...] აფხაზეთის მთავრობა სრულად პასუხისმგებელია მომხდარზე".
მოწოდებები გადადგომისკენ
20 აგვისტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ დახურულ შეხვედრაზე, აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და მისმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალხას კვიცინიამ პრემიერმინისტრის არგუმენტები არ გაიზიარეს.
კვიცინიას თქმით, ანქვაბის განცხადება რომელშიც მან მაღალტექნოლოგიურ აპარატი "მკვდრად" მოიხსენია, შეუფერებელი იყო. კვიციანიამ ასევე შენიშნა, რომ ბიზნესწრეები სამართლიანად იყვნენ უკმაყოფილოები.
პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა საქველმოქმედო მოძრაობას "ერთად ვართ" და ჯანდაცვის მინისტრს გუდაუთას კოვიდ-ჰოსპიტალში დაზიანებული კტ სკანერის შეკეთება დაავალა. ბჟანიამ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო შეეცდება ახალი კტ აპარატის შესაძენი თანხის მოძიებას, რადგან მას ქვეყნის სხვა სამედიცინო დაწესებულებებიც საჭიროებენ.
იმავე დღეს, 20 აგვისტოს, "არუაას" ვეტერანთა ორგანიზაციის საზოგადოებრივი პალატის სხდომა გაიმართა, რომელზეც განაცხადეს, რომ კტ სკანერის სკანდალის გამო პრემიერმინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ.
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა OC Media-ზე.
კომენტარები