Annette — ლეო კარაქსის იუმორნარევი, ტრაგიკული პოპ-ოპერა
ერთწლიანი პაუზის შემდეგ კანის 74-ე კინოფესტივალი ლეო კარაქსის ტრაგიკული პოპ-ოპერით გაიხსნა.
ანეტი სოპრანოს (მარიონ კოტიარი) და კომედიანტის (ადამ დრაივერი) იუმორნარევი მეტისმეტად ტრაგიკული ამბავია და როგორც აღინიშნა, რეჟისორისთვის პერსონალურად მნიშვნელოვანიც.
ამ ისტორიის მოსაყოლად ლეო კარაქსმა ჯგუფ Sparks-ის საუნდტრეკი, თეატრი, ოპერა, ფერწერა, გრაფიკა და შემაშფოთებელი იმიჯების ვიზუალური რიგი გამოიყენა.
პირველივე დიალოგში, კადრს მიღმა, თავად კარაქსის ხმა ისმის, რომელიც შვილს აფრთხილებს და მნიშვნელოვანი ამბისთვის წინასწარ ამზადებს.
რეჟისორი მოლოდინს აჭარბებს, კინოს შესაძლებლობების ტერიტორიას აფართოებს და პერიოდულად რუტინით, პერიოდულად კი დინამიკით მაყურებელზე ზემოქმედებს.
რეჟისორი, თითქოს, მკვდარ ზონებს აცოცხლებს, რასაც ეხება ყველაფერი მოძრაობას და ნათებას იწყებს.
რა ემართებათ ადამიანებს? შესაძლებელია თუ არა დიდი სიყვარული, იმავდროულად ძვირფასის განადგურებას გულისხმობდეს? გვჯერა თუ არა, რომ შესაძლოა მოძალადე ჩვენს გვერდით ცხოვრობდეს?
კარაქსი სიღრმეში, ადამიანების ყველაზე ბნელ ტერიტორიაზე გვახედებს და შემზარავს, სასტიკად მომხიბვლელს, მიუღებელს და იმავდროულად მიმზიდველს მას ერთ პლასტში გვიჩვენებს.
ადამ დრაივერი ბრწყინავს კარაქსის სცენაზე. მისი პერსონაჟი ერთდროულად, დამაჯერებელი და გროტესკული, მომნუსხველი და დაუნდობელია. ჰენრი, კალიფორნიული თეატრის კომედიანტია და წარმოდგენის დროს, სასტიკ ამბებს უყვება ხუმრობის დამკვეთ მაყურებელს.
კოტიარის გმირი ანა, ოპერის ცნობილი მომღერალი, კოშმარულ სიზმრებს ხედავს.
წყვილი გვიყვება თუ როგორ უყვართ ერთმანეთი, სიმღერით გრძელ და ლამაზ ტყეს ან, ღამის ქუჩებს მიუყვებით. ისინი მღერიან სეირნობისას და ჩხუბის დროს, მღერიან სახლში, სამსახურში, სექსის, კუნილინგუსის დროსაც.
ესაა გამიჯნურებული წყვილის თავგადასავალი, როგორ იქცევა შეყვარებული კაცი? რა შეიძლება მას დაემართოს? რას ცვლის ახლადგაჩენილი ენიგმური ბავშვი სახელად ანეტი? ლეო კარაქსი ბავშვის როლს ხის მარიონეტს ანდობს.
რეჟისორი ყველაფერს დასცინის, ტაბლოიდების ჰედლაინებსაც და უფლება დამცველებს, ცნობილ ვარსკვლავებს და მათ თაყვანისმცემლებს, დიდებს და პატარებს, შეყვარებულებს, თანამედროვე ადამიანის ყოფას, დეკორაციებს და სტიქიებს. მაგრამ კარაქსი ამისთვის სრულიად სხვა მასალას იყენებს, მისი არასტანდარტული პატერნები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ქმნის.
ვინ მოკვდება და ვინ გადარჩება ანტიკური თეატრის კარაქსისეულ ვერსიაში თავად უნდა ნახოთ. ლეო კარაქსი “ჰოლი მოტორსის” პრემიერიდან ათი წლის თავზე თანამედროვე კინოსთვის უმნიშვნელოვანესი სურათით დაბრუნდა.
კომენტარები