ფინანსურ სექტორზე ადამიანთა უმრავლესობას პირველ რიგში ბანკები ახსენდება. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ამ სექტორის დიდ ნაწილს სწორედ ბანკები წარმოადგენენ. ისინი მოიცავენ მომხმარებელთა ფართო სპექტრს, რის გამოც ადამიანებისთვის ფინანსები პირდაპირ საბანკო სექტორთან ასოცირდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინდუსტრია სხვა ტიპის კომპანიებსაც მოიცავს.

როდესაც გარკვეული ოდენობის ფულს ფლობ, თუმცა ინვესტირებაში გამოცდილება არ გაქვს, უმჯობესია, ის ისეთ კომპანიაში დააბანდო, რომელიც გარანტირებულ შემოსავალს მოგიტანს. ბიზნესში 100%-იან გარანტიებს არ იძლევიან, თუმცა არსებობს რამდენიმე მიდგომა, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ისეთი საინვესტიციო პროდუქტის შერჩევა, რომელიც რისკებისგან შედარებით დაზღვეული იქნება.

მაგალითად, გამოუცდელი ინვესტორისთვის მომგებიანი იქნება ფულის ისეთ კომპანიაში დაბანდება, რომელიც შემდგარია და საკუთარი გზა უკვე გაკვალული აქვს. შესაძლებელია, ფინანსურ სექტორში ასეთი კომპანია იყოს:

  • Berkshire Hathaway — მულტინაციონალური ფირმა, რომელიც სადაზღვევო კომპანიასაც აერთიანებს — ამის გამო ის ფინანსურ სექტორს მიეკუთვნება;
  • JPMorgan Chase — უმსხვილესი ამერიკული ბანკი, რომელიც ამ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მეტად მომგებიანი კომპანიაა;
  • Visa — უნაღდო ანგარიშსწორების ქსელის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია, რომელიც ყოველწლიურად 9 ტრილიონი დოლარის გადახდას ახორციელებს. ამასთან, კომპანიას ზრდის პოტენციალიც აქვს.

ფინანსური კომპანიები და მათი აქციები

ფოტო: ArtisticOperations / Pixabay

ფინანსურ სექტორს რამდენიმე სახის კომპანია ქმნის, როლებიც ერთმანეთისგან სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით განსხვავდებიან. ეს მახასიათებლები შესაძლოა იყო კომპანიის ფუნქცია, ზომა, ზრდის პოტენციალი და სხვ.

ფინანსური კომპანიები ამ კატეგორიების მიხედვით იყოფიან:

ბანკები — როგორც უკვე აღინიშნა, ბანკები ფინანსური სექტორის მთავარ, გამწევ ძალას წარმოადგენენ. საბანკო სექტორში სამი სახის კომპანიას გამოყოფენ: კომერციულ, საინვესტიციო და უნივერსალურ ბანკებს. კომერციული ბანკები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დეპოზიტებსა და სესხებს სთავაზობენ, საინვესტიციო ბანკები ფინანსური ინსტიტუტებისა და მაღალი პორტფელის მქონე ინვესტორებს ემსახურებიან, ხოლო უნივერსალური ბანკები მომსახურებას უწევენ როგორც კომერციულ, ისე ინსტიტუციურ კლიენტებს.

სადაზღვევო კომპანიები — ბანკების შემდეგ ფინანსური სექტორის ყველაზე დიდ წილს სადაზღვევო კომპანიები იკავებენ. ფინანსური სექტორის ეს ნაწილი მოიცავს ისეთ ფირმებს, რომლებიც ქონების, სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და დაზღვევის სხვადასხვა მიმართულებაზე მუშაობს. ამ ინდუსტრიაში ყველაზე დიდი კომპანიაა Berkshire Hathaway.

ფინანსური მომსახურების კომპანიები — შესაძლებელია, რომ კომპანია არ წარმოადგენდეს არც საბანკო და არც სადაზღვევო სექტორს, თუმცა ფინანსურ მომსახურებას უწევდეს მომხმარებელს. ამის კარგი მაგალითია S&P Global, რომელიც სარეიტინგო სააგენტოა და დაინტერესებულ პირებს იმის შესახებ აწვდის ინფორმაციას, თუ როგორ მდგომარეობაშია მათ რეიტინგში შემავალი კომპანიების მდგომარეობა.

უძრავი ქონების იპოთეკური კომპანიები — ფინანსური სექტორის ამ ნაწილში ისეთი კომპანიები შედიან, რომლებიც იპოთეკურ სესხებსაც გასცემენ და უძრავი ქონების სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებსაც ფლობენ.

ფინტექ კომპანიები — ფინანსური ტექნოლოგიების, ანუ ფინტექ კომპანიები იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს ფინანსების სექტორში, რისი საშუალებითაც ქმნიან ინოვაციურ პროდუქტებს. ამ კატეგორიას მიეკუთვნება Visa, PayPal Holdings, Square და სხვა მსგავსი ფირმები.

ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები — ფინანსური სექტორის ზოგიერთი კომპანია უკვე ავითარებს საკუთარ პროდუქტებსა და მომსახურებას ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით და კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ ბიზნესში ერთვება.

ფინანსური ინვესტიციების ანალიზი

ფოტო:
Myriam Jessier / Unsplash

ვიდრე რომელიმე სექტორში ფულს დააბანდებ, მნიშვნელოვანია, სწორ ანალიზს დაეყრდნო. აქ ძირითადი ყურადღება კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს უნდა მიაქციო და ამასთან, იმაზე გაამახვილო ყურადღება, თუ როგორია კომპანიის პოლიტიკა საკუთარი თანამშრომლებისა და მომხმარებლების მიმართ.

კომპანიების ფინანსური მაჩვენებლების ანალიზისთვის გამოიყენება მისი მოგების შეფარდება აქციონერთა კაპიტალთან და კომპანიის მთლიან აქტივებთან. ამ დროს ფირმის წლიური მოგება უნდა შეფარდდეს მეწილეების მთლიან კაპიტალთან და მისი აქტივების საერთო მოცულობასთან.

ანალიზის ერთ-ერთი საშუალებაა წმინდა საპროცენტო ზღვრის დათვლა, რომელიც განსაკუთრებით გამოსადეგია საბანკო სექტორისთვის. როგორც ცნობილია, ბანკი ის ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ფულს სესხულობს და მისი გასესხებით არის დაკავებული — სესხებისას ის პროცენტს უხდის დეპოზიტის გამცემს, ხოლო კრედიტის გაცემისას თავად აკისრებს მომხმარებლებს საპროცენტო განაკვეთის გადახდის ვალდებულებას. სწორედ მიღებულ და გადახდილ საშუალო საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა არის წმინდა საპროცენტო ზღვარი.

ანალიზის შემდეგი ინსტრუმენტია ეფექტიანობის კოეფიციენტი. კომპანიის ეფექტიანობის კოეფიციენტი გულისხმობს თანხის იმ ნაწილს, რასაც ის შემოსავლის მიღებისთვის ხარჯავს. მაგალითად, თუ ფირმის ეფექტიანობის კოეფიციენტი 60%-ია, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ყოველი 100 ლარის გამომუშავებისთვის 60 ლარს ხარჯავს — ბუნებრივია, რომ რაც მეტად დაბალია ეს კოეფიციენტი, მით უკეთ მუშაობს კომპანია.

ფინანსურ სექტორში ინვესტირება გრძელვადიანი პერსპექტივით

ფოტო: PublicDomainPictures / Pixabay

თუ გლობალურად შევხედავთ, საბანკო აქციებმა პანდემიის პერიოდში საკმაოდ დიდი დარტყმა განიცადეს. ფინანსური აქციები, როგორც წესი, ეკონომიკური რეცესიის დროს დანაკარგებს ვერ გაურბიან. როდესაც უმუშევრობა იზრდება და ადამიანები შემოსავლებს კარგავენ, მათ გადასახადების გადახდა უჭირთ, რამაც შესაძლებელია, ფინანსური კომპანიების შემოსავლები შეამციროს.

ინვესტირებამდე გაეცანი რისკებს და დაეყრდენი ობიექტურ ანალიზს, თუმცა გაითვალისწინე კომპანიისა და სექტორის საერთო სურათი და არა მხოლოდ რამდენიმე მაჩვენებელი. ასევე, გაითვალისწინე ერთი ფაქტი: როგორც წესი, ფინანსურ სექტორში ისინი აბანდებენ ფულს, ვისაც ამ საქმეში გრძელვადიანი გეგმები აქვთ.

მოკლევადიან პერიოდში ფინანსურ სექტორში არსებულ აქციებზე ბევრმა ფაქტორმა შეიძლება მოახდინოს გავლენა. აქ იმ ინვესტორებს ურჩევენ ფულის ჩადებას, რომლებსაც გრძელვადიანი ხედვები აქვთ და გამოწვევებისთვის საპასუხოდაც მზად არიან. სწორედ ამიტომ, თუ შენი საინვესტიციო გეგმები ხუთ წელს აღემატება, საკუთარ პორტფელში ფინანსური აქციების დამატება გონივრული არჩევანი იქნებოდა.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.