ჩინეთში ფრინველის გრიპის H10N3 შტამით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის (NHC) განცხადებით, 41 წლის ჩინელი კაცი ძიანსუს პროვინციიდან პირველი ადამიანია, რომელსაც H10N3 ფრინველის გრიპი დაუდასტურდა. როგორც NHC იუწყება, კაცს ცხელება და სხვა სიმპტომები გამოუვლინდა, რის გამოც იგი 28 აპრილს საავადმყოფოში გადაიყვანეს, 28 მაისს კი მას ფრინველის გრიპის H10N3 შტამის დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა, დამატებითი დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ დაინფიცირდა იგი ვირუსით, განცხადებაში არ წერია.
პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და იგი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. შესწავლილია მისი ახლო კონტაქტებიც, თუმცა მათში გრიპის შემთხვევა არ ფიქსირდება.
NHC-მ ისიც დასძინა, რომ H10N3 შინაური ფრინველის ვირუსის შედარებით ნაკლებად მძიმე შტამია, რომლის გავრცელების რისკი დიდ მასშტაბებზე ძალიან დაბალია.
აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონული ოფისის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ტრანსსასაზღვრო ცხოველთა დაავადებების საგანგებო ცენტრის რეგიონალური ლაბორატორიის კოორდინატორის, ფილიპ ქლეისის თქმით, ეს არ არის "ძალიან გავრცელებული შტამი".
2018 წლამდე, 40 წლის მანძილზე, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკის გარკვეულ ნაწილებში ამ ვირუსის 160 ცალკეული შემთხვევა დაფიქსირდა, უმეტესად გარეულ ფრინველებსა და წყლის ფრინველებში. აღსანიშნავია, რომ აქამდე ქათმებში ვირუსის არც ერთი შემთხევა არ აღმოუჩენიათ.
ქლეისის თქმით, საჭირო იქნება ვირუსის გენეტიკური მონაცემების გაანალიზება იმის განსაზღვრისთვის, ჰგავს თუ არა იგი აქამდე დაფიქსირებულ ვირუსებს, თუ სხვადასხვა ვირუსების სრულიად ახალ ნარევს წარმოადგენს.
ჩინეთში ფრინველის გრიპის მრავალი სხვადასხვა შტამი არსებობს და მათი ნაწილით დროგამოშვებით ინფიცირდებიან ადამიანები, უმეტესად კი ისინი, ვინც შინაურ ფრინველებთან მუშაობენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2016-17 წლებში H7N9 შტამით 300 ადამიანი დაიღუპა, ადამიანებში ფრინველის გრიპის მნიშვნელოვნად ბევრი შემთხვევა არ გამოვლენილა.
NHC-მ განაცხადა, რომ, ამ ერთის გარდა, გლობალურად ადამიანებში H10N3 ინფექციის შემთხვევები არ ფიქსირდება.
კომენტარები