ბრიტანეთში 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები კორონავირუსით ნაკლებად კვდებიან — რატომ ხდება ეს
ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ყოველდღიურად 100 ადამიანი იღუპება.
მეცნიერები და აკადემიკოსები აკვირდებიან დაღუპულ ადამიანებს და შეგროვებულ ინფორმაციას გასული ტალღების სტატისტიკას ადარებენ.
რა ვიცით?
კორონავირუსით დაღუპულთა ასაკობრივი ჯგუფები შეიცვალა.
მეორე ტალღის პიკში, იანვარში, 65 წელს ქვემოთ მყოფი ადამიანების მხოლოდ 11% კვდებოდა. ბოლო კვირებში ეს რიცხვი კი 25%-მდე გაიზარდა.
თუმცა, ჯამურად დაღუპულთა რიცხვი საგრძნობლად ნაკლებია. 6-დან 13 აგვისტომდე ბრიტანეთში კორონავირუსით სიკვდილის 652 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო იანვარში, 15-დან 22-მდე, კორონავირუსმა 9 056 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
რამდენიმე კვირაა ბრიტანეთში 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები კორონავირუსით ნაკლებად კვდებიან
კევინ მაკკონვეი, The Open University-ის დამსახურებული პროფესორი აღნიშნავს, რომ ინგლისსა და უელსში, 6-დან 13 აგვისტომდე, ვირუსს 571 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 7% კი 50 წელზე დაბალი ასაკის იყო.
ის გვიყვება, რომ ბოლოს, ბრიტანეთმა 571 დაღუპულს მარტის ბოლო კვირას გადააჭარბა — მაშინ 50 წელზე დაბალი ასაკის მქონეთა რაოდენობა მხოლოდ 4%-ს შეადგენდა. თუ კიდევ უფრო უკან გავიხედებით, მაგალითად 2020 წლის ოქტომბერში, ვნახავთ რომ კორონავირუსით დაღუპულთა შორის 50 წელზე დაბალი ასაკის მქონე მხოლოდ 2% იყო.
მიზეზი იმისა თუ რატომ აღარ იხოცება შედარებით ასაკოვანი მოსახლეობა, ბრიტანეთის სწორი ვაქცინაციის სტრატეგიაა. დიდმა ბრიტანეთმა კონცენტრაცია მოწყვლად ჯგუფებზე გააკეთა და ისინი დაჩქარებულად, ვაქცინაციის პროცესის დასაწყისშივე აცრა.
თუ ვაქცინა ასაკობრივ ჯგუფებზე თანაბრად იქნებოდა განაწილებული, მაშინ დაღუპულთა პროცენტული წილი თითქმის ერთნაირი იქნებოდა. მაგრამ, ახალგაზრდებში ვაქცინირებულთა რიცხვი ჯერ კიდევ ნაკლებია.
"გასულ ოქტომბერს ჩვენ ვაქცინები არ გვქონდა, თუმცა მარტში ასაკოვანი მოსახლეობა უმეტესწილად ერთი დოზით მაინც იყო აცრილი. ის, რომ დაღუპულთა შორის ახალგაზრდების წილი იზრდება, ვაქცინაციის დამსახურებაა. ეს ყველაფერი საგანგაშო მაშინ იქნებოდა თუ დაღუპულთა რიცხვი არც უფროსებში შემცირდებოდა." — ამბობს კევინ მაკკონვეი.
ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომ ვაქცინა დრამატულად ამცირებს სიკვდილის ან ვირუსის მძიმე ფორმებამდე მისვლის შანს, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინაცია 100%-იანი დაცვა არ არის და ერთეული შემთხვევები მაინც შეიძლება ფატალურად დასრულდეს.
ინგლისის ჯანდაცვის სააგენტოს მიხედვით, 1 თებერვლიდან 15 აგვისტომდე მხოლოდ დელტა შტამით 1 189 ადამიანი დაიღუპა. მათგან 57%-ს ვაქცინის მეორე დოზა მიღებული ჰქონდათ, თუმცა მეორე აცრიდან ორ კვირაზე ნაკლები იყო გასული.
მსხვერპლი იქნებოდა მაშინაც კი, თუკი ყველა სრულად აიცრებოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვაქცინები არ მუშაობს. ვაქცინები დრამატულად ამცირებენ ფატალურ შედეგებს.
კაცები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან
სხვაობა დიდი არ არის, თუმცა სტატისტიკიდან ვიგებთ, რომ კორონავირუსით კაცები ქალებზე ხშირად იღუპებიან. ეს ბიოლოგიური და ქცევითი ფაქტორებითაა გამოწვეული. ინგლისსა და უელსში 6-დან 13 აგვისტომდე დაღუპულ 571 ადამიანს შორის 59% კაცი იყო.
დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სკოლებისა და უნივერსიტეტების გახსნასთან ერთად ყოველდღიურად დაღუპულთა რიცხვიც გაიზრდება. 24 აგვისტოს მონაცემებით, დადებითი ტესტის პასუხის მიღებიდან 28 დღის განმავლობაში 174 სიკვდილი დაფიქსირდა.
დიდი ბრიტანეთის კვლევიდან ასევე ვიგებთ, რომ ორი დოზით ვაქცინირებულთა ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობა ნელ-ნელა იკლებს, ჯერ უცნობია რამდენად იმოქმედებს ეს ვაქცინების ეფექტიანობაზე.
სწორედ ამიტომ, კემბრიჯის უნივერსიტეტის სამედიცინო კვლევების საბჭოს ყოფილი მრჩეველი და ამჟამად პროფესორი შეილა ბირდი გვაფრთხილებს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ისევ "ყურადღებით და ფხიზლად".
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები