მუშავდება პირველი უნივერსალური ვაქცინა, რომელიც მომავალი კორონავირუსებისგანაც დაგვიცავს
წარმოიდგინეთ, როგორ განსხვავებულად წარიმართებოდა ჩვენი ცხოვრების ბოლო წელი, თუ თავიდანვე გვექნებოდა ვაქცინა, რომელიც SARS-CoV-2-ის პრევენციას მოახდენდა.
სწორედ ასეთ "პრევენციაზე" მუშაობენ მეცნიერები, რათა შემდეგი ვირუსები თავიდან აგვაცილონ. ჟურნალ New Scientist თქმით, მკვლევრების რამდენიმე ჯგუფი კორონავირუსის უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობს, ხოლო ადამიანებზე კლინიკური ცდები წელს დაიწყება.
თუ ვაქცინამ იმუშავა, მან შეიძლება დაგვიცვას COVID-19-ისგან, ისევე როგორც სხვა კორონავირუსებისგან, როგორიცაა SARS და MERS. მეტიც, ასეთი ვაქცინა ზოგიერთ ისეთ ვირუსზეც იმოქმედებს, რომელიც გაციებას იწვევს.
"კორონავიურსის სრული სპექტრისგან დასაცავად mRNA ვაქცინა გაერთიანებული სამეფოს ბიოტექნიკურმა კომპანიამ Conserv Bioscience-მა შეიმუშავა და ახლა შემდეგი ეტაპისთვის ვემზადებით. ეს მომავალში სხვა პანდემიებისგან დაგვიცავს", — თქვა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, კიმბელ დანკანმა.
მსგავს ვაქცინაზე სხვა მკვლევრებიც მუშაობენ. ერთ-ერთი ასეთია ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ეპიდემიოლოგი რალფ ბარიკი, რომელიც საკუთარ ვაქცინას ამუშავებს.
კორონავირუსებს აქვთ გარკვეული მსგავსება, მაგალითად, სპაიკ ცილები, რომლებიც ვირუსს უჯრედის დაინფიცირებაში ეხმარებიან. თუმცა, უნივერსალური ვაქცინა მხოლოდ სპაიკ ცილებს ვერ დასჯერდება. მას უფრო კომპლექსური "სამუშაოები" ექნება ჩასატარებელი.
New Scientist-ის თანახმად, მეცნიერები უკვე დიდი ხანია კორონავირუსის უნივერსალურ ვაქცინაზე ფიქრობენ. ამიტომ გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია. თუმცა, COVID-19-ის პანდემიის დაწყებამ საკითხი გაცილებით უფრო აქტუალური გახადა.
"წარმოიდგინეთ მაღალი პათოგენური კორონავირუსის შტამები, 10-დან 15 პროცენტამდე სიკვდილიანობით, რომელიც თითქმის ისეთივე გადამდები იქნება, როგორც COVID-19. ამის საფრთხე არსებობს და ჩვენ მისი პრევენცია აუცილებლად უნდა მოვახდინოთ", — უთხრა ბარიკმა New Scientist-ს
კომენტარები