როგორ გამოააშკარავეს ევროპელმა იუთუბერებმა ანტივაქსერული შეთქმულება
უცნობმა მარკეტინგულმა სააგენტომ სოციალური მედიის ვარსკვლავებს Covid-19-ის ვაქცინაზე დეზინფორმაციის გავრცელებისთვის თანხა შესთავაზა, ცხადია — საიდუმლოდ. გეგმა ჩაიშალა, როცა იუთუბერებმა ამ შეთავაზების შესახებ საჯაროდ მოყვნენ.
"ყველაფერი მეილით დაიწყო", — ამბობს გერმანელი იუთუბერი და ჟურნალისტი მირკო დროჩმანი. მირკო, როგორც წესი, ხშირად აიგნორებს სხვადასხვა ბრენდების შემოთავაზებებს, რომლებსაც მის მილიონნახევრიან აუდიტორიაზე საკუთარი პროდუქტების რეკლამირება სურთ. მაგრამ მაისში მიღებული სპონსორობის შემოთავაზება სხვებს არ ჰგავდა.
ინფლუენსერ-მარკეტინგულმა სააგენტომ, Fazze-მა მას თანხა შესთავაზა "გაჟონილი" ინფორმაციის გავრცელების სანაცვლოდ, რომლის მიხედვითაც ფაიზერით აცრილ ადამიანებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი სამჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ასტრაზენეკათი აცრილ ადამიანებში.
ეს ინფორმაცია ტყუილია.
მირკო მალევე მიხვდა, რომ პანდემიის შუაგულში დეზინფორმაციის გავრცელება მოსახლეობაში ეჭვების გასაჩენად და ვაქცინებისადმი ნდობის შესამცირებლად სთხოვეს.
"შოკში ვიყავი", — ამბობს მირკო, "მერე დამაინტერესა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან".
ანალოგიური შეთავაზება მიიღო საფრანგეთში სამეცნიერო იუთუბერმა ლეო გრასემ. სააგენტო მას 2 000 ევროს დაჰპირდა კამპანიაში მონაწილეობისთვის და თან საიდუმლოდ დარჩენა ითხოვა.
"ძალიან ცუდად მენიშნა", — ამბობს ლეო.
მირკოსაც და ლეოსაც გაუკვირდათ ყალბი სტატისტიკა. მეტი ინფორმაციის გასაგებად გადაწყვიტეს სააგენტოსთვის თავი მოეჩვენებინათ, თითქოს დაინტერესებულები იყვნენ შეთავაზებით და მალევე მეილზე დეტალური ინსტრუქციაც მიიღეს.
"ისე ისაუბრეთ, თითქოს ამ თემით ძალიან გატაცებული და დაინტერესებული ხართ", — მოუხეშავი ინგლისურით ეწერა მიღებულ დავალებაში.
ასევე, მათ არ უნდა გაემხილათ, რომ ვიდეო დასპონსორებული იყო და საკუთარი მაყურებლებისთვის თავი უნდა მოეჩვენებინათ, თითქოს სპონტანურად დაინტერესდნენ ამ საკითხით და საკმაოდ შეშფოთებულები იყვნენ.
სოციალური მედიის პლატფორმები ბლოკავენ კონტენტს, რომელიც სინამდვილეში დასპონსორებულია და ავტორი ამას მალავს. გარდა ამისა, საფრანგეთშიც და გერმანიაშიც არაკანონიერია იმის დამალვა, რომ მასალაში თანხაა გადახდილი.
Fazze-ს დავალების მიხედვით, ინფლუენსერებს ევროპის სამედიცინო სააგენტოდან გაჟონილი ინფორმაციის შესახებ ფრანგულ გაზეთ ლე მონდში დაწერილი სტატია უნდა გაეზიარებინათ. ინფორმაციის გაჟონვაზე ამბავი სიმართლეა, თუმცა ის ვაქცინების შესახებ არანაირ ცნობებს არ შეიცავდა. უბრალოდ ამ კონტექსტში ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, თითქოს სიკვდილიანობის მაღალი სტატისტიკა იყო სწორედ ის ინფორმაცია, რომელმაც სააგენტოდან გაჟონა.
