ბნელი ენერგია, შეიძლება, სულაც არ არსებობდეს — კვლევა
მეცნიერების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სამყაროს 70% ბნელი ენერგიისგან შედგება, რომელიც სამყაროს გაფართეობაზეა პასუხისმგებელი. მაგრამ, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ახალი კვლევის ფარგლებში შექმნეს ახალი მოდელი, რომელიც გვთავაზობს, რომ სამყაროს გაფართოება არა ბნელ ენერგიასთან, არამედ ბნელ მატერიასთანაა დაკავშირებული, რომელსაც მაგნიტური თვისებები აქვს. მოდელი იმასაც გულისხმობს, რომ ბნელი ენერგია საერთოდ არ არსებობს.
ბნელ ენერგიას უკავშირდება კოსმოლოგიური მუდმივა, რომელიც აინშტაინმა 1917 წელს შემოიღო და რომელიც კოსმოსში განზიდვის უცნობ ძალას აღწერს. მაგრამ, ვინაიდან კოსმოლოგიური მუდმივა პირდაპირ არ იზომება, არაერთი მკვლევარი, მათ შორის აინშტაინი, ეჭვქვეშ აყენებდნენ და ახლაც აყენებენ ბნელი ენერგიის არსებობას. თუმცა, მათ არც რაიმე ალტერნატივა შემოუთაუვაზებიათ.
რასაც ვერ ვიტყვით კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევრებზე, რომლებმაც ბნელი ენერგია ბნელი მატერიის მაგნიტური ძალებით ჩაანაცვლეს.
"თუ ჩვენი აღმოჩენა სწორია, თუ ის, რაც გვეგონა, რომ სამყაროს 70%-ს შეადგენდა, საერთოდ არ არსებობს, მაშინ ეს სრულიად შეცვლის ჩვენ წარმოდგენას სამყაროს შესახებ. ჩვენ განტოლებიდან ბნელი ენერგია ამოვიღეთ და მის ნაცვლად შემოვიტანეთ ბნელი მატერიის რამდენიმე ახალი თვისება. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ამ თვისებების ეფექტი სამყაროს გაფართოებაზე იგივე იყო, რაც ბნელი ენერგიის შემთხვევაში", — განმარტავს სტინ ჰარლ ჰანსენი, ასოცირებული პროფესორი ნილს ბორის ინსტიტუტის DARK კოსმოლოგიის ცენტრიდან.
არსებული წარმოდგენით, სამყაროს 5%-ს ჩვეულებრივი მატერია წარმოადგენს, 25%-ს ბნელი მატერია, 70%-ს კი, ბნელი ენერგია. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევრების ახალი მოდელი კი გვთავაზობს, რომ სამყაროს 25% — ბნელი მატერია, ისეთი თვისებების მატარებელია, რომ ამის საფუძველზე, ის 70%, რომელიც ბნელი მატერიისგან შედგება, ჭარბია და მისი არსებობა უბრალოდ არაა საჭირო. ეს უკვე საკმარის საფუძველს იძლევა იმაზე დასაფიქრებლად, რომ იგი საერთოდ არ არსებობს.
"ამჟამად ბნელ მატერიაზე ბევრი არაფერი ვიცით გარდა იმისა, რომ მას მძიმე და ნელი ნაწილაკი წარმოადგენს. მაგრამ, შემდეგ დავფიქრდით — რა მოხდება, თუ ბნელ მატერიას მაგნეტიზმის ანალოგიური რაიმე თვისება გააჩნია? ჩვენ ვიცით, რომ მაგნეტიზმს ნორმალური მატერიის დამუხტული ნაწილაკების მოძრაობა იწვევს. მაგნიტები კი სხვა მაგნიტებს ან იზიდავენ, ან განიზიდავენ. ამიტომ, იქნებ სწორედ ეს ხდება სამყაროში? იქნებ ბნელი მატერიის მუდმივი გაფართოება მაგნიტურ ძალებთანაა დაკავშირებული?", — ამბობს სტინ ჰანსენი.
სწორედ ამ შეკითხვების საფუძველზე შექმნეს მეცნიერებმა ახალი კომპიუტერული მოდელი, სადაც მათ გამოიყენეს ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც სამყაროს შესახებ ჰქონდათ — გრავიტაცია, სამყაროს გაფართეობის სიჩქარე და X — უცნობი ძალა, რომელიც სამყაროს გაფართოებაზეა პასუხისმგებელი.
"ჩვენ მოდელი იმ დაშვებაზე დაფუძნებით შევქმენით, რომ ბნელი მატერიის ნაწილაკებს აქვთ რაღაც მაგნიტური ძალა, შემდეგ კი შევისწავლეთ, თუ რა ეფექტი ექნებოდა ამ ძალას სამყაროზე. აღმოჩნდა, რომ იგი სამყაროს გაფართოებაზე ზუსტად იგივე გავლენას ახდენს, რაც ამჟამინდელი გაგებით ბნელ ენერგიას აქვს", — განმარტავს სტინ ჰანსენი.
თუმცა, მკვლევრებს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ შესასწავლი. საჭიროა მათი მექანიზმის შემოწმება ისეთ მოდელებზე, რომლებიც უფრო მეტ ფაქტორს ითვალისწინებენ.
"გულწრფელად რომ ვთქვა, ჩვენი აღმოჩნება, შესაძლოა, ჩვეულებრივი დამთხვევა იყოს. მაგრამ, თუ ეს დამთხვევა არაა, მაშინ იგი ნამდვილად საოცარი რამაა. იგი სრულებით შეცვლის ჩვენ წარმოდგენას სამყაროს შესახებ და იმის შესახებ, თუ რატომ ფართოვდება იგი. ჩვენი იდეები ბნელი მატერიის შესახებ ისეთივე სიგიჟეა, როგორიც ბნელი ენერგიის არსებობა. მხოლოდ უფრო დეტალური დაკვირვებები დაგვეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ რომელი მოდელია უფრო რეალისტური. ამიტომ, ჩვენ მიერ მიღებული შედეგების შემოწმება ძალიან ამაღელვებელი იქნება".
კომენტარები