როგორ მუშაობს ისრაელის "რკინის გუმბათი" — დეტალურად

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

როგორ მუშაობს რკინის გუმბათი

ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი ცოტა ხნის წინ ისევ გამწვავდა, ისრაელმა კი ავიაიერიშის მოგერიების პარალელურად, საჰაერო თავდაცვის კუთხით, მსოფლიოსა და განსაკუთრებით დასავლეთის გაოცება შეძლო. ბოლო პერიოდში, ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება ვიდეოები თუ ფოტოები, სადაც ცაზე მანათობელ ხაზებად დაკლაკნილი ათობით რაკეტაა აღბეჭდილი. ასეთი კადრები, დარწმუნებული ვარ, თქვენც შეგხვდათ. ეს ისრაელის "რკინის გუმბათია", ანტისარაკეტო სისტემა, რომელიც მთელი ქვეყნის საჰაერო ქოლგას წარმოადგენს.

კონფლიქტის გამწვავებიდან დღემდე, პალესტინელმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ისრაელის მიმართულებით 2 800 რაკეტა გაისროლეს. ეს უმართავი რაკეტებია, რკინის გუმბათს კი მათი ტრაექტორიის ამოცნობა შეუძლია და მხოლოდ იმ რაკეტებს ანადგურებს, რომლებიც დასახლებულლ პუნქტებში დასაცემადაა მიმართული. რაკეტების განადგურება ჰარში ხდება, ისე, რომ ისინი მოსახლეობისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს.

საერთო ჯამში, რკინის გუმბათი ანტისარაკეტო სისტემაა, რომელიც რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტებსა და რადარებს აერთიანებს.

რადარი ირჩევს ობიექტს, როგორიცაა რაკეტა, ამ ინფორმაციას გადასცემს ანტისარაკეტო რაკეტის გამშვებს, ის კი გამომთვლელი პუნქტიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიხვდება, რა სიჩქარითა და ტრაექტორიით უნდა იფრინოს. სამიზნესთან მიახლოებისას კი რკინის გუმბათის რაკეტა ფეთქდება.

რაკეტების გაშვებამდე, სხვა ცვლადები, როგორიცაა ატომსფერული მდგომარეობა ან ამინდი, ასევე გათვალისწინებულია.

ვინ ქმნის რკინის გუმბათს?

ანტისარაკეტო სისტემა ისრაელური კომპანიის — Rafael-ის მიერ იქმნება, მათივე დახასიათებით, რკინის გუმბათი მაღალეფექტური გადამჭერია, რომელიც ყველანაირ ამინდში მუშაობს.

Rafael ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა, რომელიც თავდაცვითი შეიარაღების კუთხით მუშაობს. მათ მჭიდრო კავშირი აქვთ ისრაელის თავდაცვის სამინისტროსთან და გარდა რკინის გუმბათებისა, აწარმოებენ სადაზვერვო სისტემებსა და ტანკსაწინააღმდეგო დანადგარებსაც კი.

მიუხედავად იმისა, რომ რკინის გუმბათი ისრაელში იწყობა, ამ პროგრამის განხორციელებაში მთავარი როლი ამერიკის შეერთებულ შტატებს მიუძღვის. 2011 წელს, ბარაკ ობამამ ისრაელს 200 მილიონ დოლარზე მეტი გადასცა, რათა ეწარმოებინათ გამვშები ბატარეები სისტემისათვის.

რკინის გუმბათი პირველად 2011 წელს ამუშავდა. ისრაელის შემადგენლობაში დღეს სულ 10 გამშვები ბატარეაა.

როგორია რკინის გუმბათის ეფექტიანობა?

ისრაელის მტკიცებით რკინის გუმბათი სიზუსტე 90 პროცენტს შეადგენს, თუმცა ზოგიერთი ექსპერტის თქმით, ეს რიცხვი შეიძლება 80-მდე მერყეობდეს. თუ ამ მაჩვენებლით ვიხელმძღვანელებთ, გამოვა, რომ ისრაელის მიმართულებით ნასროლი 2 800 რაკეტიდან 560 მაინც გაივლიდა რკინის გუმბათის ფარს.

