გამოვიზამთრეთ, ანუ როგორ გადავიტანეთ პანდემიის ცივი დღეები
ცოტაც და ბოლომდე გაზაფხულდება. გამოვალთ გრძელი ზამთრის ძილიდან. დავინახავთ მოშიშვლებულ ხეებზე წამოზრდილ ფოთლებს და ყავისფერი მიწიდან ამოსულ ყვავილებს. გადაიწმინდება ცაც. ღრუბლებიდან მზე გადმოგვხედავს, ოღონდ წამიერად კი არა, დიდი ხნით. ჩადგება ქარებიც, სულ სიცივე რომ მოაქვს.
ვირუსიან რეალობასაც ვუშველით რამეს: მაღაზიის რიგებში უამრავშრიან ტანსაცმელში დგომა ასეთი დამღლელი აღარ იქნება. დღის სინათლე 9 საათის დადგომამდე შენარჩუნდება. პირბადეებში ჩამალულ ჩვენს ცხვირებამდე მაინც მოაღწევს გამოღვიძებული ბუნების სუნი. ქუჩები ხალხით შეივსება და უზარმაზარი სკოლა-ბაღების შენობები, აქამდე ჩუმად რომ დაგვყურებდნენ, ძველებურად ახმაურდებიან.
მაგრამ სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდეს, ურიგო არ იქნება, თუ ჩვენ მიერ გადატანილ მძიმე თვეებს გარე დამკვირვებლის ცივი გონებით შევაფასებთ. ვაცნობიერებთ ამას თუ არა, განვლილმა ზამთარმა ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე გავლენა უსათუოდ იქონია. ამ ცვლილებების და მათი გამომწვევი მიზეზების გაანალიზებით კი ჩვენს თავებს ამოსუნთქვის უფლებასაც მივცემთ და — გამოვლენილი სიძლიერით სიამაყისაც.
აი, როგორ გადავიტანეთ პანდემიური ზამთარი:
მუდამ პრეპანდემიურ ცხოვრებაზე გვეფიქრებოდა
როცა ახალ მოგონებებს ვერ აგროვებ, ძალაუნებურად ძველ ცხოვრებაზე ფიქრი გეპარება. ამიტომ გასაკვირი არაა, თუ სახლში გამოკეტილებს ხშირად გვახსენდებოდა ის სივრცეები, რომლებთანაც ჩვენი პრეპანდემიური აქტიური ცხოვრება ასოცირდება.
ჩემთვის ასეთი ადგილი სკოლა იყო. იქ სწავლა შარშან დავამთავრე. ამის მიუხედავად, მთელი ზამთარი უცებ, საერთოდ არსაიდან გამახსენდებოდა, რომ ჩემს სახლთან ახლოს, რამდენიმე კილომეტრში, არის ერთი დიდი შენობა, რომელიც წესით სულ ხმაურში უნდა იყოს ჩაფლული, არადა, არაა.
იმ შენობაში ბევრი ოთახია — უმეტესობა ბავშვების ხელით დამზადებული დეკორაციებით არის გაფორმებული. კიდევ გრძელი დერეფნებია, რომლებსაც მწკრივად ფერადი კარადები მიუყვება — მათგან ერთ-ერთი ჩემიც იყო. და იქ უზარმაზარი, ყველაზე ხმაურიანი კაფეტერიაა, სადაც, ვირუსის წყალობით, თვეების განმავლობაში დაცარიელებულ მაგიდებთან უჩვეულო წესრიგით მილაგებული სკამები იდგა.
ამბობენ, ის მომენტი, როცა ყველაფერი შეიცვალა, გაცილებით მარტივად ჩაიბეჭდება ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში, ვიდრე ის დღე, როცა ცხოვრება ნორმალურ რიტმს დაუბრუნდებაო. თუმცა ჩემ შემთხვევაში ასე სულაც არ მომხდარა.
ვცდილობ, გავიხსენო, როგორი იყო სკოლაში გატარებული ბოლო დღე და არ მახსოვს. ისე უბრალოდ წამოვედი, როგორც ყველა სხვა დღეს — მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ხვალ სულ სხვანაირ, სადეზინფექციო ხსნარის სუნით გაჯერებულ სამყაროში გავიღვიძებდი. ეს იმის კარგი მაგალითია, რომ ზოგჯერ მეცნიერული კვლევებით დადგენილ ფორმულებში სულაც არ ეწერები და ამაში ცუდი ან საგანგაშო არაფერია.