ინფორმაცია, რომლის გავრცელებაც იუთუბერებს დაავალეს, სხვადასხვა წყაროდან შეგროვებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო.
მოყვანილი იყო სხვადასხვა ქვეყანაში კოვიდ-19-ზე აცრის შემდეგ გარდაცვლილი ადამიანების სტატისტიკა. მაგრამ უბრალოდ იმიტომ, რომ ვინმე აიცრა და მერე გარდაიცვალა, არ ნიშნავს მაინცდამაინც იმას, რომ ვაქცინამ მოკლა. ის შეიძლება უბრალოდ ავტოავარიაში დაიღუპა.
ამ ქვეყნების სტატისტიკის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ფაიზერით იყო აცრილი და ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ადამიანების უმრავლესობა სწორედ ამ ვაქცინით ყოფილიყო აცრილი.
"მეცნიერებაში თუ ვერ ერკვევი, შეიძლება თქვა 'უი, აგერ არის რიცხვები, მართლა განსხვავებული რიცხვებია, ალბათ რამე კავშირი არსებობს', მაგრამ შეგიძლია ნებისმიერი ყალბი კორელაცია გააკეთო, როგორიც გინდა", — ამბობს ლეო.
ინფლუენსერებს სხვადასხვა სტატიებიც მიაწოდეს მათი ინფორმაციის გასამყარებლად. ყველგან ერთი და იგივე რიცხვები ეწერა, რაც ამყარებდა ეჭვს, თითქოს ფაიზერის ვაქცინა საშიში იყო.
როგორც კი ლეომ და მირკომ Fazze-ს შეთავაზება ტვიტერზე ამხილეს, ინტერნეტიდან ყველა ეს სტატია გაქრა.
"უცნაურია. ფასიანი შემოთავაზება მივიღე, რომლის მიხედვითაც ფაიზერის ვაქცინაზე ჩემს ვიდეოში უარყოფით კონტექსტში უნდა მესაუბრა. ბიუჯეტი საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა უცნობი კლიენტი მთხოვდა, ვიდეოში ინფორმაცია ფასიან პარტნიორობაზე დამემალა. იცოდეთ, რომ თუ ამ შინაარსის ვიდეოები შეგხვდებათ, მათში ფულია გადახდილი".
დეზინფორმაციის კამპანია ყველა პარამეტრით ბუნდოვანი იყო.
როცა ლეომ და მირკომ ეს ისტორია ტვიტერზე დაპოსტეს, გერმანიასა და საფრანგეთში სხვა ოთხი ინფლუენსერიც გამოჩნდა, რომლებმაც ასევე მოყვნენ როგორ უარყვეს Fazze-ს ანალოგიური შეთავაზება. ხოლო გერმანელმა ჟურნალისტმა, დანიელ ლაუფერმა, ამოიცნო ორი იუთუბერი, რომელიც სავარაუდოდ ამ შეთავაზებას დათანხმდა.
ესენი არიან ინდოელი იუთუბერი აშკარ ტეჩი, რომელიც ჩვეულებრივ გასართობ ვიდეოებს წერს ხოლმე მანქანების და პაემნების შესახებ და ბრალიზიელი პრანკსტერი ევერსონ ზოიო, რომელსაც სამ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე. ორივე მათგანის დაპოსტილ საკმაოდ არასახასიათო ვიდეოში იგივე მესიჯები ისმის, რაც Fazze-ს დავალებაში ეწერა. ასევე, ორივემ გააზიარა ყალბი სტატიები სააგენტოს ბრიფიდან. აღმოჩნდა, რომ ორივე მონაწილეობდა Fazze-ს წინა კამპანიებშიც.
დანიელი ორივეს დაუკავშირდა და მიუხედავად იმისა, რომ კითხვებზე არც ერთმა ინფლუენსერმა არ უპასუხა, მათ გამოქვეყნებული ვიდეოები წაშალეს. შეკითხვებზე მათ არც BBC-ს უპასუხეს.
