ჯეფ ბეზოსი კოსმოში დღეს გაფრინდება — ლაივის ნახვა აქ შეგიძლიათ
ჯეფ ბეზოსი, სამყაროს ყველაზე მდიდარი ადამიანი, დღეს თავისივე კომპანიის, Blue Origin-ის მიერ აგებული რაკეტით ღია კოსმოსში გავა სამ სხვა მგზავრთან ერთად. მათ შორის ერთ-ერთი მისი ძმა მარკი იქნება, მომდევნო მგზავრი 82 წლის ველი ფანკია, ხოლო მეოთხე 18 წლის ჰოლანდიელი ოლივერ დაიმენი იქნება.
მისიას NS-16 ქვია და ეს Blue Origin-ის ისტორიაში იქნება პირველი ფრენა, როდესაც კომპანია კოსმოსში ადამიანებს გაიყვანს.
ბეზოსი გახდება მეორე მილიარდერი, რომელიც თავისივე კომპანიის რაკეტით გაფრინდება კოსმოსში. აქამდე ეს Virgin Galactic-ის დამფუძნებელმა, რიჩარდ ბრენსონმა შეძლო.
Blue Origin-ის ფრენა საინტერესო იმითაცაა, რომ ბორტზე მყოფი მგზავრებიდან დაიმენი იქნება ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც კოსმოსში ოდესმე გაფრენილა, ხოლო ველი ფანკი ყველაზე ასაკოვანი.
როდის დაიწყება ფრენა?
ფრენა დღეს, ჩვენი დროით 17:00-ზე დაიწყება. როგორც Blue Origin-მა კვირას განაცხადა, სამშაბათს დილის შტორმები უკვე გადავლილი იქნება და New Shepard გაფრენას თავისუფლად შეძლებს. მისია სულ რაღაც 10-11 წუთი გაგრძელდება.
"გამშვები გუნდი მზადაა, მზადაა რაკეტაც და მზად არიან პირველი მგზავრებიც", — განაცხადა NS-16 მისიის დირექტორმა, სტივ ლანიუსმა.
New Shepard გაფრენას ტეხასის უდაბნოს დასავლეთ ნაწილში მყოფი ქალაქიდან, ვან ჰორნიდან შეასრულებს. მგზავრების კაფსულა გამშვებს 100 კილომეტრის სიმაღლეზე მოშორდება. ბორტზე მყოფი მგზავრები რამდენიმე წუთის განმავლობაში შეძლებენ დედამიწაზე დაკვირვებას. ამ დროის განმავლობაში გამშვები უკან დაეშვება დედამიწაზე, ხოლო მგზავრების კაფსულა დაშვებას პარაშუტების დახმარებით შეძლებს.
როგორც უკვე ვთქვით, ფრენა ჩვენი დროით 17:00-ზე დაიწყება — მის ნახვას Blue Origin-ის YouTube არხზე შეძლებთ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები