აშშ-ში ქარის ყველაზე მასშტაბური სანაპირო სადგური აშენდება
ბაიდენის ადმინისტრაციამ ახლახან საბოლოოდ დაამტკიცა Vineyard Wind პროექტი, რომელიც მასაჩუსეტსის შტატში ქარის უზარმაზარი სანაპირო სადგურის "გაშენებას" ისახავს მიზნად.
New York Times-ის მიხედვით, ეს სადგური აშშ-ში ამ ტიპის პირველი მასშტაბური ობიექტი იქნება, რომელიც საბოლოოდ 84 ტურბინას მოიცავს და მასაჩუსეტსის შტატის კუნძულ მარტას ვენახზე, სანაპიროდან დაახლოებით 24 კილომეტრის დაშორებით განთავსდება. ფუნქციონირების დაწყების შემდეგ, ოფიციალური პირების მოლოდინით, სადგურმა 800 მეგავატი სუფთა ენერგია უნდა აწარმოოს — ეს იქნება ბაიდენის მმართველობაში კლიმატისა და ენერგიის მიზნების შესასრულებლად გადადგმული პირველი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი.
აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2030 წლისთვის ისინი მიზნად ისახავენ ქარის სადგურებით 30 გიგავატი (30 000 მეგავატი) ენერგიის წარმოებას. Vineyard Wind ამ რაოდენობის მხოლოდ 2.7%-ს დაფარავს, თუმცა, როგორც NYT იუწყება, მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე ამ სადგურისგან სხვა პროექტების განხორციელებასაც მოელიან.
ექსპერტებმა NYT-ს განუცხადეს, რომ ახლა, როდესაც Vineyard Wind პროექტმა საბოლოო დასტური მიიღო, სავარაუდოდ, ამავე ბედს გაიზიარებენ ქარის სადგურის სხვა პროექტებიც, რომლებიც აღმოსავლეთ სანაპიროზე გეგმავენ სადგურების დადგმას. იმ შემთხვევაში, თუ ყველა ეს პროექტი განხორციელდება, მაშინ, სავარაუდოდ, ამ ათწლეულის ბოლოს ამერიკის სანაპიროებზე მინიმუმ 2 000 ქარის ტურბინა იმუშავებს.
"Vineyard Wind-ის პროექტის დასტური წარმოადგენს იმის დემონსტრაციას, რომ ჩვენ შეგვიძლია ვებრძოლოთ კლიმატის კრიზისს, პარალელურად კი შევქმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და გავაძლიეროთ ჩვენი კონკურენტუნარიანობა როგორც აშშ-ში, ასევე მის საზღვრებს გარეთ", — განაცხადა თავის პრეს რელიზში სავაჭრო მდივანმა, ჯინა რაიმონდომ.
კომენტარები