როგორი იქნება ხელოვნური სიცოცხლე და რისი პროგნოზირება შეგვიძლია ამ მხრივ
ადამიანის ევოლუცია პირდაპირ დაკავშირებული იყო ბუნებასთან და გარემო პირობებთან. საინტერესოა რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ სიცოცხლე ბუნების გვერდის ავლით განვითარდება და ის ადამიანის შემოქმედებითობაზე იქნება დამოკიდებული?
სრულიად ახლებური სიცოცხლის წარმოშობის შესასწავლად ახალი სამეცნიერო დარგებიც იქმნება. მეცნიერების მიზანია გაიგონ თუ როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს სიცოცხლე "ახლებურად". რა თქმა უნდა, საუბარია ხელოვნურ ინტელექტზე, სადაც გადამწყვეტ როლს ადამიანის გონება თამაშობს.
ასეთი სიცოცხლე როგორც ქიმიურად, ისე სხვა მნიშვნელოვანი ასპექტით იქნება ჩვენგან განსხვავებული. "ხელოვნური სიცოცხლის წარმოშობა" (ALife) მეცნიერების სრულიად ახალი დარგია და სწორედ ის ცდილობს წარმოიდგინოს თუ როგორი იქნება ხელოვნური სიცოცხლე. სტატიაში ამ ახალ დარგს ALife-ს გაგაცნობთ.
როგორი შეიძლება იყოს ადამიანის მიერ შექმნილი ხელოვნური სიცოცხლე
"ხელოვნური სიცოცხლე" — ALife, როგორც სამეცნიერო დარგი პირველად ლოს ალამოსში, 1987 წელს კრისტოფერ გ.ლანგტონმა დააფუძნა. ეს ახალგაზრდა სამეცნიერო დარგია, რომელიც თავის თავში აერთიანებს კომპიუტერულ მეცნიერებებს, ქიმიას, ფიზიკას, ბიოლოგიას, ინჟინერიას, რობოტიკას, მხატვრობას, ფილოსოფიას და სხვა მრავალ ინტელექტუალურ თუ სამეცნიერო დისციპლინებს.
ALife ქვედარგებად იყოფა და მოიცავს სიცოცხლის რბილ, მყარ და სველ ფორმებს. რბილი სიცოცხლე სიმულაციებს და ვირტუალურ რეალობებს ეკუთვნის, სადაც შეიძლება ახალი სიცოცხლის ფორმები წარმოიქმნას. მყარი მოიცავს რობოტიკას და იყენებს სიცოცხლის მსგავს სისტემებს ტექნიკაში, რომელიც შედგება ძირითადად სილიციუმის, ფოლადისა და პლასტმასისგან. რაც შეეხება სველს, ის მოიცავს ქიმიკატების ფართო სპექტრს, რისი სინთეზირებაც ლაბორატორიებში ხდება.
იმისთვის, რომ ქვედარგები უფრო მარტივად წარმოვიდგინოთ, შეგვიძლია რბილი სიცოცხლე "2001 წლის კოსმოსური ოდისეის" Hal 9000-ს შევადაროთ. მყარი უფრო "Blade Runner"-ის პერსონაჟებს წააგავს, ხოლო სველი უფრო ჯეიმს კამერონის "The Abyss"-ში წარმოჩინებულ სიცოცხლეს ჰგავს.
ახალი სიცოცხლის ფილოსოფია
ახალი სამეცნიერო დარგები ვაკუუმში არ ყალიბდება: ისინი იქმნება მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ისეთი კითხვა ჩნდება, რომელზეც სხვა, უკვე ხანდაზმული სფეროები პასუხს ვერ გვცემენ. ALife-ის დამფუძნებელი კრისტოფერ გ.ლანგტონი მიიჩნევს, რომ არის თემები რაზეც მეტი უნდა ვიცოდეთ და თუ მათ წარმატებით დავაკავშირებთ, სიცოცხლის ხელოვნურად წარმოქმნას წინ აღარაფერი აღუდგება. მისი აზრით, ესენია: სიცოცხლის წარმოშობა, გარემოზე ადაპტაცია, გამოთვლითი ბიოლოგია, მონაცემების დამუშავება, კომპიუტერული მეცნიერება, ფილოსოფია და ხელოვნება.
თუმცა, ჯერ ბევრი რაღაცა არ ვიცით და ALife-ის განვითარება შეიძლება კიდევ შორს იყოს. მეტიც, სანამ სიცოცხლის ახალ ფორმებს შევქმნიდეთ, თავად ჩვენ თავი გვაქვს შესასწავლი. მიუხედავად ამისა, ბევრ მეცნიერს, მათ შორის კრისტოფერ ლანგტონს მიაჩნია, რომ ახალი სიცოცხლის ფორმები სულაც არ ნიშნავს ჩვენგან განყენებულს. პირიქით, სწორედ სიცოცხლის ახალი ფორმების შექმნით, შევძლებთ საკუთარი თავის უკეთ შემეცნებას.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები