სტარტაპმა ადამიანებზე ტვინის იმპლანტის გამოცდის ნებართვა მიიღო
იმპლანტი პარალიზის მქონე ადამიანებს საშუალებას მისცემს, მოძრაობა გარეგანი მოწყობილობების საშუალებით აკონტროლონ.
ოთხშაბათს პატარა ნეიროტექნოლოგიურ სტარტაპ Synchron-მა ნებართვა მიიღო FDA-სგან, რათა მოხალისეებზე ტვინის იმპლანტის გამოცდა დაიწყოს.
სიახლე Synchron-ს ინდუსტრიაში მეტოქე კომპანიებთან შედარებით დიდ უპირატესობას ანიჭებს, მათ შორის ილონ მასკის გულუხვად დაფინანსებულ Neuralink-თან, რომელიც საკუთარ იმპლანტს ჯერ კიდევ ცხოველებზე ცდის.
Insider-ზე დაყრდნობით, Synchron იუწყება, რომ წლის ბოლოს ადამიანებში მოსამზადებელ კვლევებს დაიწყებს Stentrode-ზე. Stentrode ნერვული იმპლანტია, რომელიც ტვინში საუღლე ვენიდან ერთდება, მიზანი კი მისი გამოყენებაა იმპლანტირებული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსგავსად, რათა ექვს მოხალისეს პარალიზთან გამკლავების საშუალება გარეგანი მოწყობილობების საშუალებით მიეცეს.
"ნებართვა არაერთი წლის შრომის შედეგია, რომელიც FDA-სთან ერთად მიმდინარეობდა. ჩვენ ვმუშაობდით, რათა გზა ერთად გაგვეკვალა და BCI-ის სამუდამო იმპლანტის პირველი კომერციული ნებართვა მიგვეღო, რომელიც დამბლის სამკურნალოდაა განკუთვნილი. ძალიან გვიხარია, რომ წელს, როგორც იქნა, შეერთებული შტატების კლინიკურ კვლევებს დავიწყებთ", — განაცხადა Synchron-ის გენერალურმა დირექტორმა, თომას ოქსლიმ.
როდესაც Futurism-თან ოქსლიმ 2019 წელს პირველად აღწერა Stentrode, თქვა, რომ იგი პარალიზის მქონე ხალხს საშუალებას მისცემდა, ყველა სახის მექანიზმი ეკონტროლებინათ, საკომუნიკაციო აპარატებიდან დაწყებული, რობოკიდურებითა და ეგზოჩონჩხებით დასრულებული.
"პარალიზის უკან მოძრაობის მიზანი დგას, ჩვენ კი ამ მიზანს ციფრულ ფორმაში გადავიყვანთ. საბოლოო ჯამში, თუ სიგნალები ძალიან სწრაფი იქნება, შესაძლოა ამ ადამიანებმა ტექნოლოგიების კონტროლი ისეთ დონეზე მოახერხონ, რომ ჩვეულებრივი ადამიანის სხეულითაც კი არ იყოს შესაძლებელი", — თქვა მან.
Neuralink-ის დროში დამარცხების გარდა, რომლის გენერალური დირექტორი ილონ მასკიც ადრე ირწმუნებოდა, რომ ადამიანის კვლევებზე შარშან უნდა გადასულიყვნენ, Synchron ასევე ბევრად ნაკლებად ინვაზიურ მიდგომას გვთავაზობს. Neuralink-ის იმპლანტი სადენებს მოიცავს, რომლებიც მომხმარებლის თავის ქალაში გაბურღვით ჩამონტაჟდება, Stentrode კი სრულიად თავის ქალის გარეთ მოთავსდება.
Synchron-სა და Neuralink-ს შორის მიმდინარე რბოლა ნერვული იმპლანტების შექმნასა და გამოცდაში კიდევ უფრო იძაბება. Bloomberg-ის წინა კვირის მოხსენებით, ნეიროტექნოლოგიურმა კომპანია Paradromics-მა 20 მილიონი დოლარი შეკრიბა მისივე ნერვული იმპლანტის შექმნისა და გაუმჯობესებისათვის, რომელზეც ამბობენ, რომ პარალიზის მქონე ადამიანებს ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის საშუალებით მოძრაობისა და კომუნიკაციის საშუალებას მისცემს.
Synchron-ს Paradromics-იც ჩამორჩა მარეგულირებელ გზაზე, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანებზე გამოსაცდელად უახლოეს მომავალში ისიც მოითხოვს ნებართვას.
კომენტარები