ახალი რეკორდი — წყალბადზე მომუშავე Toyota Mirai-მ 1003 კილომეტრი გაიარა
31 მაისს, Toyota-მ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ახალმა Toyota Mirai-მ, რომელიც წყალბადის ძრავზე მუშაობს (წყალბადის მეშვეობით გამოიმუშავებს ელექტრო ძრავისთვის საჭირო ენერგიას), ავზის ერთი შევსებით 1003 კილომეტრის გავლა შეძლო. ცნობისთვის, წინა რეკორდი Hyundai Nexo-ს ეკუთვნოდა, რომელმაც 778 კილომეტრის გავლა მოახერხა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ტოიოტამ წინ დიდი ნაბიჯი გადადგა და კონკურენტებს ახალი თავსატეხი გაუჩინა.
კიდევ უფრო განსაცვიფრებელია ის, რომ 1003 კილომეტრის გავლისა და დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ, მირაის კიდევ 9 კილომეტრის გავლა შეეძლო. ახალი რეკორდი საფრანგეთში დამყარდა.
ამ გავლის მიზანი იმის დემონსტრირება იყო, რომ წყალბადზე მომუშავე ძრავებს უფრო მეტი პოტენციალი აქვთ, ვიდრე ელექტრომობილებს. ეს ავტომწარმოებლებსა და ავტომოყვარულებს შორის ხშირად დავის საგანიც ხდება. ფოლკსვაგენისა და ტესლას აღმასრულებელი დირექტორები თვლიან, რომ ელექტრომობილები წყალბადურ ძრავებზე მომუშავე ავტომობილებს ჯობიან.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც წყალბადზე მომუშავე ავტომობილების შემთხვევაში ვხვდებით, არასაკმარისი ინფრასტრუქტურაა. წყალბადის გასამართი სადგურები საკმაოდ ცოტაა, ამასთანავე, ავტომობილის საწვავით სრულად შევსება საშუალოდ 61 დოლარი ჯდება — ელექტრომობილების შემთხვევაში კი მანქანის დატენვა სახლში, საკუთარი დენითან კი შეგვიძლია.
მიუხედავად ამისა, ტოიოტას ახალი რეკორდი აუცილებლად გახდება განხილვის საგანი ავტომოყვარულებს შორის.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები