სამხრეთ კორეაში მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ლაზერი შექმნეს
ათწლიანი მუშაობის შემდეგ, სამხრეთ კორეის მეცნიერების ინსტიტუტის ლაზერული მეცნიერების ცენტრის (CoReLS) მკვლევრებმა მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ლაზერი შექმნეს. მეცნიერებმა რეკორდულად მაღალი ლაზერული პულსის ინტენსივობას მიაღწიეს, საუბარია 1023ვტ/სმ2-ზე.
შედარებისთვის, ეს ექვივალენტურია, მზისგან დედამიწისკენ მომავალი მთელი სინათლე მხოლოდ 10 მიკრომეტრის ზომის სივრცეში რომ მოვაქციოთ. ამით მიჩიგანის უნივერსიტეტში 2004 წელს დემონსტრირებული მსოფლიო რეკორდი მოიხსნა.
"ეს მაღალი ინტენსივობის ლაზერი საშუალებას მოგვცემს გავუმკლავდეთ ახალ და რთულ მეცნიერებას — ძლიერი ველის კვანტურ ელექტროდინამიკას, რომელზეც აქამდე ძირითადად თეორეტიკოსები მუშაობდნენ." — ამბობს Chang Hee Nam, CoReLS-ის დირექტორი და გვანჯუს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი.
როგორც ჟურნალ Optica-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია აღწერილი, ამ რეკორდულ შედეგს ორი რამ დასჭირდა: ლაზერი, რომელსაც ძალიან მაღალი ენერგიის გამომუშავება შეუძლია და ის, რაც ამ სიმძლავრეს ძალიან პატარა სივრცეში მოაქცევს.
2017 წელს მკვლვრების ამავე გუნდმა საკმაოდ ძლიერი ლაზერის სისტემა შექმნა, რომელიც 4 პეტავატ პულს აწარმოებდა. ეს ძალიან დიდი ენერგიაა, მაგრამ მისი შენარჩუნება მხოლოდ 20 ფემტოწამის განმავლობაში მოხდა.
რაც შეეხება, სულ ცოტა ხნის წინ მიღებულ რეკორდულ შედეგს, ლაზერი მეცნიერებს სინათლისა და მატერიის ისეთი რთული ურთიერთქმედების შესწავლის საშუალებას მისცემს, რაც აქამდე შეუძლებელი იყო. ამასთან, ეს შეიძლება წარმოუდგენლად ენერგიული (და იდუმალი) კოსმოსური მოვლენების გაგებაში დაგვეხმაროს.
კომენტარები