თუმცა, აღსანიშნია, რომ ამ შეთმხვევაში, მნიშვნელობა ენიჭება რაკეტის ხარისხსა და სიზუსტეს. ღაზას სექტორიდან ნასროლი რაკეტების უმეტესობა უმართავია და მინიმალური ზიანის მოყენება შეუძლია. სწორედ ამიტომ, რკინის გუმბათი მხოლოდ იმ რაკეტების გადაჭერითაა დაკავებული, რომლებიც დასახლებული პუნქტებისკენ მიემართებიან. მიუხედავად ამისა, ფატალური შემთხვევები ისრაელში მაინც ფიქსირდება.

ანტისარაკეტო სისტემის სამოქმედო არეალი 4-დან 70 კილომეტრამდეა და მას როგორც რაკეტების, ასევე 155mm-იანი საარტილერიო ჭურვების განადგურებაც შეუძლია.

როგორც უკვე ვთქვი, რკინის გუმბათი ისრაელმა 2011 წელს მიიღო. პირველი ბატარეა კი ამავე წლის 27 მარტს ამუშავდა, ხოლო 2011 წლის 7 აპრილს, სისტემამ ღაზას სექტორიდან, BM-21 Grad-იდან ნასტოლი პირველი რაკეტები მოიგერია.

ზოგი კრიტიკოსი იმასაც ამბობს, რომ ისრაელის რკინის გუმბათთან დაკავშირებულ სტატისტიკას რეალურად არ გვაცნობს.

რისგან შედგება რკინის გუმბათის მთლიანი სისტემა

რკინის გუმბათს სამი ძირითადი კოპონენტი აქვს:

  • ამომცნობი და გადამჭერი რადარები — რადარებს კომპანია Elta ამზადებს. ეს უკანასკნელი ისრაელის საჰაერო ინდუსტრიის მოწინავე კომპანიის, IAI-ს შვილობილი კომპანიაა.
  • ბრძოლის მენეჯმენტისა და იარაღის კონტროლის ცენტრი რკინის გუმბათის სისტემის მეორე უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მაკონტროლებელ ცენტრებს Rafael თვითონ აშენებს ხოლო სისტემურად მათ mPrest Systems უზრუნველყოფს.
  • მესამე კომპონენტი თავად რაკეტების გამშვები დანადგარებია. რკინის გუმბათი Tamir ტიპის გადამჭერ რაკეტებს იყენებს. გამშვები აღჭურვილია ელექტრო-ოპტიკური სენსორებითა და რამდენიმე მატრიალებელი შრით, რაც მის მანევრულობას ზრდის. რკინის გუმბათის თითო გამშვებს 20 რაკეტის გაშვება შეუძლია.

რა რისკებს შეიცავს რკინის გუმბათის ოპერირება

ფოტოზე რკინის გუმბათის სამართავი ცენტრია, მასშივე შედის უძლიერესი რადარები. ამ უცნაურ ყუთში ჯარისკაცები 24 საათის განმავლობაში, ყურადღების მოუდუნებლად მონაცვლეობენ. სამართავი პუნქტი მობილურია, მას გადაადგილება და ადგილმდებარეობის ცვლილებაც შეუძლია.

ჯარისკაცების ასაკი, რომლებიც ისრაელისკენ გასროლილ რაკეტებს ადევნებენ თვალს, ითვლიან მათ ტრაექტორიასა და გადაჭერაზე მუშაობენ, ხშირად 18-დან 21-მდეა. ეს 24 საათიანი საქმეა, რომელიც შესაძლოა გადაღლილობის გარდა, სხვა რისკებთანაც იყოს დაკავშირებული.

2021 წლის აპრილში ისრაელის შეიარაღებული ძალების ყოფილმა ჯარისკაცებმა ისრაელის თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში უჩივლეს. მათი თქმით, სამართავ პუნქტში, უამრავ და უძლიერეს რადარებს შორის ყოფნამ მათი ჯანმრთელობა შეარყია და მათ ნაწილს კიბო დამართა. ჯარისკაცებს შორის რკინის გუმბათის სამართავ სისტემებს "ტოსტერსაც" ეძახიან და რადარების მიერ გამოყოფილ გამოსხივებას მიკროტალღურ ღუმელს ადარებენ.

