რა იცვლება განახლებულ პერსონში — ხუთი წლის იუბილესადმი მიძღვნილი რებრენდინგი და ახალი სტრატეგია
ტანსაცმლის და აქსესუარის ქართული ბრენდი პერსონი ხუთი წლის გახდა და საქმიანობის ახალ ეტაპზე გადასვლას გვამცნობს.
სოციოლოგ ლევან ბერძენიშვილისა და ფინანსისტ ქეთი თოფურიძის გზები ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ გადაკვეთა რწმენამ, რომ ცხოვრებაში შესაძლებელია ის იყო, ვინც გინდა. ყოველ შემთხვევაში, აუცილებლად რომ უნდა სცადო. მათ კი, როგორც აღმოჩნდა, ძლიერ სურდათ ყოფილიყვნენ ადამიანები, რომლებიც ქართულ საზოგადოებას ტანისამოსით თავის გამოხატვის საკუთარ ხედვას გაუზიარებდნენ. ასე შეიქმნა პერსონი, რომელიც მათ ცხოვრებაში დიდ ექსპერიმენტს წარმოადგენდა. ხუთი წლის თავზე კი ფიქრობენ, უკვე შეუძლიათ, მეტად კონკრეტულები გახდნენ და სხვებსაც შთააგონონ, რომ Anyone Can Be Anyone.
ქეთი თოფურიძე: — პერსონმა, ალბათ, მთელი თავისი რეპუტაცია მომხმარებელთან უშუალო შეხებისას მოიხვეჭა. მართალია, შექმნის დღიდან საკმაოდ მკაფიოდ ვუსვამთ ხაზს ჩვენს ღირებულებებს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ხმაურიანი ან თვალისმომჭრელი კომუნიკაციით გამოვირჩევით. თუმცა, მეორე მხრივ, ამაში დიდ პოზიტივს ვხედავ. საამაყოა, როცა ნაწარმი თვითონ იჩენს თავს. კარგი და ხარისხიანი ტანსაცმელი რომ გაცილებით ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს, დავამტკიცეთ. ოვერსაიზ კოლექციებით და ექსპერიმენტებით კი ფორმების თავისუფლებას ვუჭერთ მხარს. თავის დროზეც სწორედ იმიტომ შევქმენით პერსონი, რომ ჩაცმის სტილით თავის უმტკივნეულოდ გამოხატვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების გვჯეროდა.
ბრენდის განახლებული ლოგოსა და კონცეფციის ავტორი JWT Metro-ს კრეატიული დირექტორი გიორგი ქვლივიძეა. სწორედ მის სახელს უკავშირდება ადამიანის ყველაზე ბაზისური გაგებით პერსონის გადააზრება და მისი შინაარსის ახლებურად გამოსახვა.
გიორგი ქვლივიძე: — ამ ბრენდის ამბიციური სახელი და ანტიკონსერვატიული ფილოსოფია იქამდეც მომწონდა, სანამ ბრენდინგზე მომმართავდნენ, ამიტომ, ლოგოს იდეა მალე მოვიდა. და ვინჩის იდეალური ადამიანის ნახაზის, ე.წ. ვიტრუვიუსის ადამიანის (იმანაც ვინმე ვიტრუვიუსის ნახაზებზე დაყრდნობით გააკეთა, ისიც მაგარი იყოო ამბობენ) თანამედროვე რიმეიკის გაკეთება შევთავაზე. თანამედროვე იდეალურ ადამიანს შეუძლია იყოს ისეთი, როგორიც თვითონ გაუხარდება.
ახალი ლოგო მოგვიანებით სხვადასხვა ხასიათის ფიგურებად დაიშალა. ადამიანის შესაძლებლობების უსაზღვროების ეს მეტაფორა ახალ ვიზუალურ სტილად იქცა, რომლის უკანაც არტ-დირექტორი ნინო მიქაძე დგას.
პერსონის განახლების შესახებ სწორედ მის მიერ წარმოდგენილი უცნაური კოლექციით შევიტყვეთ, რომელიც, ერთი შეხედვით, სრულიად იდენტური მაისურების სერიაა, მაგრამ, სინამდვილეში, თითოეული მოდელი განუმეორებელია, ანუ ბუნებაში ერთადერთია. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია მაისურს გულთან, ლოგოზე დავაკვირდეთ.
ყოვლისშემძლე იოგიდან გაცხარებულ პროფესორამდე, პერსონი საკმაოდ ამბიციურ დაფარვის არეალს საზღვრავს. სათქმელი კი ერთია: Anyone Can Be Anyone.
აუდიტორიამ ახალი პერსონის რამდენიმე ვარიაცია პოსტერებით გაიცნო.
Person Can Be A:
Traveler
Teller
All Limitless
Either A Fool
Or A Partner
Or just… Vaccinated Person
მოგვიანებით კი კოლექციად წარმოდგენილი სრული შემადგენლობა იხილა. ბოლოს, ყველაფერი ახალ ლოგოში ერთიანდება.
ლევან ბერძენიშვილი: — ახალი სტრატეგია, რომელსაც ხუმრობით დაკონკრეტების სტრატეგიას ვეძახით, მთლიანად მეტ მოქნილობაზეა აგებული და ეს ეხება როგორც ვებ-სერვისების სრულყოფას და მომსახურებების დახვეწას, ასევე, წარმოების გაფართოებას, მომწოდებლების დივერსიფიკაციასა და ახალი ხაზების დამატებას, რადგან მუდმივი სიახლეების და მრავალფეროვნებაზე ზრუნვის გარეშე ფუჭი დარჩება ჩვენი სიტყვები, რომ პერსონი შინაგანი სამყაროს გამოხატვის გზებს ეძებს და პოულობს. თუმცა, მუდმივი აქტუალობისთვის საკმარისი არც ესაა, რადგან, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საქმიანობისას ვახერხებდეთ გამოვხატოთ, რისი თქმა სურდა ავტორს. სათქმელი კი ყოველთვის ბევრი გვაქვს და ახლა — განსაკუთრებით. ამიტომ, განახლებული პერსონით უფრო მეტს ვილაპარაკებთ იმაზე, რას ვფიქრობთ და რას ვგრძნობთ.
დღეისათვის პერსონი კერავს როგორც ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელსა და აქსესუარს, ასევე იუნისექს სამოსს. გასულ წელს ჩამონათვალს საბავშვო მიმართულება Person Kids, ექსპერიმენტალური სერიები Urban Person და სახის ნიღბების ქვებრენდი Easymask By Person დაემატა. უახლოეს მომავალში კი, როგორც თავად ამბობენ, სრულიად გამორჩეულ ახალ ხაზს და ურთიერთობების გაღრმავებას უნდა ველოდოთ.
კომენტარები