BBC-ის ჟურნალისტებმა სცადეს პასუხები მიეღოთ იმ ადამიანებისგანაც, ვინც მირკოს და ლეოს დაუკავშირდნენ.
"მეილები უკან დაგვიბრუნდა, ოღონდ არა Fazze-დან, არამედ სხვა კომპანიის დომენიდან, სახელად AdNow".
Fazze-ც ამავე კომპანიის AdNow-ს შემადგენლობაშია, AdNow რუსეთსა და დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული ციფრული მარკეტინგული სააგენტოა.
BBC რამდენჯერმე ეცადა დაკავშირებოდა AdNow-ს ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით. მოსკოვის სათავო ოფისში გამოცემამ კურიერს წერილიც კი გაატანა, მაგრამ არავის უპასუხია.
საბოლოოდ, მათ მოახერხეს დაკავშირება AdNow-ს ბრიტანული ოფისის ორი დირექტორიდან ერთთან, ევან ტოლადეისთან.
ტოლადეიმ განაცხადა, რომ ფაზესთან მას ძალიან ცოტა რამ აკავშირებს და რომ ის მეორე დირექტორის, რუსი სტანსილავ ფესენკოს და კიდევ სხვა ადამიანის (რომლის ვინაობაც არ იცოდა), წამოწყება იყო.
მან თქვა, რომ თავად არ ყოფილა ჩართული დეზინფორმაციის კამპანიაში და არც იცოდა, რომ Fazze ამაზე მუშაობდა, სანამ ისტორია არ გასაჯაროვდა. ასევე ვერ დაადასტურა, ვინ იყო ამ ყველაფრის "საიდუმლო დამკვეთი".
"სკანდალის ფონზე ვიქცევით პასუხისმგებლიანად და ვხურავთ AdNow-ს დიდი ბრიტანეთში", — განაცხადა მან და ასევე დაადასტურა Fazze-ს დახურვაც.
BBC-მ ფესენკოსთანაც სცადა დაკავშირება, მაგრამ წარუმატებლად.
ორივე ქვეყანაში, საფრანგეთსა და გერმანიაში Fazze-ს კამპანიაზე გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ სააგენტოს საიდუმლო დამკვეთის ვინაობა ისევ უცნობია.
არსებობს სპეკულაციები ამ სკანდალთან რუსეთის შესაძლო კავშირზე და რუსულ ინტერესზე, გაავრცელოს საკუთარი შექმნილი ვაქცინა — სპუტნიკ V.
ომიდ ნურიპურმა, გერმანიის მწვანეთა პარტიის სპიკერმა თქვა, რომ Fazze-ს კამპანიის უკან მოტივაციას თუ ვეძებთ, მოსკოვს უნდა მივაკითხოთ.
"ვაქცინებზე ცუდი შთაბეჭდილების შექმნა ძირს უთხრის ნდობას დემოკრატიული ქვეყნების მიმართ და სავარაუდოდ გაზრდის ნდობას რუსული ვაქცინის მიმართ, მხოლოდ ერთი მხარე ხეირობს ამით და ეს არის კრემლი", — განაცხადა მან.
"ჩვენთვის Covid-19 გლობალური საფრთხეა და არ ვართ დაინტერესებული გლობალური ბრძოლის მნიშვნელობის დაკნინებაში, ფაიზერის ვაქცინით აცრა კი ვირუსთან გამკლავების ერთერთი საუკეთესო გზაა", — წერია რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ლონდონში.
მიუხედავად იმისა, რომ Fazze-ს კამპანია ჩაიფუშა, ლეო გრასეს სჯერა, რომ ეს არ იქნება დეზინფორმაციის გავრცელების ბოლო მცდელობა:
"ხალხის აზრზე და განსაკუთრებით ახალგაზრდებზე მანიპულირება თუ გინდა, სატელევიზიო მედიასთან აღარ მიდიხარ. უბრალოდ ხარჯავ იმდენივე ფულს ტიკტოკერებზე, იუთუბერებზე. მთელი ეს ეკოსისტემა შესანიშნავადაა მოწყობილი დეზინფორმაციის მაქსიმალური ეფექტურობისთვის".
კომენტარები