"როდესაც რადართან ახლოს ხარ ხვდები, რომ შენი ორგანიზმი შიგნიდან იწყებს დუღილს. ეს ძალიან ჰგავს იმას, რაც მიკროტალღურ ღუმელში მოთავსებულ საჭმელს ემართება", — ამბობს რკინის გუმბათის ყოფილი ოპერატორი, ჯონათან ჰაიმოვიჩი.

რკინის გუმბათზე მომუშავე, დაახლოებით, 10-მა ჯარისკაცმა მაინც დააფიქსირა იგივე პრეტენზია, თუმცა, ისრაელის თავდაცვის სამინისტრო სამართავ პუნქტებსა და ჯარისკაცებს შორის გავრცელებულ კიბოს შორის კავშირს უარყოფს.

აქვთ თუ არა სხვა ქვეყნებს რკინის გუმბათი?

ისრაელის მოკავშირეებს შორის რკინის გუმბათით დაინტერესება აქამდეც ძალიან დიდი იყო. ახლო აღმოსავლეთისა და დასავლეთის არაერთ ქვეყანას გამოუთქვამს სურვილი მისი შეძენის თაობაზე. 2016 განცხადება აზერბაიჯანმა გააკეთა და ისრაელთან შეთანხმებასაც მიაღწია. ეს რკინის გუმბათის ექსპორტზე გატანის პირველი შემთხვევა იყო. კიდევ ერთი ქვეყანა, რომელმაც რკინის გუმბათის შეძენა მოახერხა აშშ-ა. ვაშინგტონმა ანტისარაკეტო სისტემების შესყიდვის თაობაზე განცხადება 2019 წლის დასაწყისში გააჟღერა.

რკინის გუმბათის ერთი გამშვები 50 მილიონი დოლარი ღირს, ხოლო თითოეული გაშვებული რაკეტის ფასი 40 000 ამერიკული დოლარია.

სისუსტეები

სისუსტეები ყველა სისტემას აქვს, უშეცდომო და იდეალური არაფერია. გამონაკლი არც რკინის გუმბათია, ვინაიდან ერთი გამშვები მხოლოდ 20 რაკეტის გაშვებას ახერხებს, ყოველთვის იარსებებს შანსი, რომ თუკი ანტისარაკეტო სისტემისკენ ერთდროულად დიდი რაოდენობის რაკეტებს მიმართავენ, ის ყველას გადაჭერას ერთდროულად ვერ შეძლებს. ამავდროულად, ყოველთვის არსებობს შანსი იმისა, რომ გამშვები გადაიტვირთოს. როდესაც გამშვები მასში არსებულ 20-ვე რაკეტას გაისვრის, მისი გადატენვა ხდება საჭირო, ამ დროს კი მას სხვა რკინის გუმბათი უნდა აზღვევდეს.

თეორიულად რომ ვიმსჯელოთ, არის შანსი, რომ მასირებული თავდასხმის შემთხვევაში, რკინის გუმბათების გატანვა დროულად ვერ მოხერხდეს, თუმცა, ეს საკმაოდ წარმოუდგენლად ჟღერს. როგორც უკვე ვნახეთ, სისტემამ უმოკლეს დროში თითქმის 3000 რაკეტის მოგერიება შეძლო. რადგან ისრაელის ტერიტორიაზე 10 გამშვები პუნქტია, გადატენვის პრობლემა ბატარეებს არ ექმნებათ. თუ ერთ-ერთს რაკეტები უთავდება მას აუცილებლად აზღვევს დანარჩენი ცხრა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორ მოქმედებს კვერცხი ტვინზე — კვლევა
  2. ახალი კვლევა ქათმისა და კვერცხის პარადოქსს ნათელს ჰფენს
  3. ცეცხლი ყინულის წინააღმდეგ — ნახეთ, როგორ ფარავს ლავა ისლანდიის თოვლიან ლანდშაფტს
  4. დედამიწის ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს — აი, რატომ
  5. ანტარქტიდაზე ქარვა აღმოაჩინეს — ძველი ტყეების კვალი ყინულოვან კონტინენტზე

გირჩევთ