ხელახლა ვისწავლეთ აწმყოს დაფასება
პანდემიურმა პირველმა ზამთარმა და ძვალ-რბილში გამჯდარმა სიცივეებმა, სხვა თუ არაფერი, ის მაინც გვასწავლა, რომ ხვალინდელი დღე არასოდესაა გარანტირებული. და რომ ყოველი დღე, ყველაზე უფერულიც კი, "ახლას" სულისკვეთებით უნდა ვიცხოვროთ. მაშინაც კი, როცა ძნელია ან უხერხულია, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და ბოლომდე ვთქვათ, ის, რაც არ გვასვენებს; ჩავეხუტოთ მათ, ვინც გვენატრებიან; გავაკეთოთ ის, რაც ძალიან გვინდა.
სახლში ჯდომით გაბეზრებულებმა, თავებს პირობა დავუდეთ, რომ მომავალში ჩვენს მყუდრო ბინებს დასასრულის გარდაუვალი შეგრძნებით დავტოვებთ ყოველ საღამოს — ექსტრაორდინალურად, პომპეზურად, დასამახსოვრებლად.
ვაღიარეთ, რომ ცუდად ვართ
თუმცა ის, რომ სამყაროზე კვალი უნდა დავტოვოთ, ჯერ მხოლოდ საკუთარი თავისადმი მიცემულ დაპირებად რჩება. პანდემიისას განსაკუთრებით რთულია საკუთარი ცხოვრებით და "ახლას" სულისკვეთებით ყოფნა. ამ პერიოდმა იმდენად გაგვაერთიანა ყველა, რომ ჩვენი ცხოვრება სხვებისაში ათქვიფა და უკლებლივ ყველა ერთ ქვაბში მოგვხარშა. შედეგად, ზოგიერთები ნაკლებად დავზარალდით და ზედაპირზე ტივტივი შევძელით, ზოგიერთები კი ვირუსიანმა რეალობამ მთლიანად ჩაგვძირა და ულმობლად ქვაბის ფსკერზე გაგვამწესა.
მაგრამ ამის გამო თავები სუსტებად და წარუმატებლებად არ უნდა ვიგრძნოთ. გაიხსენეთ, რისი გადატანა მოგვიწია. გასულ შემოდგომას, ინფიცირებულთა ყოველდღიური რიცხვი რომ ხუთი ათასამდე ადიოდა, ეკრანებზე გამოჩენილი დაბნეული ადამიანები მშვიდი და სერიოზული სახის შენარჩუნებას ცდილობდნენ. ამას დამატებულმა პოლიტიკურმა არეულობამ, არჩევნების სტრესმა, ადამიანთა პოლარიზაციამ კი ერთიანობის შეგრძნებაც მოგვისპო.
მხოლოდ ერთი რამ დარჩა საყოველთაო — შიში. ის გადავსებული საავადმყოფოებით, არასაკმარისი სასწრაფოს მანქანებით, ასად გახლეჩილი ექიმების სტრესით, დაკარგულ სამსახურებზე დარდით იკვებებოდა. დაიხურა ბიზნესები, ადამიანები სახლში გამოიკეტნენ. ჩვენ ყოველდღე ახალი ნაცნობის ინფიცირების შესახებ გვესმოდა და სულ უფრო ცხადად ვიაზრებდით, რომ ვირუსი, ჯერ მაინც უცხო და ახალი, უფრო და უფრო გვიახლოვდებოდა.
ჩვენ კიდევ მაინც აქ ვართ. გამოვიზამთრეთ.
შეცვლილ რეალობასთან შეგუება დავიწყეთ
შემოდგომას კიდევ უფრო პირქუში ზამთარი მოჰყვა: პროდუქტებზე ფასებმა აიწია და ამის პარალელურად უმუშევრობის დონეც 20.4%-მდე გაიზარდა. ქუჩებში სეირნობისას ყოველ ნაბიჯზე გვხვდებოდა დაცარიელებულ ვიტრინაზე გაკრული "ქირავდება". წარმოდგენაც კი რთულია, როგორ შეძლეს ცივი ზამთრის გადაგორება იმ ადამიანებმა, რომლებიც ნორმალური დროებისას ამ ვიტრინების მიღმა მუშაობდნენ. მათ არ ეცალათ საკუთარი თავისთვის, საკუთარი ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობის მისახედად. ისინი ყოველდღე გადარჩენისთვის იბრძოდნენ, ეს იყო მათი ერთადერთი სადარდებელი. მაგრამ მაინც გამოიზამთრეს.
