სირიაში, შესაძლოა, მსოფლიოში უძველესი ომის მემორიალი იყოს
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ სამხრეთ სირიაში მსოფლიოს უძველესი ომის მემორიალი გამოავლინეს. აქამდე ითვლებოდა, რომ ქალაქ თალ ბანატში აღმოჩენილი უძველესი სამარხი, უბრალოდ მასობრივი საფლავი იყო.
თუმცა, ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნდა, საფლავები ადგილობრივ ჯარისკაცებს ეკუთვნოდათ და ეს დღეისთვის ცნობილი უძველესი ომის მემორიალია. რაც შეეხება პერიოდს, მემორიალი ძველი წელთაღრიცხვით მესამე ათასწლეულით თარიღდება.
მოხსენების ავტორები ამბობენ, რომ გარდაცვლილთა სისტემური განთავსება მიანიშნებს, რომ ბორცვი სავარაუდოდ სახელმწიფო არმიის მემორიალია, რომელმაც ბრძოლაში ეტლები გამოიყენა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ადგილები ჩრდილოეთ სირიაში სხვაგანაც გვხვდება და ზოგ მათგანს მესოპოტამიური წარწერები აქვს. თუმცა, თალ ბანატის ადგილი სხვა დანარჩენებისგან განსხვავდება როგორც სხეულების განლაგებით, ისე თავად ბორცვის შემადგენლობით, რაც მკვლევრების თქმით, მიანიშნებს, რომ ის ნამდვილად მემორიალია.
"როგორც ჩანს ამ მემორიალით უძველესმა ხალხმა ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს. ადამიანები დღემდე ასე ვიქცევით. თუმცა, ჩვენ არ ვიცით დაკრძალულები ომში გამარჯვებულები იყვნენ თუ დამარცხებულები. ჩვენ ვიცით, რომ მათ გვამები სხვადასხვა ადგილებიდან გადმოასვენეს“, — თქვა წამყვანმა მკვლევარმა, პროფესორმა ენ პორტერმა.
კომენტარები