ზოგი ბავშვი ისე შევიდა სკოლაში, რომ საკლასო ოთახი თვალით არ უნახავს. პანდემიის წყალობით პატარები სოციალიზაციას მოკლებულები იზრდებიან და იმ აუცილებელი უნარების განვითარების შესაძლებლობას კარგავენ, რომლებიც საზოგადოების სრულფასოვან წევრად ქცევაში დაეხმარებათ. ბავშვებმა ცივი ზამთარი და თოვლიანი დღეები მეგობრების გარეშე გაატარეს, იმ ახალი უცხო სიტყვების მნიშვნელობების გარკვევის მცდელობებში, ამ ბოლო დროს სულ რომ ესმოდათ: კლასტერი, ლოქდაუნი, კარანტინი, შტამი. მაგრამ მაინც გამოიზამთრეს.
ზამთრის კარანტინი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძოდნენ და ყოველი დღე და ყოველი ღამე პირად მონსტრებთან გამკლავება უწევდათ. ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დამსახურებით, მათ, ფაქტობრივად, იმ ყველაფერთან გამომშვიდობება მოუხდათ, რაც აქამდე მდგომარეობას ცოტათი მაინც უმსუბუქებდათ: სავარჯიშო დარბაზები, აუზები, კინო-თეატრები, კაფე-ბარები, ყველაფერი დაიკეტა. ისინი საკუთარ თავებთან მარტო დარჩნენ. მაგრამ მაინც გამოიზამთრეს.
საკუთარი თავებისა და სხვებისადმი მეტად გულისხმიერები გავხდით
პანდემიის პირველი ტალღისას მთელი მსოფლიო კარანტინისეული დროის პროდუქტიულად გამოყენებაზე ალაპარაკდა. მაგრამ როცა ყველაფერი თავდაყირა დგება, ძალიან რთულია, მხოლოდ საკუთარ თავსა და სულიერ განვითარებაზე იფიქრო. ვის სცალია პიროვნული ზრდისთვის, როცა ელემენტარული რაღაცები გაკლია და ნორმალური ცხოვრება აღარ გაქვს.
მაგრამ იმასაც მივხვდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სურვილი ბოლომდე არ ჩავკლათ. თანაც, საკუთარ თავზე ზრუნვით სხვების დახმარებისთვის საჭირო ძალების მოკრებაც შესაძლებელი ხდება. ამისათვის კი მუდმივად წინ უნდა ვიყუროთ, განვითარებისთვის ვიბრძოლოთ. მგონია, რომ ასეც მოვიქეცით — სხვანაირად ვერ გამოვიზამთრებდით.
მომავალს ისევ იმედიანად შევხედეთ
"გამოზამთრება" — ძალიან კარგი სიტყვა გვაქვს ქართულში. ის შვების მომგვრელია, რადგან ზამთრისგან, სიცივისგან, ყინვებისგან თავის დაღწევას გულისხმობს. მას დასასრულის დასაწყისისა და დაპირებული გაზაფხულის სიმშვიდე მოაქვს.
ამიტომ ვამბობ სიამაყით: გ ა მ ო ვ ი ზ ა მ თ რ ე თ. ანუ პირველი უჩვეულო და პანდემიური ზამთარი გადავაგორეთ. და ძალიან ძლიერები ვართ, რომ აქამდე მოვედით.
ახლა ვაქცინა გზაშია. ნელ-ნელა ასეთ რეალობასთან ცხოვრებასაც ვსწავლობთ. უკეთ გავხდებით. დედამიწაც გახდება უკეთ. და, მართალია, ქარები ჯერ კვლავ ცივად უბერავენ, მაგრამ ახალი ენერგიისთვის ზუსტად ასეა საჭირო. ჩვენ ამ ქარს გავატანთ იმ ბურუსს, ყველა კარგ ამბავს რომ ფარავდა და ხელს რომ გვიშლიდა ცხოვრების ნათელი მხარეების დანახვაში.
და როცა ქალაქს სიმწვანე დაუბრუნდება, ჩვენც მივხვდებით, რომ სულ მალე გამოზაფხულდება.
კომენტარები